
იქ, სადაც ტარფეტის ვრცელი დაბლობი შემაღლებას იწყებს და როგორც ზღვა შენაკადებით დასერილ ნაპირს, ისე უერთდება სირეზიის მთებს, კლდეთა ჩრდილში შეფარებული უხსოვარი დროიდან იდგა ქალაქი მერიმნა. არასდროს, მსოფლიოს არცერთ კუთხეში მინახავს ისეთი მშვენიერი ქალაქი, როგორადაც მერიმნა მეჩვენა მაშინ, როდესაც პირველად მესიზმრა. ეს იყო საოცრება ბრინჯაოს კოშკებითა და ქანდაკებებით, მარმარილოს შადრევნებით, საარაკო ომებში მოხვეჭილი ნადავლით და ფართო ქუჩებით, რომლებიც სრულად მიეძღვნათ მშვენიერებისთვის. ქალაქის ზუსტად შუაში გადიოდა ორმოცდაათი ნაბიჯის სიგანის გამზირი, რომლის ორივე მხარესაც ჩაემწკრივებინათ იმ მეფეების ბრინჯაოს ქანდაკებები, რომელთა ქვეყნებსაც მერიმნა ოდესღაც იცნობდა. ამ გამზირის ბოლოს იდგა კოლოსალური საბრძოლო ეტლი შიგ შებმული სამი ბრინჯაოს ცხენით, რომელსაც ფრთოსანი ქალის სახით გამოქანდაკებული დიდება მართავდა, მის უკან კი იდგა ველერანის, მერიმნას უძველესი გმირის ძეგლი მოღერებული მახვილით. იმდენად ცოცხალი იყო დიდების იერი და დგომი, იმდენად აშკარა ცხენთა სიმარდე, რომ დაიფიცებდით, ეტლმა
ეს-ესაა ჩაიქროლა და მეფეთა სახეებს კვლავ მისგან დაყენებული მტვრის პირბადეები ფარავსო. ხოლო თვით ქალაქში იყო ბრწყინვალე დარბაზი, სადაც მერიმნას გმირების მიერ ომებში მოპოვებული ნაალაფარი ინახებოდა. ქვის ფიგურებით მორთული გუმბათოვანი შენობა დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ქვისმთლელების საუცხოო ხელობის მოწმედ იდგა, ხოლო მისი გუმბათის წვერზე როლორის ქანდაკება იჯდა და გაჰყურებდა სირეზიის მთების მიღმა მდებარე ფართო მიწებს, მიწებს, რომლებსაც ოდესღაც გამოეცადათ მისი ხმლის ძალა. როლორის გვერდით კი, როგორც მოხუცი გადია, იჯდა ფიგურა გამარჯვებისა და მისი თავის შესამკობად დამარცხებულ მეფეთა ოქროს გვირგვინებისგან დაფნის გვირგვინს ჭედავდა.
ასეთი იყო მერიმნა, ქვაში ნაქანდაკები გამარჯვების და ბრინჯაოს მეომრების ქალაქი. თუმცა, იმ დროისთვის, რომელზეც მე ვწერ, მერიმნაში ომის ხელოვნება დავიწყებას იყო მიცემული და ხალხს ლამის ეძინა. წინ და უკან, ზემოთ-ქვემოთ დადიოდნენ მარმარილოს ქუჩებში, შეჰყურებდნენ იმ დიად საქმეთა მემორიალებს, რომლებსაც მათი ქვეყნის ხმლებმა იმათ ხელებში მიაღწია, ვინც მერიმნას დიდი ხნის წინ ღირსეულად ემსახურა. თითქმის ეძინათ და ესიზმრებოდათ ველერანი, სორენარდი, მომოლეკი, როლორი, აკანაქსი და ჭაბუკი ირეინი. იმ მიწების შესახებ, რომლებიც ქალაქის გარემომცველი მთების მიღმა მდებარეობდა, მათ არაფერი იცოდნენ გარდა იმისა, რომ სწორედ ეს ადგილები იყო იმ შიშისმომგვრელი საქმეების ასპარეზი, რომელიც ველერანმა თავისი მახვილით ჩაიდინა. უკვე დიდი ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც ეს მიწები კვლავ იმ ერებმა იგდეს ხელთ, რომლებიც ერთ დროს მერიმნას ჯარებმა ააოხრეს. ახლა კი, აღარაფერი შერჩენოდათ მერიმნას კაცებს მათი უცვალებელი ქალაქის და საამაყო, მაგრამ აწ გარდასულ დღეთა დიდებული ხსოვნის გარდა. ყოველ ღამით, ქალაქიდან მოშორებით მდებარე უდაბნოში გუშაგებს გაამწესებდნენ ხოლმე, თუმცა მათ მუდამ საგუშაგოებზე ეძინათ და როლორი ესიზმრებოდათ; ყოველ ღამით, მეწამული ტანსაცმლით შემოსილი გვარდია ქალაქს მარშით შემოუვლიდა, ხელში ჩირაღდნები ეჭირათ და ველერანის სადიდებელ სიმღერებს მღეროდნენ. გვარდია მუდამ შეუიარაღებელი იყო, მაგრამ როგორც კი მათი სიმღერის ექო დაბლობს გადაივლიდა და მაღალი მთებისკენ გაფრინდებოდა, უდაბნოში მყოფი ყაჩაღები და მძარცველები ველერანის სახელს გაიგონებდნენ და თავიანთ ბუნაგებში შეიმალებოდნენ ხოლმე. შემდეგ განთიადი გადმოკვეთდა დაბლობს, თვალისმომჭრელად აკიაფდებოდა მერიმნას კოშკებზე, დარცხვენილ ვარსკვლავებს ციდან გაისტუმრებდა და თავს წამოადგებოდა მერიმნას გვარდიას, რომლებიც ჯერ კიდევ მღეროდნენ ველერანის სიმღერებს, მათ მეწამულ მოსასხამებს ფერს შეუცვლიდა და მათ ჩირაღდნებს გააფერმკრთალებდა. გვარდია გალავნის ქონგურებს მიატოვებდა, უდაბნოში გაგზავნილი გუშაგები ერთი მეორის მიყოლებით გამოფხიზლდებოდნენ სიზმრებიდან და შემცივნული ბრუნდებოდნენ ქალაქში. შემდეგ რაღაც მუქარის მსგავსი მოსწყდებოდა სირეზიის მთების კალთებს, რომლებიც ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან ეშვებოდა მერიმნასკენ და დილის სინათლეში აღიმართებოდა ძველი, უცვალებელი ქალაქის სვეტები და ქანდაკებები.
