
შეფასების ნებისმიერ სტანდარტიზებულ სისტემაში წერითი დავალება ბევრად მეტია, ვიდრე ენობრივი უნარების ტესტი. ის არის მაჩვენებელი იმისა, თუ რა ღირებულებები აქვს განათლების სისტემას, რა უნარების განვითარებაა მისი პრიორიტეტი და რა წარმოდგენა აქვთ მის მესვეურებს მოსწავლეთა შესაძლებლობებზე. ამ მხრივ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის (ალბათ, სხვა უცხო ენებისაც) საგამოცდო ტესტით საკმაოდ შემაშფოთებელ გზავნილს გვიგზავნის. სახელდობრ იმას, რომ სიღრმისეული აზროვნება, სტრუქტურირებული წერა და გამართულად მსჯელობის უნარი საჭირო არ არის.
ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ამ ტესტში გამოყენებული ინგლისური ენის წერით დავალებაში (რთულია, ამ დავალებას „ესსე“ უწოდო, თუმცა, მოხერხებულობისთვის ამ სიტყვას გამოვიყენებ ხოლმე). მოდი შევხედოთ ქვემოთ მოცემულ დავალებას, რომლის მსგავსიც წლევანდელ გამოცდაშიც მოვიდა და NAEC-ის პრაქტიკის საკმაოდ ტიპური ნიმუშია:
Many people, including the youth, go abroad in search of employment. What do you think about this?
(ბევრი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდებიც, სამსახურის საძიებლად საზღვარგარეთ მიდის. რას ფიქრობთ ამის შესახებ?)
ერთი შეხედვით, აქ საშიში არაფერია, თუმცა, სინამდვილეში, ასე ჩამოყალიბებული დავალება („რას ფიქრობთ ამის შესახებ?“) ღრმა სისტემური ხარვეზის სიმპტომია. იგი მიუთითებს წარმოსახვის სიღარიბეზე, არააკადემიურობაზე და საერთაშორისო სტანდარტების სრულ უგულებელყოფაზე. ამ წერილში ვეცდები გიჩვენოთ, თუ რატომ არის მსგავსად ჩამოყალიბებული წერითი დავალებები არა მხოლოდ არაადეკვატური და შეუსაბამო, არამედ პირდაპირ დამაზიანებელიც. ისინი აფერხებს სწავლის პროცესს, აბნევს მოსწავლესაც და მასწავლებელსაც და საბოლოო ჯამში, ხელშეწყობის ნაცვლად დაბრკოლებად ეღობება ჩვენს აბიტურიენტებს.
ენის სწავლების ნებისმიერ კონტექსტში, განსაკუთრებით ინგლისურის, როგორ მეორე ენის (ESL) ან ინგლისურის, როგორც უცხო ენის (EFL) სწავლებაში, წერითი დავალების ინსტრუქცია (prompt) რამდენიმე საკმაოდ ნათლად განსაზღვრულ და კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:
- მისი საშუალებით განისაზღვრება ესსეს ჟანრი, რათა მოსწავლემ ზუსტად იცოდეს, თუ რა სახის ესსეს დაწერა მოეთხოვება (მოსაზრება, არგუმენტირებული, მიზეზ-შედეგობრივი, პრობლემა-გამოსავალი და ა.შ.).
- ესსეს ჟანრიდან გამომდინარე განისაზღვრება სტრუქტურა,რაც მოსწავლეს აზრების ლოგიკური და გასაგები ფორმით ჩამოყალიბებაში ეხმარება.
- ხელს უწყობს შეფასების სამართლიანი, ნათელი და ობიექტური კრიტერიუმების გამოყენებას.
- შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს, ანუ ესსეებს, რომლებიც მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტებში თუ საერთაშორისო გამოცდებზე შეხვდებათ.
NAEC-ის დავალებები ამ ფუნქციებიდან არცერთს ასრულებს.
