სალაპარაკო ინგლისურის „ქართული ლეგენდა“

Written in

by

მოდი, ერთი დამახასიათებლად ქართული სიტუაცია წამოვიდგინოთ.

ქორწილი ახლოვდება. სიძისგან ყველა ტრადიციულ ქართულ ცეკვას ელის და ისიც მასწავლებლის ძებნას იწყებს. დრო ცოტაა, ამიტომ ცეკვის შესწავლის ნელი, საფუძვლიანი და მოთმინებით სავსე პროცესისთვის არავის სცხელა. მოდი, გამოვტოვოთ მოსაწყენი და დამღლელი დეტალები და მუსიკის თანხლებით პირდაპირ „გასმები“ ვიმეცადინოთ.

ქორწილის დღეც დადგა. დაბნეული, აღელვებული და ანერვიულებული სიძე ცდილობს, მოძრაობები არ დაავიწყდეს, მერე რა, რომ მუსიკასთან რიტმში და სინქრონში არ არის. ხალხი ტაშს უკრავს და კარგი პურ-მარილის და გართობის მოლოდინში ზრდილობიანად იღიმის. არა უშავს, ყველა სიძე მოცეკვავე ხომ არ იქნება? თავის ქორწილში ყველა ასე ცეკვავს. მალე „ცხელებიც“ შემოვა.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ სიძემ ცეკვის შესწავლაში არა კვირები, არამედ თვეები დახარჯა და ბეჯითად მიუდგა ყველა მოსაწყენ დეტალს. მისი ცეკვაც არ იქნება სრულყოფილი, მაგრამ ძირითადი ესთეტიკის და მნიშვნელობის გადმოცემას შეძლებს. რაც მთავარია, ის ავთენტური იქნება.

ჩემი პირველი ინგლისურის მასწავლებელი „საქორწილო ცეკვის“ ანალოგიას კიდევ ერთი „ქართული ლეგენდის“ — სალაპარაკო ინგლისურის შესახებ საუბრისას იყენებს ხოლმე. სალაპარაკო ინგლისურის იდეა ჩვენში არა მარტო შემსწავლელებში, არამედ მასწავლებლებს შორისაც კი პოპულარულია. იდეა ცუდი არ არის: რატომ შევიწუხოთ თავი გრამატიკის მომაბეზრებელი სავარჯიშოებით, მოსაწყენი წერითი დავალებებით, დაუსრულებელი ტექსტებით და ახალი სიტყვების ჩამოწერით, როცა შეგვიძლია საუბარი პირდაპირ საუბრით ვისწავლოთ?

ამ ხალხის წარმოდგენით, შესაძლებელია, „გადავახტეთ“ ინგლისურის სწავლის ძნელ, ტექნიკურ და მოსაწყენ ნაწილს და პირდაპირ ლაპარაკზე გადავიდეთ — როგორც სიძე, რომელიც ცეკვის სწავლას რამდენიმე სწრაფ გაკვეთილში აპირებს.

ყველას გვინახავს გაშეშებული მხრები, ნერვიული სახე და უხერხული ბარბაცი. ნამდვილი ქართული ცეკვა, როგორც ინგლისურად ავთენტური საუბარი, მოთმინებით და დეტალებზე დაკვირვებით ისწავლება. ორივე მათგანი დისციპლინის და ვარჯიშის მყარ საფუძველზე უნდა დაშენდეს. თანაც, სიძე ქორწილის შემდეგ ალბათ აღარც იცეკვებს, მაგრამ არასწორად ნასწავლი ინგლისური მთელი ცხოვრება არასწორად გაგვყვება, ან მყარი საძირკვლის გარეშე აშენებული „ცოდნა“ ზუსტად მაშინ ჩამოგვენგრევა, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება.

საუბარი მხოლოდ აისბერგის წვერია. მის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურაა: გრამატიკა, ლექსიკა, მოსმენა, კითხვა, წარმოთქმა, წინადადების წყობა, სინტაქსი და წერითი დავალებებიც კი. ყველა ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია სასაუბრო უნარების განვითარებისთვის.

წარმოიდგინეთ ვიდეოთამაში. ეკრანზე, შესაძლოა, მარტივი სურათები ჩანს — ვიღაც პერსონაჟი დადის ან მაღლა ხტება, ხე ქარში ირხევა, კარი იღება. ამ უმარტივესი სურათების უკან დგას მილიონობით სიმბოლოსგან აგებული გრძელი კოდები, დეტალური პროგრამული ლოგიკა, გრაფიკული დამუშავება და დიზაინის პროცესში მიღებული რთული გადაწყვეტილებები. ზედაპირული სურათის სიმარტივე ილუზიაა. სინამდვილეში, იგი ღრმა და კომპლექსურ სისტემაზეა აგებული.