ალბათ, გაიკვირვებდით, თუ როგორ ახერხებდნენ უიარაღო გვარდია და ძილმორეული გუშაგები დაცვას ქალაქისა, რომელიც სავსე იყო ხელოვნების დიდებული ნიმუშებით, მდიდარი იყო ოქროთი და ბრინჯაოთი; დაცვას მედიდური ქალაქისა, რომელიც უწინ ჩაგრავდა და ავიწროებდა ყველა მეზობელს და რომლის ხალხსაც ომის ხელოვნება ახლა სრულიად დავიწყებოდა. თუმცა, არსებობდა ერთი მიზეზი, თუ რატომ იყო ქალაქი მერიმნა უსაფრთხოდ, მიუხედავად იმისა, რომ მიმდებარე მიწები მტრებს მისთვის დიდი ხნის წინ წაერთმიათ. მთების მიღმა მცხოვრებ მძვინვარე ტომებს ერთი უცნაური რამის სწამდათ თუ ეშინოდათ, რომ მერიმნას გალავნის ზოგიერთ ადგილს კვლავ ფხიზლად დარაჯობდნენ ველერანი, სორენარდი, მომოლეკი, როლორი, აკანაქსი და ჭაბუკი ირეინი. თუმცა, ლამის ასი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც ირეინმა, ყველაზე ახალგაზრდამ მერიმნას გმირებიდან, ამ ტომების წინააღმდეგ უკანასკნელად გაილაშქრა.
დროდადრო ამ ტომებშიც გამოჩნდებოდნენ ყმაწვილი კაცები, რომლებსაც ეჭვი ღრღნიდათ და იკითხავდნენ: „განა შეიძლება კაცი სიკვდილს სამუდამოდ გადაურჩეს?“ მაგრამ მათზე უფრო დინჯი და განსწავლული კაცები მაშინვე უპასუხებდნენ: „გაგვიგონეთ თქვენ, ვისი სიბრძნეც ამდენს ჩასწვდა და განგვიმარტეთ, თუ როგორ შეიძლება, სიკვდილს გადაურჩეს კაცი, რომელსაც ორი ასეული ხმლით შეიარაღებული ცხენოსანი ესხმის თავს, ყველა მათგანს ფიცი აქვს დადებული მის მოსაკლავად და ყველა მათგანს ფიცი აქვს დადებული თავისი ქვეყნის ღმერთების წინაშე, როგორც ეს ველერანს ხშირად უქნია. ან აგვიხსენით, როგორ შეიძლება, რომ ღამით ორმა კაცმა მარტომ შეაღწიოს გალავნით გარშემორტყმულ ქალაქში და გაიტაცოს ამ ქალაქის მეფე, როგორც ეს სორენარდმა და მომოლეკმა ჩაიდინეს. ეჭვგარეშეა, რომ კაცები, რომლებიც ამდენ ხმალს და ამდენ ცივ ისარს გადაურჩნენ, წლებსა და
დროსაც გადაურჩებოდნენ.“ და ყმაწვილკაცებიც დარცხვენილი ჩუმდებოდნენ. და მაინც, ეჭვი ძალას იკრებდა და ხშირად, როცა მზე სირეზიის მთებში ჩასვლას დაიწყებდა, მერიმნას მოქალაქეები სინათლის ფონზე ამჩნევდნენ ხოლმე ველურების შავ სილუეტებს და ქალაქისკენ მომართულ მათ დაჟინებულ მზერას.
ყველამ იცოდა მერიმნაში, რომ გალავნის ქონგურებზე განლაგებული ფიგურები მხოლოდ ქვის ქანდაკებები იყო და მაინც, იყვნენ ცოტანი, ვის გულშიც ჯერ კიდევ ენთო იმედი, რომ ერთ დღესაც გარდასულ დროთა გმირები დაბრუნდებოდნენ. თავად ექვს მეომარს კი ასეთი წესი ჰქონდა: როცა რომელიმე მათგანი უკანასკნელად დაიჭრებოდა და დარწმუნდებოდა, რომ იარა სასიკვდილო იყო, ცხენით გაემართებოდა ერთი ღრმა და ვიწრო ხევისკენ და მომაკვდავი სხეულით შიგ გადაეშვებოდა; სადღაც წამიკითხავს, რომ სპილოებიც ასე იქცევიან, რომ პატარა მხეცებს თავიანთი ძვლები დაუმალონ. თავად ხევი ყველა მხრიდან ვიწრო და ციცაბო იყო, დიდი ნაპრალი, რომელშიც ვერა კაცი ვერასგზით ჩააღწევდა. ველერანი აქ მარტო მივიდა, ძლივსღა სუნთქავდა; მოგვიანებით, ერთად მივიდნენ სორენარდი და მომოლეკი; მომოლეკი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი და უკან აღარ დაბრუნებულა, ხოლო სორენარდმა, რომელიც უვნებელი იყო, ძვირფასი მეგობარი ველერანის დიდებულ ძვლებს შორის განსვენებული დატოვა და უკან მარტო დაბრუნდა. როცა მისი დრო დადგა, ნაპრალს კვლავ მიადგა სორენარდი, ამჯერად როლორისთან და აკანაქსთან ერთად. როლორი შუა ცხენზე იყო ამხედრებული, ხოლო სორენარდი და აკანაქსი აქეთ-იქით მოჰყვებოდნენ. გრძელი მგზავრობა ძნელი და დამქანცველი იყო სორენარდის და აკანაქსისთვის, რადგანაც ორივეს სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიღებული; მაგრამ გზა იოლი იყო როლორისთვის, რადგან ის უკვე მკვდარი იყო. ასე მშვიდად და უდრტვინველად თეთრდებოდა მტრის მიწაზე ხუთი გმირის ძვლები, თუმცაღა სიცოცხლეში ისინი ქალაქებს აშფოთებდნენ და არავინ იცოდა მათი განსასვენებელი გარდა ირეინისა, ახალგაზრდა მეთაურის, რომელიც მხოლოდ ოცდახუთი წლისა იყო, როცა სორენარდი, როლორი და აკანაქსი უკანასკნელ გზას გაუდგნენ. მათ ძვლებს შორის მიმოფანტულიყო აღვირები და უნაგირები და მათი ცხენების მთელი აღკაზმულობა, რათა ვინმეს არ ეპოვნა ისინი და მერე სადმე უცხო ქალაქში არ ეთქვა: „აჰა! იხილეთ აღვირები და უნაგირები მერიმნას გმირებისა, ომში წართმეული“. ხევიდან თავისუფლად მხოლოდ მათი ერთგული და საყვარელი ბედაურები ბრუნდებოდნენ.
