კემბრიჯის შეფასების დეპარტამენტი (Cambridge Assessment) კემბრიჯის უნივერსიტეტის განყოფილებაა, რომლის მოვალეობაც სხვადასხვა სახის საკვალიფიკაციო გამოცდების და სასწავლო კურსების შემუშავება და მართვაა. მისი გამოცდები ადამიანებს მთელს მსოფლიოში ეხმარება საგანმანათლებლო და კარიერული მიზნების მიღწევაში. განყოფილება 1858 წელს დაარსდა და უკვე დიდი ხანია, რაც მისი გამორჩეული რეპუტაცია სადავო არავისთვისაა.

შესაბამისად, კემბრიჯის შეფასების განყოფილების ინგლისური ენის გამოცდები მთელს მსოფლიოშია აღიარებული. გამოცდები სხვადასხვა ფუნქცის და შინაარსისაა; ორიენტირებულია აკადემიურ, პროფესიულ თუ ზოგად ინგლისურზე. თუ თქვენ საზღვარგარეთ სწავლას აპირებთ, ან კარიერული წინსვლისთვის სერტიფიკატი გჭირდებათ, ან, უბრალოდ, თქვენი ცოდნის შემოწმება გსურთ, კემბრიჯის გამოცდებიდან რომელიმე აუცილებლად გამოგადგებათ, თუმცა, გამოცდის სწორად შერჩევა არცთუ მარტივი პროცესია. ამ ბლოგის მიზანია, გაგაცნოთ კემბრიჯის გამოცდები და დაგეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში. (IELTS გამოცდაზე, რომლის შექმნასა და ადმინისტრირებაში, ასევე, კემბრიჯის შეფასების დეპარტამენტი მონაწილეობს, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ამიტომ აქ სხვა გამოცდებს შევეხებით).
კემბრიჯის გამოცდების მიზანია კანდიდატის ენობრივი კომპეტენციის შემოწმება სხვადასხვა უნარებისა და კომუნიკაციური კონტექსტის მიხედვით. გამოცდები შეესაბამება საერთოევროპული ჩარჩოს (CEFR) მიერ განსაზღვრულ დონეებს A1-დან C2-ის ჩათვლით. კემბრიჯის თითოეული გამოცდა კონკრეტულ CEFR დონეს შეესაბამება და ამდენად, ეს გამოცდები ენის ფლობის სანდო და მარტივად ინტერპრეტირებადი, ყველასთვის ცხადი მაჩვენებელია განათლების, კარიერული, საიმიგრაციო თუ სხვა მიზნებისათვის.
კემბრიჯის გამოცდები რამდენიმე მიზეზითაა გამორჩეული:
- გლობალური აღიარება: კემბრიჯის გამოცდებს აღიარებენ უნივერსიტეტები, დამსაქმებლები და საიმიგრაციო ორგანოები მსოფლიოს მასშტაბით.
- უვადო ვარგისიანობა: ბევრი სხვა გამოცდისგან განსხვავებით (მაგალითად, IELTS და TOEFL), კემბრიჯის გამოცდების სერტიფიკატები უვადოა, რის გამოც, გრძელვადიან პერიოდში, მათში ინვესტირება კარგი აზრია. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო ჯამში, სერტიფიკატების ვარგისიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მისით მოსარგებლე (უნივერსიტეტი, დამსაქმებელი და ა.შ.) იღებს. მიუხედავად უვადობისა, კონკრეტული დამსაქმებელი თუ უნივერსიტეტი, შესაძლოა, 2 ან 3 წელზე უფრო ძველი სერტიფიკატით არ დაკმაყოფილდეს.
- ყოვლისმომცველი ტესტირება: კემბრიჯის გამოცდები კანდიდატს ენობრივი კომპეტენციის ოთხივე კომპონენტში აფასებს — კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი — ამიტომ მისი საშუალებით მიღებული შეფასება ენის ფლობის კარგი საერთო ინდიკატორია.
