AI ინგლისური ენის სწავლებაში: როგორ და რაში გამოვიყენოთ?

Written in

by

რთულია იწინასწარმეტყველო, თუ რა გარდაქმნებს მოიტანს ხელოვნური ინტელექტი (AI) განათლების სფეროში, მაგრამ რაც აქ და ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ინგლისურის სწავლებაში ისინი ცალსახად ინოვაციურ და სასარგებლო ინტრუმენტებად გვევლინებიან. AI-ასისტენტებს, როგორიცაა ChatGPT (OpenAI), Gemini (Google), Claude (Anthropic) და DeepSeek AI, ჩვენთვის, ინგლისურის მასწავლებლებისთვის, დიდი დახმარების გაწევა შეუძლია გაკვეთილის დაგეგმვის, სტუდენტების ჩართულობის, პრაქტიკული სავარჯიშოების და შეფასება-უკუკავშირის კუთხით. ცხადია, მათი მიზანი და დანიშნულება მასწავლებლების ჩანაცვლება არაა (hopefully…), თუმცა, ისინი ჩვენი პოტენციური მოკავშირეები და დამხმარეები არიან და მათ სწორ გამოყენებას, ჩემი გამოცდილებით, სწავლების შედეგიანობის საგრძნობლად გაზრდა და ჩვენი შრომის შემსუბუქება შეუძლია. ამ ბლოგში, ვეცდები სწავლებაში AI ხელსაწყოების ინტეგრირების პრაქტიკული მხარე მიმოვიხილო.

რა შეუძლია AI-ს?

ზემოთჩამოთვლილ AI მოდელებს შეუძლიათ ადამიანის საუბართან მიახლოებული ტექსტების გენერირება, თარგმნა, შეკითხვებზე პასუხების გაცემა, საკითხების ახსნა და გარკვეულ დონეზე, კრეატიული კონტენტის შექმნაც. მათი გამოყენების სფეროებიც მრავალგვარია, მაგალითად, პერსონალურ საჭიროებებზე მორგებული სავარჯიშოები, სწრაფი უკუკავშირი და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა.

მაგალითად, წარმოიდგინეთ სტუდენტი, რომელსაც ზმნის დროები უჭირს (ამისთვის წარმოსახვის დაძაბვა მაინცდამაინც არ დაგჭირდებათ). ზოგადი ცხრილების, სქემებისა და სავარჯიშოების ნაცვლად, ხშირად საჭიროა მრავალრიცხოვან ლიტერატურაში მათ საჭიროებებზე მორგებული სავარჯიშოების ძებნა, ასეთები კი არც ისე ბევრი იქნება. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ AI-ს დაავალოთ, შექმნას ამ სტუდენტის კონკრეტულ სისუსტეებზე მორგებული (მიზნობრივი, ტარგეტირებული) სავარჯიშოები. მაგალითად, „practice past perfect tense for irregular verbs“.

AI ჩატბოტებს სტუდენტებთან საუბარიც შეუძლიათ. მე ვფიქრობ, რომ საუბრის ნაწილი მაქსიმალურად მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ადამიანური ინტერაქციის სფეროში უნდა დარჩეს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ AI-ს ეს შესაძლებლობა სტუდენტებს საუბრისა და მოსმენის უნარების უსაფრთხო, წყნარ და შინაურულ გარემოში განვითარების საშუალებას აძლევს. მოსწავლეებს AI-სთან უამრავ თემაზე შეუძლიათ საუბარი და მათგან თავაზიან უკუკავშირსაც მიიღებენ წარმოთქმის, გრამატიკის და სხვა საკითხების შესახებ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მოსწავლისთვის, რომელიც მორცხვობის ან სხვა მიზეზის გამო კლასის წინაშე საუბრისგან თავს იკავებს.

AI-ს შეუძლია ლექსიკური ერთეულების (სიტყვების და ფრაზების) სიების შედგენა როგორც თემატურად, ისე საკითხავი ან მოსასმენი მასალის გარშემო ან კონკრეტული გრამატიკული საკითხის გათვალისწინებით. მათთვის, ასევე, მარტივია ფლეშქარდების, კითხვარების და სავარჯიშოების გენერაცია ან თუნდაც, პატარა ამბების შეთხზვა სამიზნე (ახალი) ლექსიკის გამოყენებით, რაც სწავლების პროცესს ინტერაქტიულს და საინტერესოს ხდის. მაგალითად, დაავალეთ AI-ს შემდეგი: „generate 10 vocabulary words related to travel with definitions and example sentences“, ან „create a short story using the words bellow“.