აქედან ორმოცი წლის თავზე, დიდი გამარჯვების ჟამს, უკანასკნელი ჭრილობა მიიღო ირეინმა, საშინელი იარა, რომელიც აღარ ხორცდებოდა. ხოლო ირეინი უკანასკნელი იყო გმირ მეთაურთა შორის და მგზავრობა მარტოს მოუხდა. გრძელი იყო გზა ბნელი ხევისკენ და ირეინი შიშობდა, ვაითუ ვერ მიესწრო ძველი გმირების განსასვენებელთან, ცხენს ხშირად შეუძახებდა და უნაგირზე ხელს წამოარტყამდა ხოლმე. და ჩაეძინა მგზავრობისას და ესიზმრა წარსული დღეები და დრო, როცა პირველად გაჰყვა ველერანს ბრძოლაში და დრო, როცა ველერანმა პირველად უთხრა სიტყვა და სახეები იერიშზე გადასული ველერანის თანამებრძოლებისა. და როცა შეიფხიზლა, დიდი ნატვრით აივსო მისი სული, რომელიც ბეწვით ეკიდა მისი სხეულის კიდეზე, და ინატრა განსვენება მოხუც გმირთა ძვლებს შორის. ბოლოს, იხილა რა ბნელი ნაპრალი, რომელიც იარასავით აჩნდა დაბლობს, ირეინის სული გასხლტა მისი დიდი ჭრილობიდან და გაშალა ფრთები და ტკივილი გაეცალა საწყალ, დაჩეხილ სხეულს და მოკვდა ირეინი, ხოლო სიკვდილის წამშიც კი იგი ცხენს წინ მიერეკებოდა. მისმა ბებერმა და ერთგულმა ცხენმა ნელა გააგრძელა გზა, ვიდრე არ მიადგა ბნელ ხევს, წინა ფლოქვები ზედ მის კიდესთან დადგა და გაჩერდა. შემდეგ ირეინის სხეული ნელა გადაყირავდა წინ, ცხენის მარჯვენა წინამხრიდან და მისი ძვლებიც მერიმნას გმირთა ძვლებს შეერია და წლების შემდეგაც მათ შორის განისვენებს.
იმხანად მერიმნაში ერთი პატარა ბიჭუნა ცხოვრობდა, სახელად როლდი. პირველად ვიხილე იგი მე, სიზმრად მყოფმა, ჩემი ბუხრის წინ ჩაძინებულმა, პირველად ვიხილე, როცა დედამისი მერიმნას გმირების მიერ მოხვეჭილი საბრძოლო ნადავლით სავსე დიდ დარბაზში დაატარებდა. ბიჭი ხუთი წლისა იყო და ისინი იდგნენ შუშის ზარდახშასთან, რომელშიც ველერანის მახვილი ესვენა. დედამ თქვა: „ველერანის მახვილი“. და როლდმა თქვა: „რა უნდა უყოს კაცმა ველერანის მახვილს?“ და დედამ უპასუხა: „კაცები შეხედავენ მახვილს და ახსენდებათ ველერანი“. და განაგრძეს გზა და აღმოჩნდნენ ველერანის დიდი წითელი მოსასხამის წინაშე და თქვა ბავშვმა: „რატომ ეცვა ველერანს ეს დიდი წითელი მოსასხამი?“ და მიუგო დედამ: „ასე იქცეოდა ველერანი“.
და როცა როლდი ცოტა წამოიზარდა, ერთხელაც გაიპარა დედამისის სახლიდან, შუაღამისას, როცა სამყარო უძრავად იყო, ხოლო მერიმნას ეძინა და ესიზმრებოდა ველერანი, სორენარდი, მომოლეკი, როლორი, აკანაქსი და ჭაბუკი ირეინი. და ჩავიდა ქონგურებთან, რომ გაეგონა, როგორ მღეროდა მეწამული გვარდია ველერანის სიმღერას. და ჩამოიარა მეწამულმა გვარდიამ ანთებული ჩირაღდნებით, მღეროდნენ ამ სიწყნარეში, ხოლო გარეთ, უდაბნოში, ბნელმა ფიგურებმა პირი იბრუნეს და გაიქცნენ. და დაბრუნდა როლდი დედამისის სახლში, მაგრამ მისი გული ველერანის სახელის მიმართ სწრაფვით იყო სავსე, ისე, როგორც კაცები ესრაფვიან რაიმე ძალიან წმინდას.
დროთა განმავლობაში როლდი გაიზარდა და ისწავლა გზა ყველა ქონგურისკენ და ექვსი ცხენოსანი ქანდაკებისკენ, რომელიც კვლავ იცავდა მერიმნას. ეს ქანდაკებები სხვებს არ ჰგავდა. ისე მოხერხებულად იყო გამოკვეთილი ყველა მათგანი მრავალფერი მარმარილოსგან, რომ ვერავინ იტყოდა დარწმუნებით, ვიდრე საკმაოდ არ მიუახლოვდებოდა, რომ ისინი ცოცხალი კაცები არ იყვნენ. ერთი ცხენი, ლაქებიანი მარმარილოსი, აკანაქსისა იყო. როლორის ქათქათა თეთრი ცხენი თაბაშირისგან იყო ნაკვეთი, ხოლო მისი აბჯარი მოელვარე ქვისგან, მოსასხამი კი ლურჯი, ძალიან ძვირფასი ქვისგან. იგი ჩრდილოეთით იხედებოდა.
ხოლო ველერანის ცხენი კუპრივით შავი იყო და მასზე ამხედრებული ველერანი გოროზად გაჰყურებდა დასავლეთს. სწორედ მისი ცხენის ცივ კისერზე უყვარდა მოფერება როლდს და სწორედ ველერანი იყო ის, ვისაც ყველაზე ნათლად ხედავდნენ დაისის დროს მთებიდან ქალაქისკენ დაჟინებით მომზირალი მოთვალთვალეები. ხოლო როლდს უყვარდა დიდრონი შავი ცხენის წითელი ნესტოები და მისი მხედრის იასპის მანტია.