- რელევანტურობა რეალურ ცხოვრებაში: კემბრიჯის გამოცდები ინგლისური ენის პრაქტიკულ, ცხოვრებისეული გამოყენების უნარებს აფასებს და არა მხოლოდ თეორიულ ან აკადემიურ ცოდნას, რის გამოც ითვლება, რომ კარგი შედეგის მქონე კანდიდატი მზადაა, ენა სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში ეფექტურად გამოიყენოს.
დამატებითი ინფორმაცია კემბრიჯის გამოცდების სარგებლიანობის შესაებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ქვემოთ ჩამოთვლილია კემბრიჯის ინგლისური ენის ყველაზე პოპულარული გამოცდები დონეების მიხედვით, ყველა გამოცდას თან ახლავს ოფიციალური ლინკი დამატებითი ინფორმაციისთვის. ახალგაზრდა შემწავლელთა ინგლისურის გამოცდები (Young Learners English – YLE) განკუთვნილია 6-12 წლის ასაკის მოსწავლეებისათვის; გამოცდების სასკოლო ვერსია (for schools) სასკოლო ასაკის კანდიდატებისთვისაა განკუთვნილი და შინაარსითაც სასკოლო გარემოს შესაბამისია.
Pre-A1 Starters, A1 Movers, and A2 Flyers (Young Learners English – YLE)
A2 Key (KET) and A2 Key for Schools (A2 Key)
B1 Preliminary (PET) and B1 Preliminary for Schools (B1 Preliminary)
B2 First (FCE) and B2 First for Schools (B2 First)
C1 Advanced (CAE) (C1 Advanced)
C2 Proficiency (CPE) (C2 Proficiency)
კემბრიჯის ყველა გამოცდას ერთმანეთის მსგავსი სტრუქტურა აქვს და ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
- Reading and Use of English (კითხვა და ინგლისურის გამოყენება): ეს კომპონენტი ამოწმებს წაკითხული ტექსტის გააზრების უნარს და კანდიდატის გრანატიკულ/ლექსიკურ ცოდნას.
- Writing (წერა): მოითხოვს წერილების, ესსეების, მოხსენებების და მიმოხილვების დაწერას.
- Listening (მოსმენა): ამოწმებს ინგლისურად საუბრის გაგების უნარს. მოსასმენი მასალა მრავალგვარი შინაარსისაა, გამოყენებულია ინგლისური ენის განსხვავებული აქცენტები და სხვადასხვა კომუნიკაციური კონტექსტები.
- Speaking (საუბარი): აფასებს საუბრის უნარს და ტარდება წყვილებში.
დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ, აქ ნახოთ.
შეფასების სისტემა
კემბრიჯის გამოცდების შეფასების სისტემაში გარკვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც ითქვა, აღნიშნული გამოცდები (ა) უვადოა და (ბ) კონკრეტულ CEFR დონეს შეესაბამება. ამის გამო, ყველა მათგანს გააჩნია შეფასების სხვადასხვა ზღვარი, რომლის ზემოთ ან ქვემოთ მიღებული ქულა სხვადასხვაგვარ შედეგს განსაზღვრავს.
გამოცდების უმეტესობაში შესაძლებელია სერტიფიკატის მიღება ტესტის დასახელებაში მოცემული დონის ერთი დონით ზემოთ. (მაგალითად, თუ FCE, ანუ B2 დონის გამოცდაში ძალიან მაღალ ქულას აიღებთ, სერტიფიკატში C1 დონე მიეთითება). მაგრამ, უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ თუ კონკრეტული ტესტით განსაზღვრული მინიმალური ზღვარი ვერ გადაილახება, სერტიფიკატი საერთოდ არ გაიცემა და კანდიდატს გამოცდაზე გასვლისთვის გადახდილი თანხაც ეკარგება.
ქვემოთ მოცემულია კომპეტენციის ზღვრები თითოეული გამოცდისთვის შესაბამის შედეგებთან ერთად:
Young Learners English (YLE) Exams
Pre-A1 Starters, A1 Movers და A2 Flyers, ანუ 6-12 წლის ასაკის კანდიდატებისთვის განსაზღვრული გამოცდების მიზანი ახალგაზრდა გამოსაცდელთა წახალისებაა, შესაბამისად, აქ „ჩაბარების“ ან „ჩაჭრის“ კატეგორიები არ განიხილება. ნაცვლად ამისა, სერტიფიკატებზე მითითებულია „გერბების“ („shields“) რაოდენობა (1–5), რომელიც თითოეულ კომპონენტში ცალ-ცალკეა მინიჭებული.
