
ელდორადოს — მითიური ოქროს ქალაქის — ლეგენდა მოგზაურებსა და მეოცნებეებს საუკუნეების განმავლობაში შთააგონებდა, თუმცა, ედგარ პოს ლექსში იგი დაცლილია მატერიალისტური შინაარსისგან და შორეული, მიუღწეველი მიზნის სიმბოლოა, რომლისკენაც ადამიანი გადაულახავი დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც მიიწევს.
ლექსის გმირი, ქველი რაინდი (a gallant knight) ელდორადოსკენ მოგზაურობას იმედით და სიმღერით იწყებს, თუმცა, თანდათან იაზრებს მისი მიზნის მიუღწევლობას და მის გულში სიბნელე ისადგურებს. პოს რიტმიკა და მისი ენის არაჩვეულებრივი მუსიკალობა რაინდის ემოციური მდგომარეობის ცვლილებებს ასახავს და მკითხველს მასთან ერთად ამოგზაურებს.
„ელდორადო“ ოთხი ექვსსტრიქონიანი სტროფისგან შედგება. ყველა მათგანის მესამე სტრიქონს ასრულებს სიტყვა „shadow“ („აჩრდილი“), რომელიც ყოველი სტროფის ბოლოს ერითმება სიტყვას „Eldorado“. ბნელი აჩრდილი და ოქროს ქალაქი აქ ერთმანეთის სარკისებრი ანარეკლებია. ლექსი ასე იწყება:
Gaily bedight
A gallant knight,
In sunshine and in shadow,
Had journeyed long,
Singing a song,
In search of Eldorado.
(ფარ-საჭურველით,
რაინდი ქველი,
არც მზეს, არც ჩრდილს არ დარდობს,
შორეულ გზებით,
გულში სიმღერით,
დაეძებს ელდორადოს.)
მალევე, როცა ჩვენი რაინდი საკუთარ მოკვდავობის პირისპირ აღმოჩნდება, ეს ოპტიმისტური შესავალი ადგილს უთმობს ბნელ ლანდებს — როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მესამე სტროფში იგი შეხვდება „მოხეტიალე აჩრდილს“ („pilgrim shadow“), რომელიც ეუბნება, რომ თუ ელდორადოს პოვნა მართლაც სურს, მგზავრობის გაგრძელება ამა ქვეყნის მიღმა მოუწევს — მაღლა, „მთვარის მთები“ უნდა გადაიაროს („over the mountains of the Moon“), მერე კი, დაბლა, „აჩრდილთა ველი“ („the Valley of the Shadow“). ეს ფრაზა, რომელიც 22-ე ფსალმუნიდანაა აღებული („ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა…“) სწორედ იმას გვეუბნება, რომ ელდორადო არა მხოლოდ ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, არამედ წუთისოფლის საზღვრის მიღმაცაა და რაინდი მას მხოლოდ იმ შემთხვევაში იპოვის, თუ სიკვდილის წინაშეც მამაცურად განაგრძობს წინსვლას („Ride, boldly ride“). ან, იქნებ, პო გვეუბნება, რომ ადამიანს ახლის და უფრო მეტის მოპოვების გაუმაძღარი სურვილი და დაუოკებელი ჟინი სიცოცხლესაც კი უკან დაატოვებინებს?
თარგმანი
„ელდორადოს“ თარგმნა არც მარტივი იყო და არც განსაკუთრებით რთული. ფიქრით დიდხანს ვფიქრობდი, ალბათ თვეები, მას შემდეგ, რაც ლირიკის პოეტიკის ლექციაზე ლექსი გავარჩიეთ, თვითონ თარგმნამ რამდენიმე წუთი წაიღო (დაახლოებით ღამის პირველ საათზე).
პოს სარკისებრი ბოლორითმის გამეორება მიუღწეველი მიზანი აღმოჩნდა, ამიტომ, ვეცადე, საერთო რიტმიკასთან ერთად შემენარჩუნებინა „ელდორადო“, როგორც ყველა სტროფის ბოლო სიტყვა და როგორც რაინდის, ისე მკითხველის და ისე ლექსის დანიშნულების ადგილი.
Gaily bedight,
A gallant knight,
In sunshine and in shadow,
Had journeyed long,
Singing a song,
In search of Eldorado.
But he grew old—
This knight so bold—
And o’er his heart a shadow—
Fell as he found
No spot of ground
That looked like Eldorado.
And, as his strength
Failed him at length,
He met a pilgrim shadow—
‘Shadow,’ said he,
‘Where can it be—
This land of Eldorado?’
‘Over the Mountains
Of the Moon,
Down the Valley of the Shadow,
Ride, boldly ride,’
The shade replied,—
‘If you seek for Eldorado!’
ფარ-საჭურველით,
რაინდი ქველი,
არც მზეს, არც ჩრდილს არ დარდობს,
შორეულ გზებით,
გულში სიმღერით,
დაეძებს ელდორადოს.
წლები კი გადის,
ჩვენი რაინდის
გული ჭმუნავს და დარდობს;
ვერ ჰკიდა თვალი
ამ ქვეყნად ადგილს,
რომ ჰგავდეს ელდორადოს.
გზებით დაღლილი
შეხვდა აჩრდილი.
ჰკითხა: „მწუხარე ლანდო,
წამერთვა ძალი,
მითხარ მართალი,
სად არის ელდორადო?“
„მთვარეზე მთების,
აჩრდილთა ველის
გზა უნდა გამოსცადო.
მამაცი თუ ხარ“,
აჩრდილმა უთხრა,
„იქ ჰპოვებ ელდორადოს!“
Leave a comment