IELTS: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

Written in

by

თუ საზღვარგარეთ სწავლას, მუშაობას ან ცხოვრებას გეგმავთ, აუცილებლად გაიგებდით ტერმინს IELTS (გამოითქმის, როგორც „აიელთს“). „ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა“ (International English Language Testing System, IELTS) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანდო სტანდარტიზებული ტესტია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი კანდიდატი აბარებს. ამ სტატიაში მოგიყვებით, ზუსტად რა არის IELTS, რისთვის გჭირდებათ იგი, რა შემთხვევაში უნდა შეაჩეროთ არჩევანი მასზე და როგორ უნდა მოემზადოთ ჩასაბარებლად.

რა არის IELTS გამოცდა?

IELTS გამოცდა ინგლისური ენის სტანდარტიზებული მრავალდონიანი ტესტია, რომელიც ენობრივი კომპეტენციის ოთხივე ძირითად უნარს აფასებს: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი. იგი ფართოდაა აღიარებული: მის შედეგებს 140-ზე მეტი ქვეყნის 11,000-ზე მეტი ორგანიზაცია ცნობს, მათ შორისაა უნივერსიტეტები, დამსაქმებლები, საიმიგრაციო ორგანოები და პროფესიული ორგანიზაციები.

არსებობს ორი ტიპის IELTS ტესტი, რომლებსაც განსხვავებული მიზნობრიობა აქვთ:

  1. IELTS Academic (IELTS აკადემიური): განსაზღვრულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ან პროფესიული რეგისტრაციის (პროფესიონალი, რომელსაც საზღვარგარეთ საკუთარი პროფესიით, ოფიციალურად სურს მუშაობა) მსურველი კანდიდატებისთვის.
  2. IELTS General Training (IELTS ზოგადი): გამიზნულია ინგლისურენოვან ქვეყნებში (მაგ., ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი) ემიგრაციის მსურველთათვის, სასკოლო განათლების საზღვარგარეთ გასაგრძელებლად და სამუშაო გამოცდილების მისაღებად ინგლისურენოვან ქვეყნებში.

მოკლე ისტორია

ინგლისურის, როგორც მეორე ენის მოსაუბრეთა შეფასების სტანდარტიზაციის საჭიროება დიდი ხნის განმავლობაში იდგა. IELTS გამოცდას ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სწორედ აღნიშნულ საჭიროებას უკავშირდება. 1980 წელს ბრიტანეთის საბჭომ, კემბრიჯის ინგლისური ენის შეფასების განყოფილებამ და ავსტრალიის საერთაშორის განვითარების პროგრამამ ერთობლივად შემოიღო ELTS (ინგლისური ენის ტესტირების სერვისი, English Language Testing Service). ეს იყო IELTS-ის წინამორბედი, რომელიც აკადემიური და პროფესიული მიზნებისთვის ინგლისური ენის კომპეტენციის დონეს ამოწმებდა. 1989 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად ELTS გახდა IELTS (ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა, International English Language Testing System), განახლდა ტესტის ფორმატი და იგი უფრო რელევანტური და ყოვლისმომცველი გახდა. 1995 წელს გამოცდაში კვლავ შევიდა ცვლილებები: შემოიღეს სტანდარტიზებული შეფასების სისტემა (Band score system, „დიაპაზონური“ შეფასების სისტემა) და საუბრის ტესტის პირისპირ ინტერვიუს ფორმატი, რომელიც დღემდე IELTS გამოცდის უნიკალური მახასიათებელია. 2001 წელს შემოიღეს ზოგადი მოდული, რამაც განავრცო IELTS გამოცდის მნიშვნელობა და მისი გამოყენება მიგრაციასთან და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებითაც გახადა შესაძლებელი. ამჟამად IELTS-ის სტანდარტი გლობალურად არის აღიარებული სამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და დამსაქმებლების მიერ. მისი ფორმატი და შეფასების სისტემა მუდმივი გადახედვის საგანია, რათა გამოცდა შესაბამისობაში იყოს ენობრივი კომპეტენციის შეფასების თანამედროვე მოთხოვნებთან.

IELTS ტესტის სტრუქტურა

IELTS გამოცდა დაახლოებით 2 საათი 45 წუთი გრძელდება. ტესტი ოთხ სექციად არის დაყოფილი, რომელთაგანაც თითოეული ინგლისური ენის კომპეტენციის კონკრეტულ უნარს აფასებს:

  1. მოსმენა (30 წუთი + 10 წუთი პასუხების ფურცელზე პასუხების გადასატანად):

მოიცავს 40 შეკითხვას, რომელიც ოთხ ჩანაწერზეა განაწილებული (მონოლოგები და დიალოგები). გამოყენებულია სხვადასხვა აქცენტები (მაგ., ბრიტანული, ამერიკული, ავსტრალიური), რათა გამოცდა რეალურ სამყაროში ინგლისური ენის გამოყენებას ასახავდეს. კანდიდატი ჩანაწერს მხოლოდ ერთხელ ისმენს.