სირეზიის მთების მიღმა იზრდებოდა ეჭვი, რომ მერიმნას გმირები მკვდრები იყვნენ და დაისახა გეგმა, ღამით გაგზავნილიყო კაცი, რომელიც ქონგურებზე მდგარ ფიგურებს მიუახლოვდებოდა და საკუთარი თვალით ნახავდა, მართლაც იყვნენ თუ არა ისინი ველერანი, სორენარდი, მომოლეკი, როლორი, აკანაქსი და ჭაბუკი ირეინი. ყველა შეთანხმდა და ბევრი სახელიც ითქვა, თუ ვინ უნდა წასულიყო და გეგმაც მრავალი წლის განმავლობაში მწიფდებოდა. სწორედ ეს წლები იყო, როცა მოთვალთვალეები მზის ჩასვლის ჟამს მთის კალთების ქვეშ იკრიბებოდნენ, ქალაქს დაჟინებით უმზერდნენ, მაგრამ უფრო ახლოს არ მოდიოდნენ. ბოლოს, გაჩნდა უკეთესი გეგმა და გადაწყდა, რომ ორ კაცს, რომელსაც იმ დროს სიკვდილი ექნებოდა მისჯილი, აპატიებდნენ დანაშაულს, თუ ღამით დაბლობს გადალახავდნენ და გამოარკვევდნენ, კვლავაც ცოცხლები იყვნენ თუ არა მერიმნას გმირები.
თავდაპირველად შერჩული ორი ტუსაღი წასვლას ვერ ბედავდა, მაგრამ გამოხდა ხანი და ერთმა მათგანმა, სიჯარმა, უთხრა ამხანაგს, საჯარ-ჰოს: „ისმინე. როცა მეფის ჯალათი კაცის კისერზე ნაჯახს დასცემს, ის კაცი კვდება“. და მეორემაც თქვა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო.
შემდეგ თქვა სიჯარმა: „და თუნდაც ველერანმა თავისი მახვილი დასცეს კაცს, მას არაფერი მოუვა სიკვდილზე მეტი.“
აქ საჯარ-ჰო ცოტა ხნით დაფიქრდა. შემდეგ თქვა მან: „თუმცა, მეფის ჯალათის თვალი ვინძლო შესცდეს ნაჯახის დაცემის წამს ან მკლავმა უმტყუნოს, ხოლო თვალი ველერანისა არასდროს შემცდარა, არც მკლავს უმტყუნია ოდესმე მისთვის. აქ ყოფნა სჯობს.“
მაშინ თქვა სიჯარმა: „იქნებ ველერანი მკვდარია და ვინმეს სხვას უჭირავს მისი ადგილი ქონგურებზე, ან იქნებ ქვის ქანდაკებასაც კი“.
მაგრამ საჯარ-ჰომ უპასუხა: „როგორ შეიძლება ველერანი მკვდარი იყოს, როცა იგი გადაურჩა ორ ასეულ ხმლებით აღჭურვილ მხედარს, რომელსაც ფიცი ჰქონდა დადებული მის მოსაკლავად და ყველას ფიცი ჰქონდა დადებული თავისი ქვეყნის ღმერთთა წინაშე?“
და სიჯარმა თქვა: „ეს ამბავი ველერანზე ჩემს პაპას უამბო მამამისმა. იმ დღეს, როცა კურლისტანის მინდვრებზე ბრძოლა წავაგეთ, მან იხილა მომაკვდავი ცხენი მდინარის პირას, ხოლო ცხენი საწყალობლად იხედებოდა წყლისკენ და ვერ კი სწვდებოდა მას. და პაპაჩემის მამამ იხილა, თუ როგორ მივიდა მდინარის ნაპირთან ველერანი და მოუტანა წყალი თავისი ხელით და დაარწყულა ცხენი. ხოლო ჩვენ ახლა ისეთივე შავ დღეში ვართ, როგორშიც ის ცხენი იყო და ისევე ახლოს სიკვდილთან; ველერანმა იქნებ შეგვიბრალოს კიდეც, მაგრამ მეფის ჯალათი ამას ვერ იზამს მეფის ბრძანებათა გამო.“
მაშინ თქვა საჯარ-ჰომ: „შენ ყოველთვის ცბიერი მოკამათე იყავი. შენ ჩაგვაგდე ამ ხიფათში შენი მზაკვრობით და შენი ხრიკებით, ვნახოთ, აქედან თუ ისევ შენ გამოგვიხსნი. დაე, წავიდეთ.“
ამრიგად, მეფეს მოხსენდა, რომ ეს ორი ტუსაღი წავიდოდა მერიმნაში.
იმავე საღამოს მოთვალთვალეებმა ისინი მთის ძირებამდე მიაცილეს და სიჯარი და საჯარ-ჰო დაბლობისკენ ღრმა ხევის გავლით გაემართნენ, ხოლო მოთვალთვალეებმა თვალი გააყოლეს მიმავალთ. მალევე მათი სილუეტები სრულიად შთანთქა დაისმა. შედეგ დადგა ღამე, უზარმაზარი და წმინდა, უდაბური ჭაობებიდან აღმოსავლეთამდე და დაბლობებამდე და ზღვამდე; და ანგელოზებმა, რომლებიც მთელი დღე იცავდნენ ადამიანებს, დახუჭეს დიდრონი თვალები და დაიძინეს, ხოლო ანგელოზებმა რომლებიც იცავენ ადამიანებს ღამით, გაიღვიძეს და შეარხიეს ლურჯი ფრთები და წამოდგნენ. ხოლო ველი შიშით სავსე იდუმალ ადგილად იქცა. ორი ჯაშუშმა გაიარა ღრმა ხევი და ახლა სწრაფად და უჩუმრად მიდიოდნენ ველზე. მალე მიადგნენ საგუშაგო ხაზს, სადაც გუშაგებს ქვიშაზე ეძინათ. ერთი მათგანი ძილში შემოძრავდა და როლორის მოუხმო, და დიდმა ძრწოლამ შეიპყრო ჯაშუშები და ჩურჩულით უთხრეს ერთმანეთს „როლორი ცოცხალია“, მაგრამ მაშინვე გაახსენდათ მეფის ჯალათი და გზა განაგრძეს.
