ფუნქცია vs ფორმა: როგორ ვასწავლოთ გრამატიკა

Written in

by

შესავალი: წესები, როგორც მახე

თუ ინგლისური ენის სწავლების გარკვეული გამოცდილება გაქვთ, ალბათ, ოდესმე გეყოლებოდათ სტუდენტი, რომელმაც გრამატიკის წესები ზეპირად იცის და სავარჯიშოებსაც უშეცდომოდ აკეთებს, მაგრამ როცა საქმე წერაზე და საუბარზე მიდგება, იყენებს ისეთ წინადადებებს, როგორიცაა „I am agree“ ან „Right now, I wear blue T-shirt“. თუ ასეა, მაშინ თქვენ იცით და გამოგიცდიათ, თუ რა მოსდევს გრამატიკის წესებზე და ფორმაზე ორიენტირებულ სწავლებას.

გრამატიკის ტრადიციული სწავლება, ოდესღაც, სტრუქტურების გარჩევაზე იყო ორიენტირებული და დაფუძნებული: წესები, უღლება, წინადადებების შევსება და ა.შ. პრობლემა ის არის, რომ წესი და ფორმა თავის თავში აუცილებლად არ მოცავს ფუნქციას. შედეგად, სტუდენტმა, შესაძლოა, „იცოდეს“ გრამატიკა, მაგრამ ვერ შეძლოს მისი გამოყენება ზეპირი თუ წერილობითი კომუნიკაციის დროს.

ამ პოსტში ვისაუბრებ გრამატიკის სწავლების მიმართ ფუნქციონალურ (ან ფუნქციურ) მიდგომაზე, რომელიც გრამატიკული კონცეფციების მნიშვნელობასა და მიზნობრიობაზეა ორიენტირებული და მათ უკეთ გააზრებას, დამახსოვრებას და წარმატებულ გამოყენებას უწყობს ხელს.

აქვე აღვნიშნავ, რომ ეს მიდგომა არც ახალია და არც ორიგინალური. მისი გამოყენებისკენ უკვე ათწლეულებია, მოგვიწოდებენ ლინგვისტები, სოციოლინგვისტები, ლინგვოპრაგმატიკოსები და განათლების სპეციალისტები, თუმცა, თუ ქართულ განათლების სისტემას ან ინგლისური ენის სწავლებასთან დაკავშირებულ ფეისბუქ-ჯგუფებს გადახედავთ, გაგიჭირდებათ თქმა, რომ ვინმე ამ რეკომენდაციას ნამდვილად ასრულებს.

რატომ არ მუშაობს ფორმაზე ორიენტირებული სწავლება

გრამატიკის ფორმაზე ორიენტირებული სწავლება ადრე ძალიან პოპულარული იყო და სამწუხაროდ, ახლაც არსად წასულა. თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი გაკვეთილის კარგად სტრუქტურიზების და დალაგების საშუალებას იძლევა, მარტივია მისი ტესტირება და როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს თავს ისე აგრძნობინებს, რომ რაღაც ძალიან სერიოზულ საკითხს განიხილავენ (ერთის მხრივ, ასეც არის), ამ მეთოდის მიმზიდველობა არ უნდა გაგვიკვირდეს.

მაგრამ მას მოსდევს შემდეგი:

  • სტუდენტები (და შემდგომ, მათგან წარმომდგარი მასწავლებლებიც), რომლებსაც ერთმანეთში ეშლებათ სისწორე (მაგალითად, სავარჯიშოების კეთების დროს) და გრამატიკული კონცეფციების ფლობა (მაგალითად, გამოყენება საჭიროებისამებრ საუბრის ან წერის დროს). ინგლისურად, accuracy vs mastery.
  • სტუდენტები, რომლებიც თავს არიდებენ რთული (გნებავთ, კომპლექსური დაარქვით) გრამატიკული სტრუქტურების გამოყენებას საუბრის დროს, მიუხედავად იმისა, რომ საგაკვეთილო გარემოში და ფურცელზე ამას მშვენივრად ახერხებენ.
  • საბოლოო ჯამში, გრამატიკის ზედაპირული გააზრება, რომელიც ვერ აისახება საუბარსა და წერაში.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, წესი ვიცი, მაგრამ ვერ ვიყენებ. (თუ მსგავსი რამ თქვენთვის მოსწავლეს არასდროს უთქვამს, clap your hands).

რას ნიშნავს გრამატიკის სწავლება ფუნქციურად

პირველ რიგში, ეს ნიშნავს დაწყებას იმით, თუ რას აკეთებს კონკრეტული გრამატიკული სტრუქტურა (არტიკლი, დრო, წინადადების ფორმა და ა.შ.), რა არის მისი კომუნიკაციური მიზანი და არა იმით, თუ როგორ გამოიყურება და როგორ „იწარმოება“.