შეკიხვები შეიძლება იყოს ე.წ. „ტესტური“ (მრავალვარიანტიანი, multiple-choice); შეიძლება ითხოვდეს მისადაგებას (matching), წინადადების შევსებას, ცხრილის შევსებას, მოკლე (ერთ ან ორსიტყვიან) პასუხებს და ა.შ.

  1. კითხვა (60 წუთი):

მოიცავს 40 შეკითხვას. აკადემიურ ტესტში კითხვის სექცია სამ გრძელ ტექსტს მოიცავს, რომლებიც წიგნებიდან, ჟურნალებიდან და გაზეთებიდანაა აღებული. ზოგადი მოდულის კითხვის სექციაში კი სარეკლამო და სხვა სახის განცხადებები, სამსახურეობრივი შინაარსის ტექსტები და სახელმძღვანელო მითითებები გვხვდება.

ისევე, როგორც მოსმენის ნაწილში, შეკითხვები შეიძლება იყოს ე.წ. „ტესტური“ (მრავალვარიანტიანი, multiple-choice); შეიძლება ითხოვდეს მისადაგებას (matching), წინადადების შევსებას, ცხრილის შევსებას, მოკლე (ერთ ან ორსიტყვიან) პასუხებს და ა.შ. რამდენადაც წასაკითხი ტექსტები კანდიდატისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია, კითხვის სექციაში, მოსმენის სექციისგან განსხვავებით, იგივე ტიპის შეკითხვები შედარებით რთული შეიძლება იყოს.

  1. წერა (60 წუთი)

წერის სექციაში ორი დავალებაა. აკადემიურ მოდულში პირველი დავალება დიაგრამის, გრაფიკის, ცხრილის ან სქემის საშუალებით გადმოცემული მონაცემების ანალიზსა და აღწერას მოიცავს, ხოლო მეორე დავალება არის არგუმენტირებული ესსე. ზოგად მოდულში პირველი დავალება ფორმალური ან არაფორმალური წერილია, ხოლო მეორე დავალება – ესსე.

  1. საუბარი (11–14 წუთი):

საუბრის ტესტი არის პირისპირ გასაუბრება (ინტერვიუს ფორმატი) გამომცდელთან და იგი სამი ნაწილისგან შედგება: (1) შესავალი და მოკლე კითხვა-პასუხი; (2) მოკლე მონოლოგი საგამოცდო ბილეთში მოცემულ საკითხზე; (3) დისკუსია-საუბარი საგამოცდო ბილეთში მოცემული საკითხის ირგვლივ.

მოსმენის, კითხვის და წერის სექციები ერთმანეთის მიყოლებით, ერთ დღეს ტარდება. საუბრის ნაწილი შეიძლება დაიგეგმოს გამოცდის დღეს, ან ორი კვირის ფარგლებში გამოცდამდე ან გამოცდის შემდეგ. ტესტირების პასუხები, როგორც წესი, ბოლო სექციის ჩაბარებიდან 2 კვირაშია ხელმისაწვდომი. ტესტის ფორმატის შესახებ დამატებითი დეტალები და მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შეფასების სისტემა

IELTS გამოცდა 9 დიაპაზონისგან შემდგარ სისტემას იყენებს. თითოეული დიაპაზონი („სარტყელი“) ენობრივი კომპეტენციის გარკვეულ დონეს შეესაბამება. კანდიდატები თითოეულ სექციაში ცალ-ცალკე იღებენ დიაპაზონურ ქულას, ხოლო საერთო დიაპაზონური ქულა ოთხივე კომპონენტში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით იანგარიშება და ნახევარდიაპაზონამდე მრგვალდება (მაგალითად, 6.5).

დიაპაზონების აღწერა:

  • Band 9: Expert user (ექსპერტი) (≈C2)
  • Band 8: Very good user (ძალიან კარგი) (≈C1-C2)
  • Band 7: Good user (კარგი) (≈B2)
  • Band 6: Competent user (კომპეტენტური) (≈B1-B2)
  • Band 5: Modest user (საშუალო) (≈B1)
  • Band 4: Limited user (შეზღუდული) (≈A2)
  • Band 3: Extremely limited user (უკიდურესად შეზღუდული)
  • Band 2: Intermittent user (სუსტი)
  • Band 1: Non-user (ვერ იყენებს ენას)
  • Band 0: Did not attempt the test (არ უცდია ტესტის ჩაბარება)

აქ მოცემულია დიაპაზონების უფრო დეტალური აღწერა.

IELTS ტესტის შედეგი ვალიდურია ტესტის ჩაბარების დღიდან 2 წლის განმავლობაში.

