ბოლო დღეებში განხილვა მოჰყვა განათლების მოსალოდნელი (თუ, უბრალოდ, დაანონსებული) რეფორმის ერთ სავარაუდო ელემენტს, რომ მომავალში უნივერსიტეტში მიღებისას გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, ანუ სკოლაში მიღებული ნიშნები. ბოლო სამი წელია მოსწავლეებს სხვადასხვა დროს ვაწერინებ ესსეებს ამ და მსგავს თემებზე, მაგალითად, თუ როგორ უნდა ხდებოდეს უნივერსიტეტებში მიღება, რომელი სისტემაა უფრო სამართლიანი, ცენტრალიზებული სისტემა უკეთესია თუ მეტი დამოუკიდებლობა, რამდენად საყოველთაო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს უმაღლესი განათლება და როგორ უნდა იყოს ეს უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ. აუცილებლად ვთხოვ ჩვენი, ადგილობრივი სისტემის (ძველისაც და არსებულისაც) გათვალისწინებასაც და მის შედარებას სხვა ქვეყნების სისტემებთან. So, here’s my two cents.
ბოლო სამი წლის განმავლობაში როგორც უნივერსიტეტში, ისე არაფორმალურ განათლებაში მომიხდა მუშაობა. ვასწავლიდი ინგლისურ ენას უნივერსიტეტში, რომელიც, მეტი სამართლიანობის უზრუნველსაყოფად საკმაოდ მკაცრ, რიგიდულ და რიცხობრივად მეტად ზუსტად გაწერილ სისტემას იყენებს; მეორეს მხრივ, მაქვს კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკა, რომელშიც აკადემიური წარმატება ინდივიდუალური მიზნების მიხედვით განისაზღვრება და ხშირად, არც კი განისაზღვრება; ასევე, ვასწავლი „ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში“, სადაც შეფასება ყოველთვის მოსწავლე-მასწავლებელს შორის ორმხრივი უკუკავშირის ფორმას იღებს და რიცხობრივი ელემენტი საერთოდ არ გვჭირდება; მიუხედავად ამისა, შედეგებს წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ.
ამ ყველაფერმა დამანახა ის, რაც ადრე ბევრგან წამეკითხა და მომესმინა – შეფასების რიცხობრივი ან შკალური სისტემები, იქნება ეს 10 ქულიანი სასკოლო თუ 100 ქულიანი საუნივერსიტეტო ან რომელიმე სხვა, მოსწავლის ცოდნის (გნებავთ, აკადემიური მოსწრება დაარქვით) და უნარების შესაფასებლად სრულიად არაადეკვატურია. მეტიც, ხშირად იმის განსაზღვრაც კი რთულია, რა შეიძლება შეაფასო ჩათვლა/არჩათვლად (ან pass/fail) და სად გაავლო ზღვარი მათ შორის. ამის მიზეზი ისაა, რომ თავად ცოდნა, რომელსაც მოსწავლეს აძლევ, იშვიათად არის ისეთი ბუნების, რომ მისი ათვისების შეფასება რიცხობრივ-შკალური სისტემით იყოს შესაძლებელი. ყველა ეს სისტემა არბიტრარულია (ანუ სუბიექტური შეხედულებითაა მისადაგებული) და მისი არსებობას არა მოსწავლის ან მასწავლებლის საჭიროება განაპირობებს (მასწავლებელს არ სჭირდება რიცხვების დანახვა მოსწავლის შესაფასებლად, მას თავისი ცოდნის და მოსწავლის ცოდნის შედარება ისედაც შეუძლია), არამედ ზემოდან, რაიმე სახის ცენტრალიზებული სისტემის მხრიდანაა შემოღებული და როგორც წესი, უნიფიცირებული და ობიექტური შეფასების აუცილებლობით აიხსნება.
შეგვიძლია თუ არა, ასეთ სისტემაზე საერთოდ უარი ვთქვათ? მე ვფიქრობ, არა. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ჩემი რომელიმე მოსწავლის ნიუ-იორკის ქუჩებში მარტო დატოვება და მის მიერ ინგლისური ენის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაზე თვალის დევნება ბევრად უფრო ადეკვატურ სურათს შემიქმნიდა, ვიდრე მის მიერ ტესტში მიღებული ქულა, ამის გაკეთება რთული და არაპრაქტიკულია. თანაც, რიცხვებს ახასიათებს სიცხადე, ხოლო შკალების ინტერპრეტაცია მარტივია (შეფასება 9 ყოველთვის უკეთესია, ვიდრე შეფასება 5; A უკეთესია, ვიდრე D – ამის გასარკვევად განათლების ექსპერტობა საჭირო არაა), რასაც მსგავსი ექსპერიმენტების შემდეგ დაწერილი მრავალგვერდიანი რეპორტები ვერ მოგვცემს.