შემდეგ მიადგნენ შიშის დიდ ბრინჯაოს ქანდაკებას, რომელიც გარდასული დროის ერთ დიდებულ მოქანდაკეს მთებისკენ ლტოლვილი ქალის სახით გამოეკვეთა, რომელიც გარბის და თან შვილებს ეძახის. ხოლო შიშის შვილები სირეზიისგაღმელი ტომების ჯარისკაცთა სახით იყვნენ გამოქანდაკებული, მერიმნასთვის ზურგი შეექციათ და შიშს ფარასავით მისდევდნენ უკან. და მათ უკან ქონგურებზე მდგომ ველერანს მათთვის მახვილი მოეღერებინა, როგორც სჩვეოდა კიდეც სიცოცხლეში. და დაეცა მუხლებზე ორი ჯაშუში უდაბნოს ქვიშაში და ემთხვია შიშის ქანდაკების უზარმაზარ ბრინჯაოს ფეხს, ჩურჩულით: „ო, შიშო, შიშო“. დაჩოქილებმა შენიშნეს სინათლე, რომელიც გალავნის გასწვრივ მოდიოდა და სულ უფრო უახლოვდებოდა მათ და გაიგონეს კაცების სიმღერა ველერანზე. მეწამული გვარდია მოახლოვდა, ჩაიარეს თავიანთი ჩირაღდნებით და ველერანზე სიმღერით ნელა გაუჩინარდნენ გალავნის მეორე მხარეს. მთელი ეს დრო ჯაშუშები ქანდაკების ფეხს ეხუტებოდნენ და ბუტბუტებდნენ: „ო, შიშო, შიშო“. ხოლო როდესაც ველერანის სახელი უკვე აღარ ესმოდათ, წამოდგნენ და მივიდნენ ქონგურებთან და აცოცდნენ გალავანზე და მაშინვე აღმოჩნდნენ ველერანის ფიგურასთან და თავები მიწამდე დახარეს, და თქვა სიჯარმა: „ო, ველერან, მოვედით, რათა ვიხილოთ, თუ კვლავ ცოცხალი ხარ.“ და ასე, მიწაზე დამხობილი სახეებით დიდი ხანი იცდიდნენ. ბოლოს სიჯარმა გაბედა და ახედა ველერანის შემზარავ ხმალს, ხოლო იგი კვლავ წინ, შიშის ქანდაკებას გამოდევნებული ჯარებისკენ იყო მოღერებული. და სიჯარი კვლავ დაიხარა მიწისკენ და შეეხო ცხენის ნალს და ის ცივი ეჩვენა. და ააყოლა ხელი უფრო მაღლა და შეეხო ცხენის ფეხს და ისიც ცივი ეჩვენა. ბოლოს, შეეხო ველერანის ტერფს და მისი აბჯარი მაგარი და სქელი ეჩვენა. შემდეგ, როცა ველერანი არც გაინძრა და არც რაიმე თქვა, სიჯარი გასწორდა წელში და შეეხო მის ხელს და იგი მარმარილოსი იყო. მაშინ ხმამაღლა გაიცინა სიჯარმა და იგი და საჯარ-ჰო საჩქაროდ გაუყვნენ ცარიელ გალავანს და იპოვეს როლორი და ისიც მარმარილოსი აღმოჩნდა. შემდეგ ჩაცოცდნენ გალავნიდან და ველის გავლით უკან, მთებისკენ გაემართნენ. ზიზღით ჩაუარეს შიშის ქანდაკებას და გაიგონეს, როგორ ბრუნდებოდა გვარდია უკვე მესამედ, გაიგეს სიმღერა ველერანზე და თქვა სიჯარმა: „მიდით, იმღერეთ ველერანზე, მაგრამ მკვდარია ველერანი და დაღუპვა მოელის თქვენს ქალაქს.“
და განაგრძეს გზა და იპოვეს გუშაგები, ხოლო ერთი კვლავ შფოთავდა და როლორის უხმობდა ძილში. და ჩაილაპარაკა საჯარ-ჰომ: „მიდით, მოუხმეთ როლორის, მაგრამ როლორი მკვდარია და აღარაფერი იხსნის თქვენს ქალაქს.“
ასე დაბრუნდა ორი ჯაშუში მთებში ცოცხალი და უვნებელი და როგორც კი მათ მთებს მიაღწიეს, მზის პირველმა სხივმა წითლად გაანათა მერიმნას უკან მდებარე უდაბნო და მერიმნას კოშკები. ეს იყო საათი, როცა მეწამული გვარდია უკან, ქალაქში ბრუნდებოდა მინავლებული ჩირაღდნებით და შემკრთალებული ფერის სამოსით, როცა შემცივნული გუშაგები უწესრიგოდ ბრუნდებოდნენ უდაბნოს სიზმრებიდან; ეს იყო საათი, როცა უდაბნოს ყაჩაღები იმალებოდნენ და ბრუნდებოდნენ მთის გამოქვაბულებში; ეს იყო საათი, როცა აბრეშუმისფრთიანი მწერები იბადებიან, რათა მხოლოდ ერთი დღე იცოცხლონ; ეს იყო საათი, როცა სიკვდილმისჯილი კაცები კვდებიან და სწორედ ამ საათში დიდი განსაცდელი, ახალი და შემზარავი საფრთხე დამუქრა მერიმნას და მერიმნამ ეს არ იცოდა.
მაშინ შემობრუნდა სიჯარი და თქვა: „იხილე, რა წითელია განთიადი და რა წითელია მერიმნას კოშკები. სამოთხეში მერიმნას გაუწყრნენ და მისი დაღუპვა გადაწყვიტეს.“
ასეთი ამბავი მიუტანეს ჯაშუშებმა თავიანთ მეფეს და შემდეგი დღეები იმ ქვეყნების მეფეებმა ჯარების შეკრებას მოანდომეს; და ერთ საღამოს ოთხი მეფის ლაშქარი ერთად შეიყარა ღრმა ხევის თავზე, მწვერვალის ჩრდილქვეშ შეყუჟული ელოდნენ მზის ჩასვლას. ყველას შეუპოვარი და უშიშარი იერი ჰქონდა, მაგრამ გულში ყველა კაცი თავის ყველა ღმერთს რიგრიგობით ევედრებოდა.
შემდეგ ჩავიდა მზე და დადგა საათი, როცა ღამურები და ბნელის სხვა ქმნილებები გარეთ გამოდიან და ლომები ტოვებენ თავიანთ ბუნაგებს და უდაბნოს მძარცველები კვლავ ველებს მოედებიან, და როცა ცხელი სნეულებები ამოფრინდებიან ცივი ჭაობებიდან, და ეს იყო საათი, როცა სიმშვიდე ტოვებს მეფის ტახტს, საათი, როცა იცვლებიან დინასტიები. უდაბნოში კი მეწამული გვარდია გამოვიდა მერიმნადან, ხელში ჩირაღდნებით და სიმღერით ველერანზე, ხოლო გუშაგებს კვლავ ჩაეძინათ.