როგორც ითქვა, არსებობს IELTS ტესტის ორი, აკადემიური და ზოგადი, მოდული. აკადემიური მოდულის არჩევა დაგჭირდებათ, თუ უნივერისტეტში ჩაბარებას ან აკადემიურ გარემოში მუშაობას (სწავლებას, კვლევას და ა.შ.) აპირებთ. ზოგადი მოდული იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ სხვა ქვეყანაში ემიგრაციას, მუშაობას და ზოგადი განათლების მიღებას აპირებთ და უფრო მეტად ინგლისური ენის ყოველდღიური, პრაქტიკული მხარე გაინტერესებთ. როგორც წესი, თუ IELTS აკადემიური მოდული გაქვთ, ზოგადი მოდულის ჩაბარება აღარ გჭირდებათ, რადგან ითვლება, რომ აკადემიური შედეგის მქონე კანდიდატი ზოგადი მოდულით გათვალისწინებულ კომპეტენციას ფლობს, თუმცა, ამგვარი დეტალების ტესტის შედეგებით მოსარგებლე ორგანიზაციასთან (მაგალითად, დამსაქმებელი, რომელიც კანდიდატისგან IELTS ტესტის ჩაბარებას ითხოვს) გადამოწმება კარგი აზრია. სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

IELTS გამოცდაში წარმატებით მოსამზადებლად შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია:

  1. კარგად გაერკვიეთ ტესტის ფორმატში: თუ ტესტის სტრუქტურას, შეკითხვების ფორმატს, ტექსტების და მოსასმენი მასალის ტიპებს კარგად არ იცნობთ, ტესტირების დღეს სიურპრიზები გელით.
  2. გამოიყენეთ ოფიციალური რესურსები: ხელმისაწვდომია საკმაოდ დიდი რაოდენობის სახელმძღვანელოები, მათ შორის ბევრი თავად კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ არის გამოცემული. არსებობს ოფიციალური სავარჯიშო მასალებიც, მათ შორის, აქ. ავთენტური მასალების გამოყენება გადამწყვეტია წარმატების მისაღწევად.
  3. ივარჯიშეთ ოთხივე კომპონენტში: საერთო ქულა ოთხივე კომპონენტის საშუალო არითმეტიკულია. გარდა ამისა, ბევრი დაწესებულება, განსაკუთრებით, აკადემიურ მოდულში, კონკრეტულ კომპონენტებშიც აწესებს ზღვარს (მაგალითად, Band 7 საერთო, არანაკლებ 6.5 წერის კომპონენტში). ამიტომ, დარწმუნდით, რომ მომზადების პროცესში მოსმენას, კითხვას, წერას და საუბარს თანაბარ დროს უთმობთ.
  4. საგამოცდო გარემოს სიმულირება: აუცილებელია, რომ ხშირად წეროთ ტესტები გამოცდასთან მაქსიმალურად მიახლოვებულ გარემოში, რაც, პირველ რიგში, კომპონენტების და დავალებების დროში გაკეთებას გულისხმობს.
  5. რაც მთავარია, იპოვეთ გამოცდილი მასწავლებელი ან სასწავლო ცენტრი. ვერავინ დაგეხმარებათ ყველა ზემოთჩამოთვლილი პირობის შესრულებაში ისე, როგორც კარგი მასწავლებელი.

რეგისტრაცია და ტესტირების დღე

საქართველოში IELTS გამოცდისთვის რეგისტრაცია თავად IELTS რეგისტრაციის პორტალზე ან ბრიტანეთის საბჭოს საიტზე შეგიძლიათ. ტესტირების ღირებულება ამჟამად 680 ლარია. საქართველოში IELTS ტესტი (ისევე, როგორც კემბრიჯის ყველა გამოცდა) მხოლოდ თბილისში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით ბარდება.

ტესტირების დღეს გამოცხადდით ადრე, გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი ვალიდური საბუთი, თან გქონდეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები, რადგან ტელეფონები, ჩანთები და ა.შ. საგამოცდო სივრცეში არ დაიშვება. იყავით მშვიდად, ნუ იქნებით დაძაბული და ნუ იფიქრებთ ზედმეტს. IELTS იოლი ტესტი არ არის, თუმცა მისი დავალებების ინსტრუქციები საკმაოდ მარტივია და ზედმეტ განსჯას არ მოითხოვს.  

IELTS გამოცდის წარმატებით ჩაბარებამ, შესაძლოა, უამრავი კარიერული თუ აკადემიური გზა გაგიხსნათ. გაგიჭირდებათ, სადმე იპოვოთ პრესტიჟული უნივერსიტეტი ან კვლევითი დაწესებულება, რომელიც ამ ტესტის შედეგებს არ ცნობს. ბევრი ქვეყანა, მათ შორის, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია სავიზო განაცხადების პროცესში IELTS გამოცდის ჩაბარებას ითხოვს. ასევე, დამსაქმებლები პოტენციური კადრების განხილვის პროცესში კანდიდატების მიერ ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისას უპირობოდ ენდობიან IELTS ტესტის შედეგებს.

IELTS გამოცდისთვის მომზადება შრომატევადი პროცესია, თუმცა სწორი დაგეგმვით, შესაბამისი რესურსებით და კარგი მასწავლებლის ხელმძღვანელობით ამ გამოწვევის დაძლევა ყველასთვის შესაძლებელია.

წაიკითხეთ ეს ბლოგი ინგლისურად.

Tags

Categories

One response to “IELTS: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ”

  1. […] შეფასების დეპარტამენტი მონაწილეობს, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ აქ სხვა გამოცდებს […]

    Like

Leave a comment

Wait, does the nav block sit on the footer for this theme? That’s bold.