ერთგვარი გამოსავალი, როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ, არის სპეციალურად შედგენილი გამოცდა. ილუზიაა იმის დაჯერება, რომ ასეთ გამოცდას, იქნება ეს სკოლაში მასწავლებლის მიერ შედგენილი კითხვარი თუ დიდი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისოდ აღიარებული ტესტი მოსწავლის (თუ გამოსაცდელის) მთლიან ცოდნაზე (გარკვეულ საგანში, ენაში, ან კომპონენტში) სრული სურათის შექმნა შეუძლია; მით უმეტეს, ფუჭია ამ გამოცდებში მიღებული შედეგების რეალურ ცხოვრებასთან მისადაგების მცდელობები. მიუხედავად ამისა, ეს გამოცდები (იდეალურ ვარიანტში) იმთავითვე შეფასების რიცხობრივი სისტემების გათვალისწინებითაა შედგენილი და თუ თავად ტესტის შინაარსს ვეთანხმებით, მაშინ მისი რიცხობრივი შედეგიც ჩვენთვის სანდო უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სკოლაში მიღებულმა ნიშნებმა რომ სანდოობა შეიძინოს, ისინი არა სრულებით არარიცხობრივი ბუნების აქტივობების (გაკვეთილის მოყოლა, ჯგუფურ დისკუსიებში მონაწილეობა ან წერითი დავალება) რიცხობრივ შეფასებებს, არამედ გამოცდებს უნდა ეყრდნობოდეს. ამის დანერგვა რომ მოვინდომოთ, ალბათ აუცილებელი იქნება ყველა საგანში ყოველ კვირაში გამოცდები ტარდებოდეს, რაც სკოლას მუდმივი და დაუსრულებელი დოღის ფორმას მისცემს და სრულიად შეცვლის როგორც მოსწავლის ყოველდღიურობას, ისე მის დამოკიდებულებას ცოდნასთან და განათლებასთან. არსებობს სხვა გამოსავალიც: შემცირდეს შეფასებების რაოდენობა და სემესტრში მხოლოდ ერთი ან ორი შეფასება დაიწეროს (შუალედური და ფინალური), ან თუნდაც, მხოლოდ ერთი თითოეული საგნობრივი კურსის დასასრულს. ეს, ცხადია, ცალკე სამსჯელო საკითხია, მაგრამ, ვფიქრობ, ისიც აშკარაა, რომ ამჟამინდელი სისტემა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სრულყოფილებისგან შორსაა.
აქედან გამომდინარე, სკოლებში არსებული შეფასების ცუდი სისტემის შეღწევა საუნივერსიტეტო ადმისიის (სტუდენტთა მიღების) პროცესში კარგი ვერ იქნება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტეტდაკარგული სასკოლო განათლებისთვის რელევანტურობის ხელოვნურად მინიჭების მცდელობაა.
ასეთ პირობებში, ცხადია, იმედით ვუყურებთ ცენტრალიზებულ საგამოცდო სისტემებს, რომლებიც სკოლასა და უნივერსიტეტს შორის შუამავლობს და წესით, როგორც სკოლაში მიღებულ განათლებას, ისე ზოგად უნარებსაც უნდა აფასებდეს. საქართველოს გარეთ ამის კარგი მაგალითია ამერიკული SAT და ACT.
ჩვენ დიდად სახარბიელო მდგომარეობა არც აქ გვაქვს. ეროვნული გამოცდების ყველა კომპონენტს არ განვიხილავ და ჩემს კომპეტენციაში დარჩენის მიზნით, მხოლოდ ინგლისური ენის ტესტს შევეხები, რომელიც, გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტესტია, რაც მინახავს.
მისი უპირველესი პრობლემა სიმარტივეა. გამოცდების ეროვნულ ცენტრს გაცხადებული აქვს, რომ ტესტის დონე არის B1, თუმცა, ალბათ ბევრი მასწავლებელი დამეთანხმება, რომ მისი წარმატებით ჩაბარება კარგ A2-საც შეუძლია, რადგან სავარჯიშოები მეტისმეტად მარტივადაა შედგენილი. თანაც, რა არის ჩაბარება? მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 16 ქულა 70 ქულიდან, ანუ დაახლოებით 23%, რაც წარმოუდგენელი აბსურდია. შეუძლებელია, ტესტი, რომელიც მინიმალურ კომპეტენციად 50%-ის გადალახვას მაინც არ აწესებს, სერიოზულად იყოს აღქმული. შესაბამისად, ტესტის შედეგები არასანდოა და ეს ძალიან კარგად მოეხსენებათ უნივერსიტეტებს, რომლებიც, სახელმწიფოსგან იძულების წესით, მისით მოსარგებლეები არიან. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, სამი სტუდენტი, რომელთაც გამოცდაში, შესაბამისად, 20, 40 და 60 ქულა მიიღეს, ინგლისურის დონით, შესაძლოა, დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რაც ართულებს უნივერსიტეტში ენის სწავლების დაგეგმვას (მაგალითად, სტუდენტების გადანაწილებას ჯგუფებში, რისთვისაც ზოგიერთ უნივერსიტეტს დონის დასადგენი შიდა ტესტირების ჩატარება უხდება) და მას არაეფექტურს ხდის. გარდა ამისა, უნივერსიტეტი ვერ გამოიყენებს ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის შედეგებს, როგორც სტუდენტის ცოდნის სერტიფიკატს მის ამა თუ იმ კურსზე დასასმელად ან აქტივობაში ჩასართავად და ა.შ.