სამოთხეში მწუხარება ვერ შეაღწევს, მხოლოდ წვიმასავით შეიძლება შეასკდეს მის ბროლის კედლებს, თუმცა, მერიმნას გმირთა სულები თითქოსდა გრძობდნენ რაღაც შორეულ დარდს, როგორც მძინარე გრძნობს, თუ როგორ სცივა ვიღაცას, მაგრამ ძილში ვერ ხვდება, რომ ეს ვიღაც თავად არის. და შეშფოთდნენ ისინი თავიანთ ვარსკვლავიერ სახლში. მაშინ უხილავად გადმოუფრინეს ჩამავალ მზეს და დედამიწისკენ გამოემართნენ სულები ველერანისა, სორენარდისა, მომოლეკისა, როლორისა, აკანაქსისა და ჭაბუკი ირეინისა. როცა მოვიდნენ, ის-ის იყო, ბნელი დამდგარიყო მერიმნას ქონგურებზე, ხოლო ოთხი მეფის ლაშქარი უკვე დაძრულიყო და ჟღარუნით მოუყვებოდნენ ღრმა ხევს. ხოლო როდესაც ექვსმა მეომარმა კვლავ იხილა თავიანთი ქალაქი, რომელიც ასე მცირედით შეეცვალა დიდძალ ჟამთასვლას, შეხედეს მას მწუხარებით და სინანულით, რომელიც უფრო ახლოს იყო ცრემლებთან, ვიდრე ნებისმიერი ნატვრა, რომელიც მათ სულებს ოდესმე ეგრძნოთ და შესძახეს მას:
„ო, მერიმნა, ჩვენო ქალაქო: მერიმნა, ჩვენო გალავნიანო ქალაქო.
„რა მშვენიერი ხარ, მერიმნა, ყველა შენი კოშკით. შენთვის დავტოვეთ დედამიწა, მისი სამეფოები და პატარა ყვავილები, შენთვის მოვედით მცირე ხნით სამოთხიდან.
„ძალიან ძნელია ღვთის სახიდან მოშორება — იგი თბილ ცეცხლს ჰგავს, იგი ტკბილ ძილს ჰგავს, იგი დიდებულ საგალობელს ჰგავს, ამავე დროს კი სიმშვიდეა მის გარშემო, სინათლით სავსე სიმშვიდე.
„შენთვის დავტოვეთ სამოთხე მცირე ხნით, მერიმნა.
„ბევრი ქალი გვყვარებია, მერიმნა, მაგრამ ქალაქი მხოლოდ ერთი.
„შეხედე, როგორ სიზმრებს ხედავს ჩვენი ხალხი, ჩვენი საყვარელი ხალხი. რა ლამაზია ეს სიზმრები! სიზმრებში მკვდართა გაცოცხლება შეიძლება, დიდი ხნის მკვდართა და მდუმარეთა. შენი სინათლეები მიმქრალია, ყველა ჩამქრალა, ჩქამი არ ისმის შენს ქუჩებში. ჩუ! შენ ჰგავხარ ქალწულს, რომელიც დახუჭავს თვალებს და მიიძინებს, ნაზად სუნთქავს და უშფოთველად სძინავს.
„შეხედე ამ სიმაგრეებს ძველ გალავანზე. ნუთუ კვლავ იცავენ მათ, როგორც ჩვენ ვიცავდით? არ გაცვეთილან ეს ქონგურები“. მიუახლოვდნენ და მშფოთვარე ყურადღებით დააკვირდნენ. „კაცის ხელით არ გაცვეთილან ჩვენი ქონგურები. მხოლოდ წლებმა ქნეს ეს და შეუბრალებელმა დრომ. შენი გალავანი ქალწულის სარტყელს ჰგავს. ახლა თრთვილი ჩანს მასზე და იგი მოოჭვილ სარტყელს დამსგავსებია.
„დიდი საფრთხე გელის, მერიმნა, რადგან ასე მშვენიერი ხარ. ნუთუ ამაღამ უნდა დაიღუპო, რადგან ჩვენ აღარ ვართ შენი მცველები, რადგან ვღაღადებთ და არავის ესმის ჩვენი, როგორც გათელილი შროშნები ტირიან და არავის იღებს ყურად მათ ხმას?“
ასე ამბობდნენ ომახიანი, ბრძოლებში ნაცადი მეთაურები, უხმობდნენ თავიანთ ძვირფას ქალაქს და მათი ხმები ისე ჩუმი იყო, როგორც ჩქამი პატარა ღამურების, რომლებიც დაისის ბინდში გაიქროლებენ ხოლმე. შემდეგ მეწამული გვარდია გამოჩნდა, გალავნების პირველ შემოვლაზე და ძველმა მებრძოლებმა ახლა მათ მიმართეს, „მერიმნა საფრთხეშია! უკვე იკრიბებიან მისი მტრები ბნელში“. მაგრამ ვერავინ გაიგო მათი ხმები, რადგან ისინი მხოლოდ მოხეტიალე აჩრდილები იყვნენ. და გვარდიამ ჩაუარა მათ და განაგრძო გზა ველერანზე სიმღერით.
მაშინ უთხრა ველერანმა თავის ამხანაგებს: „ჩვენი ხელები უკვე ვეღარ დაიჭერს ხმლებს, ჩვენი ხმები არავის ესმის, უკვე აღარ ვართ ღონიერი მამაკაცები. მხოლოდ სიზმრები ვართ და დაე, სიზმრებს ვესტუმროთ. წადით ყველანი, შენც, ჭაბუკო ირეინ და შეაშფოთეთ სიზმრები მძინარე კაცებისა და მოუწოდეთ, ხელში აიღონ
მამა-პაპათა ძველი ხმლები, კედლებზე რომ ჰკიდია და შეიკრიბონ ხევის პირთან; ხოლო მე ვიპოვი წინამძღოლს და ხელში ჩემს მახვილს ავაღებინებ.“
მაშინ გადავლეს გალავანი და შევიდნენ თავიანთ ძვირფას ქალაქში. და ქარი არხევდა აქეთ-იქით სულს ველერანისა, რომელიც ადრე ლაშქართა ქარიშხალივით მძვინვარე იერიშებს უძლებდა. და სულები მისი ამხანაგების, ჭაბუკი ირეინის მათთან ერთად, შევიდნენ ქალაქში და შეაშფოთეს სიზმრები ყველა მძინარე კაცის და ყველა მამაკაცს გამოუცხადეს სულებმა სიზმრებში: „ქალაქში ცხელა და ჰაერი არ იძვრის. წადი უდაბნოში, მთების ქვეშ, სადაც გრილა, მაგრამ თან წაიღე ძველი ხმალი, რომელიც კედელზე ჰკიდია, რადგან მძარცველები არიან უდაბნოში.“
ხოლო იმ ქალაქის ღმერთმა მოუვლინა მას ცხელება და ხვატი დადგა მის თავზე და ქუჩები გავარვარდა; და ყველამ გაიღვიძა სიზმრიდან იმ გრძნობით, რომ საამო სიგრილე იქნებოდა იქ, სადაც ნიავი მთიდან ხევისკენ ქროდა; და აიღეს ხმლები, რომლებიც ადრე მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ, როგორც სიზმარში გამოეცხადათ, რადგან უდაბნო მძარცველებით იყო სავსე. ხოლო ველერანის ამხანაგები, ჭაბუკი ირეინიც მათთან ერთად, შედიოდნენ და გამოდიოდნენ სიზმრიდან სიზმარში და ჩქარობდნენ, რადგან ღამე გადიოდა; და ერთმანეთის მიყოლებით შეაშფოთეს სიზმრები მერიმნას კაცებისა და ააღებინეს ხმლები და გაიყვანეს ქალაქიდან ყველა, გარდა მეწამული გვარდიისა, რომელთაც არა იცოდნენ რა საფრთხის შესახებ, აგრძელებდნენ სიმღერას ველერანზე, რადგან ფხიზელს არ ესმის მკვდართა სულების ხმა.
