ყველაფერი TOEFL-ის შესახებ

Written in

by

TOEFL (ინგლისურად გამოითქმის, როგორც /ˈtoʊfəl/), ანუ „ინგლისურის, როგორც უცხო ენის ტესტი“ (Test of English as a Foreign Language, TOEFL) ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფართოდ აღიარებული ტესტია მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც კემბრიჯის და IELTS გამოცდები განვიხილეთ, ამ ბლოგში ვეცდები, მოგიყვეთ ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდებათ ამ გამოცდის შესახებ.

რა არის TOEFL?

TOEFL არის სტანდარტიზებული მრავალდონიანი ტესტი, რომელიც ინგლისურის, როგორც უცხო ენის მოსაუბრეთა ენობრივ კომპეტენციას ამოწმებს. იგი შექმნილია და იმართება არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია „საგანმანათლებლო ტესტირების სერვისის“ (Educational Testing Service, ETS) მიერ. ორგანიზაცია მთელს მსოფლიოშია აღიარებული და მასვე ეკუთვნის SAT ტესტიც (რომელსაც ამ ბლოგზე შემდგომში განვიხილავთ).

ისტორია

1962 წელს ოცდაათამდე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებისგან ჩამოყალიბდა საბჭო, რომლის მიზანიც იყო, გადაეჭრა ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი უცხოელი სტუდენტების ინგლისური ენის კომპეტენციის შემოწმების პრობლემა. საბჭომ გასცა რეკომენდაცია, 1963–1965 წლისთვის შემუშავებულიყო ინგლისურის, როგორც უცხო ენის ტესტი (TOEFL). ტესტის თავდაპირველ ვერსიაზე მუშაობა მიმდინარეობდა გამოყენებითი ლინგვისტიკის ცენტრში სტენფორდის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის პროფესორის, ჩარლზ ა. ფერგიუსონის ხელმძღვანელობით.

TOEFL ტესტი პირველად 1964 წელს, თანამედროვე ენების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ტესტირება ფორდის ფონდის და დენფორთის ფონდის გრანტებით იყო დაფინანსებული. 1965 წლიდან კოლეჯების ბორდმა და ETS-მა ტესტის ადმინისტრირებაზე და TOEFL-ის პროგრამის შემდგომ განვითარებაზე ერთობლივი პასუხისმგებლობა აიღეს. 1973 წლიდან ტესტს ETS ატარებს, ხოლო პროგრამას TOEFL-ის მრჩეველთა საბჭო ზედამხედველობს.

მეტწილად, TOEFL ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოიყენება, მათ შორის, აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში არსებული უნივერსიტეტების მიერ, თუმცა, მისი მნიშვნელობა სცდება აკადემიურ სფეროს და მისით სარგებლობს ბევრი სამთავრობო ორგანიზაცია, ლიცენზიების გამცემი ორგანოები და საერთაშორისო კომპანიები. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტები მისაღები კანდიდატების, ხოლო დამსაქმებლები პოტენციური თანამშრომლების ენობრივი კომპეტენციის შეფასებისას TOEFL ტესტის შედეგებს ხშირად ეყრდნობიან.

ტესტის ფორმატი და სტრუქტურა

ამჟამად, არსებობს TOEFL ტესტის ორი ძირითადი ვერსია:

  1. TOEFL iBT (Internet-based Test – ინტერნეტზე დაფუძნებული ტესტი): ყველაზე ფართოდ გამოყენებული ფორმატი, რომელიც აკადემიურ მიზნებზე და გარემოზეა მორგებული.
  2. TOEFL Essentials: შედარებით ახალი, უფრო მოქნილი ვერსია, რომელშიც შერწყმულია აკადემიური და ზოგადი ინგლისურის უნარები.

TOEFL iBT-ის სტრუქტურა

2023 წლის ივნისიდან მოქმედებს TOEFL iBT-ის განახლებული ფორმატი, რომელიც უფრო ხანმოკლეა (2 საათი 3 საათის ნაცვლად), აქვს უფრო მარტივი ნავიგაცია და ნაკლები შეკითხვები კითხვისა და მოსმენის სექციებში. გარდა ამისა, დამოუკიდებელ წერით დავალებაში ესსე ჩანაცვლდა აკადემიური დისკუსიით, რომელიც უფრო მოკლეა და ერთი აბზაცის დაწერას ითხოვს.