A2 Key (KET) და A2 Key for Schools
- Grade A (140–150): სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე B1.
- Grade B და Grade C (120–139): სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე A2.
- <120: სერტიფიკატი არ გაიცემა.
B1 Preliminary (PET) და B1 Preliminary for Schools
- Grade A (160–170): სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე B2.
- Grade B and Grade C (140–159): სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე B1.
- <140: სერტიფიკატი არ გაიცემა.
B2 First (FCE) and B2 First for Schools
- Grade A (180–190): სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე C1.
- Grade B და Grade C (160–179): სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე B2.
- 140–159: სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე B1.
- <140: სერტიფიკატი არ გაიცემა.
C1 Advanced (CAE)
- Grade A (200–210): სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე C2.
- Grade B და Grade C (180–199): სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე C1.
- 160–179: სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე B2.
- <160: სერტიფიკატი არ გაიცემა.
C2 Proficiency (CPE)
- Grade A, B, C (200–230): სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე CEFR C2.
- 180–199: სერტიფიკატზე ნაჩვენებია დონე C1.
- <180: სერტიფიკატი არ გაიცემა.
როგორ ავირჩიოთ?
კემბრიჯის გამოცდებიდან თქვენთვის შესაფერისი გამოცდის არჩევისას, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ინგლისურის დონე. ამის გაკეთება გამოცდილ მასწავლებელს შეუძლია, თუმცა, კარგი აზრია CEFR-ის თვითშეფასების ხელსაწყოს გამოყენებაც. ასევე, განსაზღვრეთ თქვენი მიზნები: აკადემიური, პროფესიული თუ უბრალოდ, სამოგზაურო და ა.შ. ასევე, როგორც ვნახეთ, ზოგიერთ გამოცდას ასაკობრივი ვარიანტებიც აქვს, რაც, ასევე, მხედველობაში მისაღებია.
როგორ მოვემზადოთ
როგორც ნებისმიერი სხვა გამოცდის შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია მომზადება კემბრიჯის ოფიციალური სახელმძღვანელოებით და სავარჯიშო ტესტებით. მათი ნახვა და შეძენა აქ შეგიძლიათ. ასევე, არსებობს ონლაინ რესურსებიც, მაგალითად, აქ. ზოგიერთი მათგანი უფასოა.
რაც მთავარია, იპოვეთ კარგი მასწავლებელი ან სასწავლო ცენტრი. ისინი მასალებითაც მოგამარაგებენ და უამრავ საჭირო რჩევასაც მოგცემენ. ასევე, კარგ მასწავლებელთან ხშირად ტარდება იმიტირებული ტესტები ოფიციალური მასალებით ავთენტურთან მიახლოვებულ გარემოში.
რეგისტრაცია და ღირებულება
კემბრიჯის გამოცდებზე რეგისტრაცია შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე. გარდა ამისა, გამოცდისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ბრიტანეთის საბჭოს საიტზე. აქვე იხილავთ დეტალურ ინსტრუქციებს და ინფორმაციას გამოცდების ღირებულების შესახებ. (ამჟამად, საფასური, დონეების მიხედვით, 185-დან 595 ლარამდე მერყეობს).
კემბრიჯის გამოცდების ჩაბარება თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დადასტურების სანდო და საყოველთაოდ მიღებული გზაა, ხოლო ამ ყოვლისმომცველ, პრაქტიკულ და უვადო ვარგისიანობის გამოცდებში, ისევე, როგორც მათთვის მომზადებაში დახარჯული დრო და თანხა უდავოდ გონივრული ინვესტიციაა. იმედია, ეს ბლოგი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
შემდეგ კვირაში უკვე ამერიკული გამოცდის – TOEFL-ის შესახებ ინფორმაციით დაგიბრუნდებით.
Leave a comment