„ამაზე რას ფიქრობთ?“ შეკითხვაც კი არაა, უფრო შეკითხვის თავიდან აცილებაა. იგი უარს ამბობს მოლოდინების ზუსტად ჩამოყალიბებაზე, აცდენილია აკადემიურ კატეგორიებს და ინტერპრეტაციის ტვირთს მთლიანად ჰკიდებს მოსწავლეს, რომელიც ხშირ შემთხვევაში B1 დონისაც არ არის და ჯერ კიდევ უჭირს სამიზნე ენაში მაგალითის, არგუმენტის და ანალიზის ერთმანეთისგან გარჩევა.
შედეგი საკმაოდ პროგნოზირებადია: გაფანტული, გაუგებარი და ზედაპირული „ესსეები“, რომლებშიც სტუდენტის ცოდნაზე მეტად მისი დაბნეულობა იკითხება.
ამ შემთხვევაში ორაზროვნება არა თავისუფლება, არამედ მახეა. „What do you think about this?“ ესსეს ინსტრუქციად ვერ გამოდგება, რადგან იგი არაფერს ეუბნება მოსწავლეს იმაზე, თუ რის დაწერას ელიან მისგან. მოსაზრების გამომხატველ ესსეს ვწერთ (opinion essay)? მოცემული საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ? გამომწვევ მიზეზებზე და მოსალოდნელ შედეგებზე ხომ არ უნდა ვისაუბროთ? იქნებ, ეს პრობლემაა და მისი გამოსწორების გზები უნდა განვიხილოთ?
ასეთი ბუნდოვანება და გაუგებრობა წარმოუდგენელი და სრულიად მიუღებელი იქნებოდა საერთაშორისო საგამოცდო სტანდარტებისთვის. IELTS, TOEFL, კემბრიჯის გამოცდები — ყველა მათგანი კანდიდატს სთავაზობს ნათელ ინსტრუქციას, თუ რა სახის პასუხი მოითხოვება მათგან. მაგალითად:
- „Do you agree or disagree with the following statement?“
(„ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ მოსაზრებას?“) - „Discuss both views and give your opinion.“
(„განიხილეთ ორივე ვარიანტი და წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრება.“) - „What are the causes of this problem, and what solutions can you suggest?“
(„რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და რა გამოსავლის შემოთავაზება შეგიძლიათ?“)
და ა.შ.
ასეთი ინსტრუქციები არა მხოლოდ გაცილებით ნათელია, არამედ ბევრად უფრო სამართლიანიც. ისინი საშუალებას იძლევა, სტუდენტმა მკაფიოდ განსაზღვრულ ჟანრში და სტრუქტურაში იმუშაოს და გონებრივი ძალისხმევა მსჯელობის გამართულობას, არგუმენტების მოფიქრებას და შესაბამისი მაგალითებით მათ გამყარებას მოახმაროს. საწინააღმდეგოდ ამისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის დავალებები მოსწავლის ღია ზღვაში დატოვებას ჰგავს, თანაც რუკისა და კომპასის გარეშე, მხოლოდ ქვიშის საათით.
ცუდად ჩამოყალიბებული წერითი დავალებების შედეგები საკლასო ოთახებშიც (მეტწილად, რეპეტიტორებთან) იგრძნობა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი ზიანი მათ სწორედ აქ მოაქვს. მასწავლებლები რთული და უსამართლო დილემის წინაშე დგანან: ასწავლონ მოსწავლეებს სტრუქტურიზებული აკადემიური წერა, გამართული მსჯელობა, მაგალითების მოყვანა, კრიტიკული აზროვნება და ა.შ. ისე, როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული, თუ დაუმორჩილონ პრაქტიკა NAEC-ის მოგონილ წესებს და ასწავლონ წერა გამოცდისთვის, ანუ ასწავლონ ისეთი ესსეების წერა, როგორსაც ქართველი აბიტურიენტების გარდა დედამიწის ზურგზე არავინ წერს და მისცენ მოსწავლეებს ცოდნა, რომელიც გამოცდების დასრულების შემდეგ მათ აღარსად გამოადგებათ?