ახალი iBT, როგორც ძველი, იყოფა სექციებად, რომელიც დამოუკიდებლად და კომბინირებულად აფასებს ოთხ ძირითად ენობრივ უნარს:

  1. კითხვის სექცია (35 წუთი, 20 შეკითხვა)

კანდიდატებს მოეთხოვებათ, წაიკითხონ და გაიაზრონ 2 აკადემიური შინაარსის ტექსტი, თითოეული დაახლოებით 700 სიტყვის სიგრძისა, რომელთაგანაც თითოეულს 10 შეკითხვა ახლავს. ტექსტების თემატიკა აკადემიური სფეროს მრავალ მიმართულებას მოიცავს, როგორიცაა ბიოლოგია, ისტორია, ხელოვნება და ტექნოლოგიები. ამ ნაწილში ფასდება ტექსტის შინაარსის გაგება, დედააზრის გამოტანა, დეტალების იდენტიფიცირება, ნაგულისხმევი მნიშვნელობის ან ინფორმაციის გამორკვევა, მოცემულ კონტექსტში ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობების გარკვევა და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დაკავშირება ერთმანეთთან.

  1. მოსმენის სექცია (36 წუთი, 28 შეკითხვა)

მოიცავს 3 ლექციას და 2 დიალოგს, რომლებიც მიმსგავსებულია რეალურ აკადემიურ გარემოში, მაგალითად, სალექციო აუდიტორიაში და უნივერსიტეტების კამპუსებში არსებულ ინტერაქციებს. მოწმდება მოსმენილის შინაარსის გაგების, დედააზრის გამოტანის, დეტალების დაფიქსირების, მოსაუბრეთა დამოკიდებულების შეფასების და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას შორის კავშირის დადგენის უნარები.

  1. საუბრის სექცია (16 წუთი, 4 დავალება)

მოიცავს დამოუკიდებელ დავალებებს (აზრის ზეპირად გამოთქმა ნაცნობ თემებზე და კითხვა-პასუხი) და ინტეგრირებულ დავალებებს (მათში კომბინირებულია ტექსტის წაკითხვა, მოსმენა და შემდგომ, ზეპირი პასუხი კითხვაზე). აქ ყურადღება ექცევა სიცხადეს, გაბმულობას, სისწორეს და მოსაზრებების ინტეგრირებულად, ორგანულად ერთიანი სახით წარმოდგენას.

  1. წერის სექცია (29 წუთი, 2 დავალება)

წერის ნაწილში შედის ინტეგრირებული წერითი დავალება (მოითხოვს ტექსტის წაკითხვას, ლექციის ნაწილის მოსმენას და წერილობით პასუხს დავალებაზე, რომელიც წაკითხულის და მოსმენილის სინთეზირებას ან შედარებას მოითხოვს). დამოუკიდებელი წერითი დავალება მოცემულ თემაზე სტანდარტული ფორმის არგუმენტირებული ესსეს ნაცვლად ითხოვს მონაწილეობას მოდელირებულ აკადემიურ დისკუსიაში, რომელშიც ლექტორის დასმულ საკითხზე გამოთქმულია რამდენიმე სტუდენტის მოსაზრება; მოითხოვება დისკუსიაში ჩართვა და არგუმენტირებული აბზაცის დაწერა მთლიანი ინტერაქციის გათვალისწინებით.

შეფასების სისტემა

TOEFL iBT-ის შეფასების სისტემა მოიცავს 0-30 ქულიან ინდივიდუალურ შეფასებებს ცალკეული (კითხვა, მოსმენა, საუბარი, წერა) სექციებისთვის და საერთო ქულას, რომელიც ზემოაღნიშნულთა ჯამს წარმოადგენს და 0-120 ქულამდე შკალაზე ფასდება. უნივერსიტეტების უმრავლესობის მოთხოვნები 80–100 ქულამდე მერყეობს, თუმცა, ზოგიერთი წამყვანი უნივერსიტეტის პოსტსაბაკალავრო პროგრამებს, შესაძლოა, უფრო მაღალი ზღვარიც ჰქონდეს დაწესებული; აუცილებელია ამის გადამოწმება კონკრეტული უნივერსიტეტის საიტზე. კომპანიებისა და საიმიგრაციო ორგანოების მიერ დაწესებული ზღვრები განსხვავებულია და ცალკე გადამოწმებას მოითხოვს.

რა არის TOEFL Essentials?

TOEFL Essentials („TOEFL ძირითადი“) TOEFL iBT-ის შედარებით ახალი ალტერნატივაა, რომელიც უფრო მოკლე, უფრო ხელმისაწვდომ ფორმატს გვთავაზობს და თუ ETS-ს დავუჯერებთ, ისეთივე მკაცრი და სანდოა, როგორც iBT. იგი იდეალურია მათთვის, ვინც უნივერსიტეტში ჩაბარების ან ნებისმიერი სხვა მიზნისთვის ენობრივი კომპეტენციის დადასტურების შედარებით სწრაფ და მოსახერხებელ გზას ეძებს.