ინგლისურად საუბარი სწორედ თამაშის საბოლოო ანიმაციას ჰგავს — მისი დანახვა მხოლოდ იმიტომ შეგვიძლია, რომ საფუძველში არსებული სისტემები გამართულად მუშაობს. მეტიც, რაც უფრო მარტივად და ძალდაუტანებლად გვეჩვენება საბოლოო ანიმაცია — წარმოთქმული წინადადება — მით უფრო გამართულად მუშაობს სისტემა და მით უფრო რთული იყო გზა, რომელმაც ამ ანიმაციამდე მიგვიყვანა. თუ სისტემა გაუმართავია, თუ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გამოტოვებული, თამაში „ჭედავს“. თუ თქვენი გრამატიკა და ლექსიკა სუსტია, თქვენი საუბარიც „ჭედავს“ — ჩერდებით, ხვდებით, რომ რაღაცას არასწორად ამბობთ, იმეორებთ დაზეპირებულ ფრაზებს, რომლებიც, შეიძლება, სულაც არ შეეფერება კონტექსტს, ან სულაც არ ნიშნავს იმას, რაც თქვენ გგონიათ და ა.შ.

ნამდვილი კომუნიკაცია მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვების და ფრაზების წარმოთქმა. არასწორად აწყობილი წინადადებები თქვენი მსმენელისთვის ერთგვარი ფაზლია, გამოცანა, რომელიც მას აბნევს და აიძულებს, „ამოხსნას“ (ან „ააწყოს“) თქვენი წინადადებები, რომ თქვენი სათქმელი გაიგოს. რაც მთავარია, რაც უფრო ხშირად და დიდი ხნის განმავლობაში საუბრობთ ასე, მით უფრო რთულია გამოსწორება.

ენა არ არის უბრალოდ სიტყვები ან ფრაზები. მისი ფუნქცია არის აზრის ნათლად, სწორად და თავდაჯერებულად გადმოცემა. სწორედ ამაში გვეხმარება გრამატიკა, სწორედ აქ გვჭირდება სწორი ლექსიკა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსმენა და კითხვა — ისინი გვაძლევენ მასალას (input), რომლის გარეშეც განვითარება შეუძლებელია:

  • გრამატიკა სიტყვებისთვის სწორი ფორმის მიცემაში და მათ სწორად დალაგებაში გვეხმარება.
  • ლექსიკა იმ საშენ მასალას გვაძლევს, რომლითაც აზრი უნდა „ავაგოთ“.
  • კითხვა გვაძლევს სწორ მაგალითებს იმისა, თუ როგორ მუშაობს ენა.
  • მოსმენა გვეხმარება საუბრის ბუნებრივი რიტმის, მახვილების, ინტონაციის და წარმოთქმის შეთვისებაში.
  • წერა გვაჩვევს აზრების ორგანიზებულად და ზუსტად გადმოცემას.

ყველა ეს უნარი, საბოლოო ჯამში, სწორედ საუბარში გამოიღებს შედეგს. მათ გარეშე პირდაპირ საუბრის შესწავლის მცდელობა საქორწილოდ პირდაპირ „გასმების“ შესწავლას ჰგავს. საუკეთესო პრაქტიკა სწორედ ინტეგრირებული პრაქტიკაა. არჩევანი საუბრის სწავლას და სხვა დანარჩენის სწავლას შორის, სინამდვილეში, არ არსებობს — ყველა მათგანი აუცილებელია. მეტიც, საუბრის უნარების განვითარების საუკეთესო გზა მასზე სხვა უნარებთან ერთად მუშაობაა (ეს, პრინციპში, დანარჩენ უნარებსაც ეხება: საუბარი და საკუთარი თავის მოსმენა საუკეთესო გზაა ლექსიკის და გრამატიკის დასწავლისთვის). მაგალითად, რომელიმე გრამატიკული სტრუქტურის შესწავლის შემდეგ, იგი საუბარში უნდა გამოიყენოთ (გრამატიკის შესწავლა აუცილებლად წესების და ტერმინების დაზეპირებას არ ნიშნავს, როგორც ამაზე წინა ბლოგში ვისაუბრეთ); წაიკითხეთ ტექსტები, ხაზი გაუსვით საინტერესო ფრაზებს ან სტრუქტურებს, შემდეგ ხმამაღლა გაიმეორეთ და საუბარში გამოიყენეთ; მოუსმინეთ ბუნებრივ და გამართულ ინგლისურ საუბარს და გაიმეორეთ, მიბაძეთ წარმოთქმას და ინტონაციას; და რა თქმა უნდა, ისაუბრეთ მარტომ, ისაუბრეთ გაკვეთილზე, ისაუბრეთ მეგობრებთან, ისაუბრეთ ონლაინ — მაგრამ ეს არ უნდა იყოს საუბარი საუბრისთვის. ყველა საუბრის შემდეგ უნდა დავფიქრდეთ, რა იყო სწორი და რისი გაუმჯობესება შეიძლება. არავინ ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი სრულყოფილად უნდა ვისწავლოთ და მხოლოდ შემდეგ ავლაპარაკდეთ, მაგრამ აუცილებელია საუბრის რაოდენობასთან და გაბმულობასთან ერთად, ყურადღება სისწორესაც მივაქციოთ.

ნამდვილი ცოდნისკენ შემოკლებული გზები არ არსებობს და შეუძლებელია სწორად ისაუბრო, თუ წარმოდგენა არ გაქვს, როგორ მუშაობს ენა. ასე რომ, თავს ნუ მოვიტყუებთ — მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის. ნურც მათ მოვატყუებინებთ თავს, ვინც ცდილობს, ჩვენივე ილუზიები ჩვენვე მოგვყიდოს.

Leave a comment

Wait, does the nav block sit on the footer for this theme? That’s bold.