ხოლო ველერანი დადიოდა სახლებს ზემოთ, ვიდრე არ მიადგა როლდს, რომელსაც ღრმად ეძინა. როლდი გაზრდილიყო და გაძლიერებულიყო და იყო თვრამეტი წლისა, და ჰქონდა ქერა თმა და იყო მაღალი, როგორც ველერანი, და სული ველერანისა შეჩერდა მის ზემოთ და შევიდა მის სიზმრებში, როგორც პეპელა, რომელიც ყვავილების ბაღში გაძვრება გასხლულ რტოებს შორის, და უთხრა სიზმარში ველერანის სულმა როლდს: „შენ გწადია კვლავ იხილო ველერანის მახვილი, დიდი მოხრილი ხმალი ველერანისა. გსურს წახვიდე და თვალი შეავლო მას ამ ღამით, გაბრწყინებულს მთვარის შუქით.“
და ამ სურვილმა წამოაყენა როლდი და ჯერაც მძინარე გაემართა იგი დედის სახლიდან იმ დარბაზისკენ, სადაც ინახებოდა გმირების მიერ მოპოვებული ჯილდოები. და ველერანის სულმა, რომელიც კვლავ როლდის სიზმარში იყო, შეაჩერა იგი დიდ წითელ მანტიასთან და უთხრა მას სულმა სიზმარში:
„ღამეა და გცივა; შემოიხვიე მანტია“.
და როლდმა შემოიხვია ველერანის უზარმაზარი წითელი მანტია.
შემდეგ სიზმრებმა როლდი ხმალთან მიიყვანა და უთხრა მის სიზმრებს სულმა:
„ველერანის მახვილის ხელში აღება გსურს: აიღე ხელში ეს ხმალი“.
მაგრამ როლდმა თქვა: „რა უნდა უყოს კაცმა ველერანის მახვილს?“
და სულმა უთხრა მის სიზმრებს: „კარგი ხმალია ხელში დასაჭერად: აიღე ველერანის მახვილი“.
ხოლო როლდმა, ჯერაც მძინარემ, ხმამაღლა თქვა: „ეს არ არის კანონიერი; არავინ უნდა შეეხოს ამ ხმალს“.
და როლდი შემობრუნდა წასასვლელად. მაშინ დიდი და საშინელი ღაღადი აღმოხდა ველერანის სულს, და უფრო მწარე იყო იგი, რადგან არ შეეძლო მისი ამოთქმა და აწყდებოდა იგი შიგნიდან მის სულს და ვერ პოულობდა ამოსავალს, როგორც შეყვირება, აღმოთქმული რაიმე მკვლელობის დროს რომელიმე ძველ და მიტოვებულ ქოხში, რომელსაც საუკუნეები ჩურჩულად აქცევს და იგი აღარავის ესმის.
და შესძახა ველერანის სულმა როლდის სიზმრებს: „შეკრულია შენი მუხლები! ჭაობში ჩავარდნილხარ! ვეღარ იძვრი.“
და უთხრეს როლდს თავისმა სიზმრებმა: „შეკრულია შენი მუხლები, ჭაობში ჩავარდნილხარ,“ და როლდიც იდგა გაუნძრევლად ხმლის წინაშე.
მაშინ გაისმა ქვითინი ველერანის სულისა როლდის სიზმრებში, როცა როლდი ხმლის წინაშე იდგა:
„თავის ხმალს მისტირის ველერანი, თავის საოცარ მოხრილ ხმალს. საბრალო ველერანი, რომელიც ოდესღაც იბრძოდა მერიმნასთვის, ამ ღამით მისტირის თავის ხმალს. ნუთუ თავისი მშვენიერი მახვილის გარეშე დასტოვებ ველერანს, როცა თავად მკვდარია და ვერ მიდის მასთან, საბრალო ველერანს, რომელიც მერიმნასთვის იბრძოდა.“
და დაამსხვრია როლდმა შუშის ზარდახშა თავისი ხელით და აიღო ხმალი, დიდი მოხრილი ხმალი ველერანისა; და თქვა მეომრის სულმა როლდის სიზმრებში: „ღრმა ხევთან იცდის ველერანი, ხევთან, რომელიც მთებში შედის და უხმობს თავის ხმალს.“
და გადაიარა ქალაქი როლდმა და გადალახა გალავანი, მიდიოდა ფართოდ გახელილი თვალებით, თუმცა ჯერაც მძინარე და ასე გადაიარა უდაბნო და მივიდა მთებთან.