მაგალითად, არავის აინტერესებს (ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე), will-ს „future simple“ ჰქვია თუ არა — ამის ცოდნა მოსწავლეს არაფერს აძლევს. პირველ რიგში, მან უნდა გაიაზროს, რომ will, მაგალითად, სპონტანური გადაწყვეტილებების ან დაპირებების გადმოსაცემად გამოადგება. როცა მოსწავლეს ვეკითხებით, თუ რა არის Present Continuous ან Present Perfect, სასურველი პასუხი არ არის „to be + verb-ing“ ან „have + past participle“, ან, თუნდაც, მათი ქართული სახელები — აწმყო განგრძობითი და აწმყო სრული (?). თუ შემსწავლელისთვის Present Continuous პირველ რიგში „ინგიანი ფორმაა“ და Present Perfect „have და მესამე ფორმა“, ეს ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ ფორმა დაამახსოვრდათ. სასურველი პასუხია, რომ Present Continuous მიმდინარე და დაუსრულებელი მოქმედებების გადმოსაცემად გვჭირდება, ხოლო Present Perfect — წარსული გამოცდილებების აწმყოსთან კავშირში გადმოსაცემად.

თუ ახსნას ისე დავალაგებთ, რომ პირველ რიგში მოსწავლეების ყურადღებას გრამატიკის გამოყენების მნიშვნელობაზე, მიზანზე და კონტექსტზე გავამახვილებთ, მათ დავეხმარებით, გაიაზრონ, თუ რამდენად საჭირო და სასარგებლოა ამა თუ იმ გრამატიკული კონცეპტის ცოდნა, თუ რატომ სჭირდებათ ესა თუ ის სტრუქტურა, ხოლო ამით ფორმის შესწავლის და დამახსოვრების მოტივაციასაც ავუმაღლებთ.

ფორმა vs ფუნქცია

 ასპექტიფორმაზე ორიენტირებული მიდგომაფუნქციაზე ორიენტირებული მიდგომა
1გაკვეთილის ფოკუსიწესები და სტრუქტურა („რა არის Present Perfect?“, „როგორ იწარმოება?“)მნიშვნელობა და ფუნქცია („რას აკეთებს Present Perfect?“, „რაში გვჭირდება მისი ცოდნა?“, „რა ვითარებაში გამოგვადგება?“
2წარდგენის მეთოდიცხრილები, უღლებები და ა.შ.ცხოვრებისეული კონტექსტები, რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციასთან მიახლოვებული მაგალითები
3სავარჯიშოების ტიპიწინადადებების შევსება, drill ტიპის ვარჯიშებიროლური თამაშები, სიტუაციური დავალებები, ამოცნობა
4რას ვიღებთ მოსწავლისგანსწორი ფორმა, კონტექსტის არცოდნასწორი მნიშვნელობის წინადადებები სამიზნე გრამატიკის გამოყენებით
5დამახსოვრებამოკლევადიანიგრძელვადიანი
6გამოყენება რეალურ კომუნიკაციაშიხშირად არასწორად იყენებს, ან თავს არიდებს, ან არ ახსენდებასწორი და გამართული, ძალდაუტანებელი გამოყენება

მთავარი, რასაც ეს ცხრილი აჩვენებს, არის ის, რომ გრამატიკის ფუნქციური ახსნა იწყება კომუნიკაციით და მხოლოდ შემდეგ მოდის ფორმის დამახსოვრება.

ფუნქციური სწავლება უკეთესია სხვადასხვა მიზეზის გამო. როცა მოსწავლე გრამატიკულ სტრუქტურას შეისწავლის არა იზოლირებულად, არამედ როგორც ცხოვრებისეული კომუნიკაციის შემადგენელ და საჭირო ნაწილს, იგი მას უფრო ღრმად იაზრებს, უკეთ შეიმეცნებს და უფრო დიდხანს იმახსოვრებს. იმის ცოდნა, თუ რისთვის გამოიყენება ესა თუ ის დრო, შემსწავლელს ეხმარება, სწორად ამოიცნოს შესაბამისი კომუნიკაციური სიტუაცია და მეტი მოტივაციაც აქვს, რთული გრამატიკული სტრუქტურები გამოიყენოს.

გარდა ამისა, გრამატიკის კონტექსტუალური და ფუნქციური გააზრება უმნიშვნელოვანესია გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ისეთი გამოცდები, როგორიცაა IELTS და TOEFL, საერთოდ არ შეიცავს ფორმაზე დამყარებულ გრამატიკულ სავარჯიშოებს, მიუხედავად ამისა, როგორც წერის, ისე საუბრის კომპონენტებში ორივე მათგანი მკაცრად აფასებს გრამატიკის ცოდნას და სწორად გამოყენებას (grammatical range and accuracy). ეს ნიშნავს, რომ გრამატიკა მოწმდება არა იზოლირებულად, არამედ კონტექსტში, არა მხოლოდ მისი ფორმალური წარმოება, არამედ სწორი სტრუქტურების სწორ ადგილას გამოყენება.

