Dulce et decorum est

Written in

by

Dulce et decorum est pro patria mori:
mors et fugacem persequitur virum
nec parcit inbellis iuventae
poplitibus timidoque tergo.
– ჰორაციუსი, „ოდა III. 2.13“.

ამ დროს სამი წლის წინ ჯერ კიდევ ჯარში ვმსახურობდი და გლანდების ანთებით გატანჯულ ხანმოკლე შვებულებას ვატარებდი. ყელის ტკივილის გამო ვერ ვჭამდი, ვერ ვსვამდი და ნერწყვსაც ძლივს ვყლაპავდი, მაგრამ ჩემი უძილო ღამეების მიზეზი ეს არ იყო. ძალიან ბევრ ქართველს არ ეძინა მაშინ, ყოველ წუთს ტელეფონში იხედებოდა და ცდილობდა რამე ახალი გაეგო რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში, მათ წინსვლაზე, მუქარებზე, ნგრევაზე და სიკვდილზე.

ამ ამბებს ცუდის მოლოდინით და კარგის იმედით ვნახულობდით, მაგრამ მოლოდინი ძლიერი იყო, ხოლო იმედი – სუსტი. ამას გვკარნახობდა ჩვენი გამოცდილება, ამას გვეუბნებოდა მიძინებული ცივილიზაციების ტლანქი და ბრიყვული რეაქცია. შემდეგ იმედმა გადაწონა ავი მოლოდინები და მოხდა ის, რაც მოხდა: უკრაინის სამწლიანი გმირობა.

ალბათ, ბევრმა ადამიანმა, რომლის მსოფლმხედველობაც ჩემსავით წიგნებით და ფილმებითაა ნაზარდი და ნაკვები, რეალობაში ზუსტად ამ სამი წლის განმავლობაში იგრძნო სიკეთისა და ბოროტების იმ ბელეტრისტული, ფიქციური, ლიტერატურული მასშტაბის და სიღრმის რეალურობა. თითქოს ნისლი გაიფანტა და განსაზღვრებები გამოიკვეთა: ახლა თამამად შეგვეძლო გვეთქვა, საით იყო ბოროტება და საით იყო სიკეთე; საით იყო მორდორი და საით იყო რივენდელი. და თანაც, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში, სიკეთის გამარჯვების თითქოს ბავშვური იმედიც დაგვიბრუნდა.

მაგრამ ომის მხოლოდ და მხოლოდ დიდი ძალების ჭიდილად წარმოსახვას, მგონია, რომ უარყოფითი მხარეებიც აქვს. ომის ყველაზე დიდი ბოროტება ბრძოლის ველზე, სანგრებში და ტრანშეებში ხდება და მას ჰქვია სიკვდილი.

ინგლისელი პოეტის და ჯარისკაცის, უილფრედ ოუენის ეს ცნობილი ლექსი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს, 1917-18 წლებში დაიწერა, სწორედ ამას ემსახურება: ომის პოლიტიკაში და რიტორიკაში მისი ყველაზე დიდი ბოროტება – სიკვდილი – არ დაგვავიწყდეს.

Dulce et Decorum Est

ორად მოხრილი, როგორც ბებერი მათხოვრები ჯვალოს ქსოვილში,
მუხლმოკვეთილი, ლაფსა და ტალახს ხველებითა და წყევლით ვკვეთდით,
ვიდრე ავბედით შუქსიგნალებს არ ვაქციეთ ზურგი დაღლილი,
და შორეული დასვენებისკენ ნელი და მძიმე ნაბიჯებით გზას გავუდექით.

ჯარი მძინარე მიდიოდა. ფეხსაცმელიც დაეკარგა უკვე ბევრ მათგანს,
მაგრამ ბარბაცით, სისხლის ნალებით მიიწევდნენ. კოჭლები, ბრმები;
დაქანცულობით დამთვრალიყვნენ; და მათ ყურებს არც კი ესმოდა
სტვენისა და შიშინის ხმა უკან მსუბუქად დაცემული გაზის ჭურვების.

გაზი! გაზი! სწრაფად, ბიჭებო! — ექსტაზი და აღტყინება წვალება, ცოდვა,
ფაციფუცით, ზუსტად დროზე მორგება თავზე მოუხეშავი ჩაფხუტების,
მაგრამ ვიღაც ისევ ყვიროდა, ბორძიკებდა, შველას ითხოვდა
და ფართხალებდა როგორც კაცი, მოყოლილი ხანძარში ან კირის ღუმელში.—

მკრთალად, მომწვანო და სქელ შუქში, დაბინდული მინების მიღმა,
დავინახე, ის თითქოს რაღაც მწვანე ზღვაში რომ იხრჩობოდა,
და მას შემდეგ ეს მწარე ხილვა სულ თან ახლავს ჩემს ყველა სიზმარს,
სულშეხუთული როგორ მორბოდა, სულს ღაფავდა და იხრჩობოდა.

სულისშემხუთველ, შავ-ბნელ სიზმარში შენც რომ შეგეძლოს,  
ნელი ნაბიჯით გაჰყვე ვაგონს, რომელშიაც ნაჩქარევად შევაგდეთ მაშინ,
და სახეზე შეშლილივით მბრუნავ მის თეთრ თვალებს შეხედო,
მის ჩამოწელილ სახეს, სავსეს ცოდვით, როგორც სახეს ეშმაკის;

რომ მოგესმინა, ყოველ ბიძგზე, ყოველ კრუნჩხვაზე იმისი სისხლი
როგორ ხრიალით ტოვებდა ფილტვებს, ქაფით ავსებულს,
საზიზღარი, როგორც სიმსივნე, მწარე, როგორც შავი ნაღველი,
ნახავდი, უმანკო და უცოდველ ენებს დამჩნეულ უკურნებელ წყლულს,—

და, მეგობარო, აღარ ეტყოდი მერე ასეთი შემართებით ანდა ხალისით,
ბავშვებს, რომლებსაც შორი დიდების უგუნური სმენიათ ჭორი,
იმ ძველთაძველ ტყუილს:Dulce et decorum est
Pro patria mori.

Leave a comment

Wait, does the nav block sit on the footer for this theme? That’s bold.