
1915 წლის 7 მაისს კორკის საგრაფოს დასავლეთით ჩაიძირა სამეფო საფოსტო გემი „ლუსიტანია“. ბორტზე მყოფ და დაღუპულ მგზავრთა შორის იყო 40 წლის ირლანდიელი არტ-დილერი და კოლექციონერი ჰიუ ლეინი, რომელსაც 1908 წელს უკვე მოესწრო თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალური გალერეის გახსნა დუბლინში. დროებით გამოყოფილ შენობაში განთავსებული კოლექცია ლეინის ანდერძით ლონდონის ეროვნულ გალერეას ეკუთვნოდა, თუმცა, მისივე ანდერძის დანართით, 39 ნახატისგან შემდგარი კოლექცია, რომელშიც დეგას, მონეს, პისაროს, რენუარის და სხვათა შედევრები შედიოდა, დუბლინს უნდა გადასცემოდა იმ პირობით, რომ უახლოეს 5 წელიწადში, ანუ 1913 წლამდე, მუნიციპალიტეტი ამ მიზნისთვის ახალ შენობას ააგებდა.
ქალაქის ხელისუფლებამ და დუბლინის კორპორაციამ ახალი გალერეის მშენებლობის დაფინანსებაზე უარი თქვეს. ლეინი ისე გარდაიცვალა, რომ ახალი გალერეის აშენებას ვერ მოესწრო და აღნიშნული კოლექცია, საბოლოოდ, ლონდონში აღმოჩნდა.
Romantic Ireland’s dead and gone, it’s with O’Leary in the grave. – ასე გამოეხმაურა ამ ამბავს გაბრაზებული და იმედგაცრუებული უილიამ ბატლერ იეტსი 1913 წელს The Irish Times-ში გამოქვეყნებულ ლექსში, რომელსაც მაშინ გრძელი სახელი ერქვა: „Romance in Ireland (On reading much of the correspondence against the Art Gallery)“. მოგვიანებით, 1914 წელს ლექსი ორ სხვადასხვა კრებულში შევიდა სახელით „რომანტიკული ირლანდია“, საბოლოოდ კი, 1916 წლიდან მას ვიცნობთ სახელით „სექტემბერი 1913“.
ლექსი, რომელიც სიძუნწის, კონსიუმერიზმის და პოლიტიკური ახლომხედველობის სამსხვერპლოზე მიტანილ ეროვნულ ხელოვნებასა და კულტურას დასტირის, იეტსის პირველი ლექსია, რომელიც ვთარგმნე. ლექსის ყველაზე სახასიათო ნაწილი მისი ზემოხსენებული რეფრენია, რომელიც სამივე სტროფს ასრულებს, ასევე, ABABCDCD რითმული სქემა, რომლის რწევადი ხასიათი სწორედ რომ ერთგვარ გოდებას მოგაგონებთ (ეს ჯვარედინი რითმა თარგმანში არ არის დაცული). ამას ემატება ჯონ ო’ლირის, ვულფ ტონის და რობერტ ემეტის – ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების საკრალური გამოხმობა იმიერიდან.
ლექსის თარგმნის ფიქრითი თუ ტექნიკური პროცესის აღწერა რთული და უმადლო საქმეა. მკითხველი ან დაინახავს შენს მიერ აღწერილ პროცესს საბოლოო პროდუქტში, ან ვერა; რომც დაინახოს, არა მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მეორეც, ტექნიკური მხარე ხშირად იმდენად ტრივიალურ დეტალებამდე ჩადის, რომ თავად ლექსის ესთეტიკურ აღქმაში, შეიძლება, ხელიც შეუშალოს ადამიანს, ან, თუ არ შეუშლის, არც რამეს არგებს. ასეა თუ ისე, ამ ბლოგში ამაზე არ ვისაუბრებ და ქვემოთ ერთმანეთის გვერდით გთავაზობთ ჩემს თარგმანსაც და ორიგინალსაც.
სექტემბერი 1913
რა დაგრჩენია, აზრზე მოსულს, იმის გარდა რომ,
რომ კიდევ ერთხელ გადაქექო ძველი სალარო,
იქნება, ერთ პენსს ნახევარი პენსი შეჰმატო,
ხოლო ძველ ლოცვებს კიდევ ერთი ვედრება, ვიდრე,
შენი ძვლები ტვინისაგან არ დაიცალა.
მომჭირნეობის და ლოცვისთვის შეიქმნა კაცი.
რომანტიკული ირლანდია გარდაიცვალა
და საფლავში განისვენებს ო’ლირის გვერდით.
სულ სხვანაირი ყაიდისა იყვნენ ისინი,
ვისი სახელის ხსენებაზეც შენ თამაშს წყვეტდი.
გადაუქროლეს, როგორც ქარმა, ქვეყნიერებას,
მაგრამ არ ჰქონდათ დრო ლოცვის და ვედრებისათვის
მათთვის, ვისთვისაც სახრჩობელის თოკი დაიწნა,
ან, ღვთის გულისთვის, რაღა უნდა გადაერჩინათ?
რომანტიკული ირლანდია გარდაიცვალა
და საფლავში განისვენებს ო’ლირის გვერდით.
ნუთუ ამისთვის გადიფრინა ნაცრისფერ ფრთებით
ზღვის ტალღებზე გარეული ბატების გუნდმა?
ნუთუ ამისთვის დაიღვარა ამდენი სისხლი,
ედვარდ ფიცჯერალდს ამისათვის ამოხდა სული?
ნუთუ ამისთვის დაიხარჯა მამაცთა გზნება,
რობერტ ემეტის და ვულფ ტონის სულისკვეთება?
რომანტიკული ირლანდია გარდაიცვალა
და საფლავში განისვენებს ო’ლირის გვერდით.
რომც შეგვძლებოდა, წლები უკან გვებრუნებინა
და მოგვეხმო კვლავაც ჩვენთან ის დევნილები,
მთელი მათი ტკივილით და მარტოსულობით,
შენ იტყოდი, „ვიღაც ქალის ყვითელი თმებით,
ყოველი კაცი გაგიჟდა და გადაირია“:
თითქოს ჩალადაც არ უღირდათ, რაც კი გაიღეს,
მაგრამ ახლა ყველა მათგანი გარდაცვლილია
და საფლავში განისვენებს ო’ლირის გვერდით.
September 1913
What need you, being come to sense,
But fumble in a greasy till
And add the halfpence to the pence
And prayer to shivering prayer, until
You have dried the marrow from the bone;
For men were born to pray and save:
Romantic Ireland’s dead and gone,
It’s with O’Leary in the grave.
Yet they were of a different kind,
The names that stilled your childish play,
They have gone about the world like wind,
But little time had they to pray
For whom the hangman’s rope was spun,
And what, God help us, could they save?
Romantic Ireland’s dead and gone,
It’s with O’Leary in the grave.
Was it for this the wild geese spread
The grey wing upon every tide;
For this that all that blood was shed,
For this Edward Fitzgerald died,
And Robert Emmet and Wolfe Tone,
All that delirium of the brave?
Romantic Ireland’s dead and gone,
It’s with O’Leary in the grave.
Yet could we turn the years again,
And call those exiles as they were
In all their loneliness and pain,
You’d cry, ‘Some woman’s yellow hair
Has maddened every mother’s son’:
They weighed so lightly what they gave.
But let them be, they’re dead and gone,
They’re with O’Leary in the grave.
Leave a comment