როგორ ვასწავლოთ გრამატიკა ფუნქციურად

ამისთვის ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გჭირდებათ, არც ახალი წიგნების დაწერა. კარგი, ახალი სახელმძღვანელოების უმრავლესობა (მაგალითად, English for Everyone: English Grammar Guide ან მერფის ცნობილი Grammar in Use სერიები) ამას ისედაც გვთავაზობს, მთავარია, ყურადღება სწორ ასპექტებზე გამახვილდეს. მაგალითად:

  • გრამატიკა უნდა წარვუდგინოთ კონტექსტში და არა იზოლირებულად
    დაიწყეთ დიალოგით, სიტუაციით, ტექსტით და ა.შ. დაწყება ფრაზით „დღეს ჩვენ ვისაუბრებთ Present Perfect-ზე“ მსმენელს თავიდანვე რაღაც აბსტრაქტული კონცეფციის მოსასმენად განაწყობს და არა პრაქტიკული, საჭირო და სასარგებლო ინსტრუმენტის მისაღებად, რომელიც მას რეალურ ცხოვრებაში გამოადგება. მოსწავლეებს დაეხმარეთ, შეამჩნიონ ტექსტში ან დიალოგში მათთვის აქამდე უცნობი ფორმების გამოყენების შემთხვევები და აღმოაჩინონ, თუ რას აკეთებს ეს ფორმები და რატომ გახდა საჭირო მათი გამოყენება.
  • გამოიყენეთ ვიზუალური მასალა
    კვლავ და კვლავ, კარგად ილუსტრირებული გრამატიკის სახელმძღვანელოები (რომლებიც ბაზარზე საკმარისზე მეტი რაოდენობითაა) შემსწავლელს ეხმარება, „დაინახოს“ აბსტრაქტული გრამატიკული კონცეფცია, მაგალითად, თუ რას ნიშნავს დაუსრულებელი მოქმედება ან ჰიპოთეტური პირობითი კონსტრუქცია (2nd conditional). ილუსტრაცია თანაბრად საჭიროა როგორც ბაშვებისთვის, ისე ზრდასრული შემსწავლელებისთვის.
  • წაახალისეთ შინაარსზე დაფუძნებული პასუხები
    დაავალეთ მოსწავლეებს, რომ საუბრისა და წერის დროს ისაუბრონ ნამდვილ გამოცდილებებზე და გამოხატონ ნამდვილი მოსაზრებები, ნაცვლად იმისა, რომ გაიმეორონ სწორი ფორმის, მაგრამ კონტექსტს მოკლებული, შემთხვევითი წინადადებები. თუ მსგავსი სავარჯიშოები წიგნებში ცოტაა, შეგვიძლია AI დავიხმაროთ.
  • შეუსწორეთ არა მხოლოდ ფორმა, არამედ შინაარსიც
    ყურადღება მიაქციეთ, რომ სტუდენტმა სწორად გადმოსცეს ის, რისი თქმაც სურდა, არა მხოლოდ ის, რომ მისი ნათქვამი წინადადება გრამატიკულად გამართული იყოს. ზუსტად მიუთითეთ, სად დაშორდა ერთმანეთს ნაგულისხმევი მნიშვნელობა და წარმოთქმული ან დაწერილი წინადადება. ამით კარგად გამოჩნდება, თუ რაში დაეხმარებოდა მას შესასწავლი გრამატიკული სტრუქტურა.

სწორი ბალანსი: ჯერ ფუნქცია, მერე ფორმა

არავინ ამბობს, რომ ფორმის სწავლებას და გრამატიკული სტრუქტურების სწორად წარმოებას ყურადღება არ უნდა დაეთმოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მნიშვნელობა და ფუნქცია გააზრებული და ჩამოყალიბებულია. როცა შემსწავლელს ესმის, თუ რაში სჭირდება და რაში გამოადგება ესა თუ ის გრამატიკული სტრუქტურა, იგი ბევრად უფრო მოტივირებული და მომზადებულია, გულისყურით მიუდგეს ფორმის და წესების დასწავლას. საბოლოო ჯამში, ფუნქცია არის მიზანი, ხოლო ფორმა მხოლოდ საშუალება.

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალი არაფერი მითქვამს, იმედი მაქვს, ეს პოსტი გამოადგებათ როგორც მასწავლებლებს, ისე შემსწავლელებს. მომავალში გამოცდილებას ინგლისური ენის სწავლების სხვა ასპექტებთან დაკავშირებითაც გაგიზიარებთ.   

Leave a comment

Wait, does the nav block sit on the footer for this theme? That’s bold.