პრობლემურია ტესტის სტრუქტურაც. იგი სრულიად არათანაბრად აფასებს ენობრივი კომპეტენციის 4 კომპონენტს (კითხვა, წერა, მოსმენა, საუბარი), რაც ქულების საერთო რაოდენობითაც (70) ჩანს. რატომ ვერ შეიქმნა, დავუშვათ, 80 ქულიანი ტესტი, რომელიც ოთხივე უნარს თანაბრად შეაფასებდა? აქვე ვიტყვი, რომ ტესტში აუცილებლად ზეპირი კომპონენტის ჩამატებას არ ვგულისხმობ, რადგან საუბრის უნარების შემოწმება წერითი დავალებებითაც შესაძლებელია.
შემდეგი პრობლემაა ე.წ. ესსე, რომელსაც 170 სიტყვიანი ზღვარი აქვს დაწესებული. პირადად ჩემთვის, სრულიად გაურკვეველია, საიდან მოვიდა ეს რაოდენობა, როცა IELTS-შიც და სხვა გამოცდებშიც 250-300 სიტყვა გვაქვს. მთავარი აქ სიტყვების რაოდენობა არც არის. აუცილებელია ესსე შეიცავდეს 4 აბზაცს მაინც, საიდანაც შუა ორი არგუმენტის აბზაცი იქნება. კარგად დაწერილი არგუმენტის აბზაცი დაახლოებით 80-120 სიტყვაა, შესაბამისად, შეუძლებელია ადამიანმა 170 სიტყვაში მსჯელობა ადეკვატურად განავითაროს. ასევე, ეს პრობლემურს ხდის მოსწავლის მომზადების პროცესს. ეროვნული გამოცდების ესსეებზე მუშაობით მიღებული ცოდნა, ასე ვთქვათ, „ერთჯერადი“ ცოდნაა, რადგან იგი არც აკადემიური ესსეს და არც საერთაშორისო (მაგალითად, კემბრიჯის) გამოცდების ესსეზე მუშაობაში მოსწავლეს არ გამოადგება. მოკლედ, ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტი უსარგებლოა, უსარგებლო ტესტის გამო კი კორუფციის აღმოფხვრის, თანაბარი პირობების შექმნის, სამართლიანობის და ა.შ. მაღალი იდეალებიც, რომლებიც ტესტის ავტორებს და საგამოცდო ადმინისტრაციას აქვს გაცხადებული, მნიშვნელობას კარგავს.
თუ სასკოლო შეფასების სისტემა არაადეკვატურია და გამოცდები არ ვარგა, მაშ, რა არის გამოსავალი?
გამოსავალი, ისევე, როგორც ბევრი სხვა პრობლემისა ქართულ უმაღლეს განათლებაში, უნივერსიტეტების მეტი ავტონომიაა. პრობლემა ის კი არ არის, თუ რა სახის სისტემას დანერგავს სახელმწიფო (იქნება ეს უნივერსიტეტებში თავისუფლად მოხვედრის შესაძლებლობა სასკოლო ატესტატით, გერმანული „აბიტურის“ სისტემის მსგავსად, თუ საყოველთაო, თუნდაც მკაცრი, გამოცდები), არამედ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს თავს ახვევს სისტემას, რომელიც, ჩვენს შემთხვევაში, ცუდი სისტემაა. უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს უფლება, თვითონ დააწესოს როგორც მიღების წესი, ისე კრიტერიუმები. მაგალითად, ინგლისურენოვან პროგრამებზე, რომელთა გავლისთვისაც საჭირო ინგლისური ენის დონეს ეროვნული გამოცდების ტესტი ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს, უნივერსიტეტებს უფლება უნდა ჰქონდეთ, მოითხოვონ ენის საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება ან შეადგინონ თავიანთი გამოცდა (დაახლოებით ისე, როგორც სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურებზე მიღება ხდება ახლა). შესაძლებელია, მსგავსი გამოცდა მათ სახელმწიფომაც შესთავაზოს, მით უმეტეს, საერთაშორისო გამოცდები საკმაოდ ძვირია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მათთვის სავალდებულო და ერთადერთი ვარიანტი. უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ გამოცდებს, საერთაშორისო გამოცდებს და თავიანთ შემუშავებულ გამოცდებს შორის; ან, სულაც, სპეციფიკიდან გამომდინარე, შეეძლოთ სტუდენტის მიღება უგამოცდოდ (გასაუბრების, პორტფოლიოს, შემოქმედებითი ტურის და სხვა სისტემების საშუალებით).
დიახ, ეს ნიშნავს, რომ ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმდეს.
ვიდრე სახელმწიფო არ გაიაზრებს უნივერსიტეტების და ზოგადად, განათლების სისტემის ავტონომიზაციის საჭიროებას, მანამდე ზემოაღნიშნული და ყველა მსგავსი რეფორმაც ზედაპირული იქნება.
Leave a comment