დამეთანხმებით, რომ გრამატიკის წესების ახსნა მარტივი არ არის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სტანდარტული ახსნა-დეფინიციები ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად არ მუშაობს. AI-ს შეუძლია ნათელი და ლაკონური, ან ღრმა და დეტალური ახსნები შემოგვთავაზოს, რომელიც კონკრეტული შემსწავლელის დონეზე იქნება მორგებული. იქვე, მას შეუძლია შექმნას გრამატიკის სავარჯიშოები თავისი პასუხებით, რაც მოსწავლეს დამოუკიდებლად ვარჯიშის საშუალებასაც აძლევს.

წერითი დავალებების თემატიკა მრავლადაა სასწავლო მასალებში, მიუხედავად ამისა, AI-ს შეუძლია, დაგვეხმარო მათ უფრო მეტად დაკონკრეტებაში და ასევე, მხოლოდ სათაურის (საკითხის დასმის) გარდა, კონკრეტული მითითებებიც მოგვცეს. წერითი უნარების განვითარების პირველ ეტაპზე ეს განსაკუთრებით სასარგებლოა. მაგალითად, AI-სთვის მიცემული დავალება შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: „generate 5 creative writing prompts for an intermediate ESL class about the future“.

და ბოლოს, ალბათ, გაკვეთილების დაგეგმვის და ახალი იდეების მოფიქრების სირთულე ყველა მასწავლებელს გამოუცდია. ამ საქმეში ადამიანური კრეატიულობის ჩანაცვლება AI-ს, ცხადია, არ შეუძლია, მაგრამ იგი გვეხმარება აქტივობების დაგეგმვაში, გაკვეთილის გეგმების მომზადებაში და რაც მთავარია, დასარიგებელი მასალის მომზადებაში.

ეთიკური მხარე და საუკეთესო პრაქტიკა

  • გამჭვირვალეობა: აუცილებლად უთხარით მოსწავლეებს, რომ სწავლების პროცესში AI-ს იყენებთ. უთხარით ისიც, თუ კონკრეტულად რაში იყენებთ და როგორ მუშაობს. აუხსენით მისი შესაძლებლობების საზღვრებიც.
  • კრიტიკული აზროვნება: მოუწოდეთ სტუდენტებს, რომ AI-ს მიერ შედგენილი სავარჯიშოები და მასალები კრიტიკული თვალით შეაფასონ (ეს, რასაკვირველია, ჯერ თქვენ უნდა გააკეთოთ). არც თქვენ და არც მათ არ მიიღოთ იგი ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანციად და შეუცდომელ წყაროდ.
  • ადამიანური ინტერაქცია: AI მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია, მისით მასწავლებელი ვერ ჩანაცვლდება. იმიტომ არა, რომ ეს ჩემი მორალისტურ-ფილოსოფიური შეხედულებაა, არამედ იმიტომ, რომ ამჟამად მსგავსი შესაძლებლობების AI არ არსებობს.

მოდი, შედარებით დაწვრილებით განვიხილოთ AI-ს გამოყენების კონკრეტული შესაძლო შემთხვევები:

1. გაკვეთილების დაგეგმვა და აქტივობები

  • გაკვეთილის გეგმები კონკრეტულ თემების, გრამატიკული საკითხების და მოსწავლის მომზადების დონის მიხედვით.
  • შესავალი („warm-up“) აქტივობები, როგორიცაა სადისკუსიო კითხვები, ლექსიკური თამაშები, გამოცანები და ა.შ.
  • დიალოგები და როლური თამაშების სცენარები საუბრის აქტივობებისთვის.
  • საკითხავი ტექსტები სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, მომზადების დონის შესაბამისად.

მაგალითად:

მითითება: „Create a 45-minute ESL lesson plan on phrasal verbs for B1 students, including a warm-up, main activity, and homework.“

შედეგი: კარგად სტრუქტურიზებული გაკვეთილის გეგმა, რომელიც შეიცავს ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, რეალურ ცხოვრებასთან მიახლოვებულ მაგალითებს და დამატებით შეკითხვებს.