TOEFL Essentials-ის ძირითადი მახასიათებლებია:

  • ტესტის ხანგრძლივობა: დაახლოებით 1.5 საათი, განსხვავებით TOEFL iBT-ისგან, რომელიც დაახლოებით 2 საათი გრძელდება.
  • ბალანსი: იგი თანაბრად აფასებს როგორც აკადემიურ, ისე ზოგად ენობრივ უნარებს, მაშინ, როცა iBT პრაქტიკულად ექსკლუზიურად აკადემიურ უნარებზეა ორიენტირებული.
  • ტესტის ადმინისტრირება: იგი სრულად ონლაინ ტარდება და მისი ჩაბარება სახლიდანაც შეგიძლიათ.
  • საფასური: Essentials შედარებით ხელმისაწვდომია და $100–$120 ღირს.

TOEFL Essentials სტრუქტურა

ისევე, როგორც iBT, ეს ტესტიც ოთხივე ენობრივ უნარს აფასებს, თუმცა, მისი ფორმატი მკვეთრად განსხვავებულია:

  1. მოსმენის სექცია (21–34 წუთი, 30-45 შეკითხვა):

მოიცავს მოკლე დიალოგებს, შედარებით ხანგრძლივ დიალოგებს და ლექციების ნაწყვეტებს. ფოკუსირებულია ტონის, დედააზრის, დეტალების და მოსაუბრეთა დამოკიდებულების გარკვევაზე.

  1. კითხვის სექცია (22–33 წუთი, 30-45 შეკითხვა):

უფრო მოკლე ტექსტები აკადემიური და არააკადემიური წყაროებიდან. მოწმდება ტექსტის გააზრება, ლექსიკური მარაგი და ინფორმაციის ურთიერთდაკავშირების უნარი.

  1. საუბრის სექცია (13 წუთი, 3 დავალება):

მოიცავს სხვადასხვა ტიპის დავალებებს, მათ შორის, მოსაზრების გამოთქმას, გარკვეულ სცენარებზე რეაგირებას და როლურ თამაშებს. აფასებს საუბრის გაბმულობას, სიცხადეს და იდეების ეფექტურად გადმოცემის უნარს.

  1. წერის სექცია (24-30 წუთი, 2 დავალება, 14-18 შეკითხვა,):

მოიცავს ორ დავალებას. მათ შორის, შეიძლება იყოს ელექტრონული ფოსტის შედგენა, წინადადებების შევსება, აკადემიურ დისკუსიაში მონაწილეობა და სურათის აღწერა.

თითოეული სექცია 1–12 ქულიან შკალით ფასდება, ხოლო საერთო შედეგი იანგარიშება ოთხივე კომპონენტის საშუალო არითმეტიკულით, რომელიც უახლოეს .5 მაჩვენებლამდე მრგვალდება (IELTS-ის შეფასების სისტემის მსგავსად).

ამჟამად TOEFL Essentials ბევრი უნივერსიტეტის მიერაა აღიარებული და iBT-ის ნაცვლად მისი ჩაბარება შეგიძლიათ, თუმცა, აუცილებელია ამის გადამოწმება სამიზნე უნივერსიტეტთან.

როგორ მოვემზადოთ

კვლავ და კვლავ, რა თქმა უნდა, აუცილებელია კარგი მასწავლებლის ან სასწავლო ცენტრის პოვნა. გასათვალისწინებელია, რომ iBT ტესტის ახალ ფორმატზე მორგებული სასწავლო მასალები არც ისე ბევრია. საერთო ჯამში, გამოცდისთვის საჭირო უნარების განსავითარებლად ძველ ფორმატზე გათვლილი ლიტერატურაც გამოგადგებათ, მაგრამ ტესტის ფორმატთან და სტრუქტურასთან შეჩვევა მომზადების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.

საბედნიეროდ, არსებობს ოფიციალური მოსამზადებელი რესურსებიც, რომლებიც შეგიძლიათ, აქ იპოვოთ: ETS TOEFL Preparation

რეგისტრაცია და ლოგისტიკური საკითხები

თავდაპირველად, აუცილებელია შექმნათ ETS-ის ანგარიში, შემდეგ ირჩევთ ტესტირების თარიღს და თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას მდებარე საგამოცდო ცენტრს. რეგისტრაციის პროცესში იხდით თანხასაც, რომელიც iBT ტესტისთვის 190–250 დოლარამდე მერყეობს (საფასური ცვლადია). დასტურს და დეტალებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.

შედეგები ტესტირების დღიდან 6–10 დღეშია ხელმისაწვდომი. ETS ოფიციალურ შეტყობინებას თქვენი შედეგების თაობაზე ოთხ ინსტიტუციას უფასოდ გაუგზავნის, ხოლო უფრო მეტი დაწესებულებისთვის გაგზავნას დამატებითი თანხის გადახდა დასჭირდება.

შედეგები 2 წლის განმავლობაშია ვალიდური.

დამატებითი ინფორმაცია ETS-ის ვებსაიტზე: ETS TOEFL

Leave a comment

Wait, does the nav block sit on the footer for this theme? That’s bold.