უკვე მერიმნას მრავალი მოქალაქე შეკრებილიყო უდაბნოში და ხელში ეჭირათ ძველი ხმლები და მძინარე როლდი მიდიოდა მათ შორის, ეჭირა ველერანის მახვილი და გაოცებით აღმოხდა ხალხს მის დანახვაზე: „როლდს ველერანის მახვილი უპყრია!“
და მიადგა როლდი ხევის პირს და ამ დროს გააღვიძა ის ხალხის ხმამ. ხოლო როლდმა არა იცოდა იმისა, რაც ძილში ჩაედინა და გაოცებით შესცქეროდა ხმალს თავის ხელში და თქვა: „რა ხარ შენ, მშვენიერო? სინათლე ციმციმებს შენში და დაუდგრომელი ხარ. ეს ველერანის მახვილია, დიდი მოხრილი ხმალი ველერანისა!“
და როლდმა აკოცა მის ვადას და ველერანის მიერ ბრძოლაში დაღვრილი ოფლის მარილი იგრძნო ტუჩზე. და თქვა როლდმა: „რა უნდა უყოს კაცმა ველერანის მახვილს?“
ხოლო ხალხი გაოცებით შესცქეროდა როლდს, რომელიც იჯდა ხმლით ხელში და ბუტბუტებდა: „რა უნდა უყოს კაცმა ველერანის მახვილს?“
მყისვე ესმა როლდის ყურებს ხევიდან ჟღარუნის ხმა და ხალხმაც, რომელმაც ომისა არა იცოდა რა, გაიგონა ჟღარუნის ხმა, რომელიც ბნელ ღამეში უახლოვდებოდათ; რადგან ოთხი ლაშქარი მოდიოდა მერიმნასკენ და ჯერ არ ელოდა მტერთან შეხვედრას. და როლდმა მაგრად მოუჭირა ხელი დიდი მოხრილი ხმლის ვადას და ხმალი თითქოს ოდნავ შეინძრა. და ახალი ფიქრით აივსო მერიმნას ხალხის გულები, როცა მაგრად მოჰკიდეს ხელი წინაპართა ხმლებს. სულ უფრო ახლოვდებოდა უდარდელი ლაშქარი ოთხი მეფისა, ხოლო ცოცხლებოდა წინაპართა მოგონებები მერიმნას ხალხთა გონებაში, რომელთაც მაგრად ეკიდათ ხელი მამა-პაპათა ხმლებზე. და ეღვიძა ყველა გუშაგს და მოემარჯვებინა შუბები, რადგან როლორის განედევნა მათი მათი სიზმრები, როლორის, რომელსაც ადრე ლაშქრები გაურბოდნენ, ხოლო ახლა მხოლოდ სიზმარი იყო და სხვა სიზმრებს ეომებოდა.
და როცა ჯარები ძლიერ მოახლოვდნენ, როლდი უეცრად წამოხტა ფეხზე და შესძახა: „ველერანი! და ველერანის მახვილი!“ და ველური ჟინით აღვსილი ხმალი, რომელსაც მთელი საუკუნე სისხლი სწყუროდა, წამოფრინდა როლდის ხელით და უცხოტომელთა ნეკნებს შორის გაინავარდა. და როცა თბილ სისხლში ამოევლო, მაშინვე სიხარული ეწვია ამ მძლავრი მახვილის მოკაუჭებულ სულს, როგორც სიხარული მოცურავისა, რომელიც სველი ამოყვინთავს თბილი ზღვიდან მშრალ მიწაზე დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ. როცა წითელი მანტია და ეს შემზარავი ხმალი იხილეს, გავარდა ხმა უცხოტომელთა ლაშქარში: „ველერანი ცოცხალია!“ და იმატა გამარჯვებულთა აღტაცებულმა ყიჟინამ და გაქცეულთა ქოშინის ხმებმა, და ისმოდა სისხლში ამოვლებული ხმლის ნარნარი სიმღერა. ბოლო, რაც ვიხილე ამ ბრძოლისა, როცა იგი ხევის სიღრმესა და სიბნელეში ჩაედინებოდა, იყო ველერანის მახვილი, რომელიც აღიმართებოდა და კვლავ ეცემოდა, ელავდა ლურჯად მთვარის შუქზე აღმასვლის დროს და შემდეგ ელავდა წითლად და ბნელში უჩინარდებოდა.
მაგრამ განთიადისას, როცა მერიმნას კაცები უკან დაბრუნდნენ და მზე ამოვიდა სამყაროსთვის ახალი სიცოცხლის საჩუქებლად, მისმა სინათლემ გამოაჩინა ამაზრზენი და მახინჯი საქმეები, რომელიც ველერანის მახვილს ჩაედინა. და თქვა როლდმა: „ო, ხმალო, ხმალო! რა საშინელი ხარ! შემზარავია შენი არსებობა კაცთა შორის. რამდენი თვალი ვეღარ შეხედავს ბაღებს შენს გამო? რამდენი მინდორი დარჩება ცარიელი, რომელიც სახლებით უნდა ყოფილიყო სავსე, თეთრი სახლებით და ბაშვებით მათ გარშემო? რამდენი ხეობა დარჩება უკაცური, რომელსაც სოფლებისთვის უნდა ემასპინძლა, რადგან შენ მოჰკალი კაცები, რომლებსაც სოფლები უნდა აეგოთ? ქარის ტირილი მესმის შენი საქმეების გამო, მახვილო! ცარიელი ხეობებიდან მოდის იგი. უნაყოფო მინდვრები გადმოიარა. ბავშვთა ხმებია მასში. ისინი არასდროს დაბადებულან. სიკვდილს მოაქვს დასასრული იმათი ტირილისთვის, ვინც სიცოცხლეს გემო გაუგო, მაგრამ ამათ სამუდამოდ უნდა იტირონ. ო, ხმალო! ხმალო! რად მოგავლინეს ღმერთებმა კაცთა შორის?“ და ეცემოდა როლდის ცრემლები ამაყ ხმალს, თუმცა არ შეეძლო მისი გარეცხვა.
ხოლო როცა ბრძოლის შემართებამ გადაიარა, მერიმნას ხალხის სულისკვეთებამ გაუფერულება იწყო, შეაწუხა ისინი დაღლილობამ და დილის სუსხმა; და შეხედეს ველერანის მახვილს როლდის ხელში და თქვეს: „აღარ დაბრუნდება, აღარასოდეს დაბრუნდება ახლა ველერანი, რადგან მისი ხმალი სხვის ხელშია. ახლა კი ვიცით დანამდვილებით, რომ იგი მკვდარია. ო, ველერან, შენ იყავ ჩვენი მზე და მთვარე და ყველა ვარსკვლავი. ახლა ჩამოვარდა მზე და მთვარე დაიმსხვრა და ყველა ვარსკვლავი გაიფანტა, როგორც ძალმომრეობით მოკლულის ყელიდან მოწყვეტილი ყელსაბამის მარგალიტები.“
ასე ტიროდა და მოსთქვამდა მერიმნას ხალხი თავისი დიდი გამარჯვების ჟამს, რადგან უცნაურია კაცთა ხასიათი, გვერდით კი მათი უცვალებელი ქალაქი უშფოთველად თვლემდა. ხოლო ამ დროს გადაიარეს გალავნები და მთები და მიწები, რომლებიც ოდესღაც დაეპყროთ, გადაიარეს ქვეყნიერება და დაბრუნდნენ უკან, სამოთხეში, სულები ველერანისა, სორენარდისა, მომოლეკისა, როლორისა, აკანაქსისა და ჭაბუკი ირეინისა.
ლორდი დანსეინი, 1908
ანრი კიკნაველიძის თარგმანი
Leave a comment