2. გრამატიკა

  • რთული გრამატიკული წესების ახსნა მარტივი ენით.
  • მაგალითების გენერირება წესების გამოყენების დემონსტრირებისთვის.
  • სწრაფი უკუკავშირი მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებაზე კონკრეტულ გრამატიკულ შეცდომებზე მითითებით.

მაგალითად:

მოსწავლის წინადადება: „Yesterday I go to the park and see my friend.“

AI-ს უკუკავშირი: „You should say: ‘Yesterday, I went to the park and saw my friend.’ Remember to use past tense verbs for past events.“

3. წერა

  • წერითი დავალებების თემების (საკითხების) გენერირება ყოველგვარ თემატიკაზე
  • წერითი დავალებების ნიმუშების გენერირება. ამ დროს გასათვალისწინებელია, რომ AI-ს მიერ გენერირებული ესსეები კარგია სტრუქტური და კოჰერენტულობის დემონსტრირებისთვის. სტუდენტის კრეატიულობას და პრაქტიკის, კერძოდ, შეცდომებზე სწავლის პროცესს AI ვერ ჩაანაცვლებს.
  • სწრაფი უკუკავშირი მოსწავლის მიერ შესრულებულ წერით დავალებაზე გრამატიკის, სტილის და ერთიანობის კუთხით. ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებელს უამრავ დროს და ენერგიას უზოგავს. გარდა ამისა, AI-ს შეუძლია წერითი დავალება კონკრეტული გამოცდისთვის შესაბამისობაში შეაფასოს (მაგალითად, IELTS, TOEFL ან ეროვნული გამოცდების 16 ქულიანი შკალით).

4. წაკითხულის გააზრება და ლექსიკური მარაგი

  • გრძელი ტექსტების გაშინაარსება და რთული ლექსიკური ერთეულების განმარტება.
  • ტექსტის გააზრების კითხვების გენერირება ყოველგვარი ტექსტის გარშემო.
  • სიტყვათა განმარტებების (დეფინიციების) და გამოყენების მაგალითების გენერირება.
  • აუცილებლობის შემთხვევაში, AI-ს თავად ტექსტების გენერირებაც შეუძლია. ამას განსაკუთრებით კარგად Claude აკეთებს.

მაგალითად:

მითითება: „Summarize this article in simple English and create 5 comprehension questions for A2 students.“

სწორი AI მოდელის არჩევა

ChatGPT, Gemini, Claude და DeepSeek AI ერთმანეთის საკმაოდ მსგავსია (შეიძლება, არც არიან, მაგრამ ტექნიკურ დეტალებში ვერ შევალ, რადგან ამის არაფერი გამეგება), თუმცა, მათ შორის არის ნიუანსური განსხვავებები და ყოველ მათგანს აქვს ძლიერი მხარეები. ყველაზე კარგი ვარიანტია, მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა მათგანი და შეადაროთ მათი პასუხები. ამით ყველაზე კარგად დაადგენთ, თქვენ რომელი გჭირდებათ. საერთო ჯამში, პირადად ჩემს მოთხოვნილებებს ChatGPT (OpenAI) სრულად აკმაყოფილებს, იქნება ეს იდეების გენერირება, გაკვეთილების დაგეგმვა, დახმარება წერაში, შეფასება და სხვა, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ Claude (Anthropic) ბევრად უფრო ნიუანსურად გამართულ, საინტერესო და გრძელი ფორმის ტექსტებს იძლევა.

საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ამჟამინდელ სამყაროში, რომელსაც AI-ს გამოყენება ყოველდღიურად ცვლის, ინგლისურის (ESL) მასწავლებლები ხელსაყრელ პოზიციაში ვართ და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის გამოყენებით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეგვიძლია, იქნება ეს ჩვენი სტუდენტებისთვის საინტერესო, მიზნობრივი და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა თუ უბრალოდ, ჩვენი ენერგიის დაზოგვა და საქმის გამარტივება.

აქვე, ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს, ვინც კითხულობთ, მინდა გთხოვოთ, რომ AI-ს გამოყენების თქვენეული გამოცდილება კომენტარებში გამიზიაროთ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ამ ბლოგის კითხვის დროს არ გასვენებდათ – დავიხმარე თუ არა მის შექმნაში AI – პასუხია დიახ, რა თქმა უნდა.

Leave a comment

Wait, does the nav block sit on the footer for this theme? That’s bold.