რადგანაც ინგლისურის მასწავლებლების და რეპეტიტორების პრაქტიკის (და შემოსავლის) დიდი ნაწილი სწორედ აბიტურიენტების მომზადებას უკავშირდება, ბევრ მასწავლებელს არჩევანის საშუალება არც აქვს. გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა ცუდად ჩამოყალიბებული დავალებებისა, ესსეს ზომის შეუძლებელ, უპრეცედენტო და წარმოუდგენლად არაპრაქტიკულ ზღვარსაც ადგენს: 120-170 სიტყვა. კარგად რომ გავიაზროთ, მოსწავლეებს მოეთხოვებათ, რომ ისეთ კომპლექსურ თემებზე, როგორიცაა შრომითი მიგრაცია, განათლება, ტექნოლოგიის როლი საზოგადოებაში და ა.შ., ინსტაგრამის პოსტის ზომის ტექსტში იმსჯელონ. ეს არა უბრალოდ არაადეკვატური, არამედ პედაგოგიურად სრულიად გაუმართლებელია.
170 სიტყვიანი წერითი დავალება ესსე არ არის. მასში შეუძლებელია გამართული სტრუქტურის ჩამოყალიბება. შესავალი, ორი არგუმენტის აბზაცი (body paragraphs) და დასკვნა 170 სიტყვაში უბრალოდ არ ეტევა. მასში შეუძლებელია მოსაზრებების დამუშავება. არ არის სივრცე განმარტებისთვის, სიღრმისეული მსჯელობისთვის და მაგალითების მოსაყვანად. მოსწავლე იძულებულია კომპლექსური საკითხები ზედმეტად გაამარტივოს, რადგან საკითხის სიღრმისეული განხილვა ისჯება, შესაბამისად, NAEC-ის ესსეების წერაში ვარჯიში არასწორ ჩვევებს ავითარებს. აკადემიური წერის ნაცვლად მოსწავლეები სწრაფად და მოკლედ წერაში, ბუნდოვან განზოგადებებში და ზედაპირული, აზრსმოკლებული კომენტარების წერაში ვარჯიშობენ.
მარტივად რომ ვთქვათ, აკადემიურ წერას ვერ ასწავლი, თუ მოსწავლეებს აკადემიურად წერას უკრძალავენ.
ამის შემდგომ, თავს იჩენს შეფასების პრობლემაც. თუ დავალება ბუნდოვანია და ესსე მოკლე უნდა იყოს, როგორ უნდა შეაფასოს გამსწორებელმა სტუდენტის ნაშრომი? მკაფიოდ განსაზღვრული ჟანრის და სტრუქტურის გარეშე, მოსალოდნელი პასუხების აბსოლუტურად განსხვავებული, პრაქტიკულად, განუსაზღვრელი რაოდენობის ვარიანტებია დასაშვები. ამის გამო ძალიან კარგად გაწვრთნილ და გამოცდილ გამსწორებელსაც ზუსტად ისეთივე დაბნეულობა იპყრობს, როგორიც სტუდენტს აღნიშნული დავალების წერისას. NAEC-ის მიერ შემუშავებული თემის შეფასების სქემა, რომელიც ნაწერში შეცდომების რიცხობრივად დათვლაზეა დამყარებული, შეუძლებელია, სერიოზულად იქნას განხილული.
ამის ერთ-ერთ შედეგს ყოველ წელს ვხედავთ, როცა დაწერილი ქულები ესსეს ხარისხს არ ასახავს. ხშირია 16 ქულიანი ესსეები, რომლებიც არაფრით სჯობს, ან პირიქით, ჩამოუვარდება კიდეც უფრო დაბალქულიან ნაშრომებს. დაბალი ქულით შეფასებული ნაშრომის ავტორი აბიტურიენტები სამართლიანად არიან იმედგაცრუებული, ხოლო ცუდი 16 ქულიანი ესსეების ავტორებს NAEC-ი ატყუებს და დათვურ სამსახურს უწევს.
თუმცა, ამ ვითარების ყველაზე შემაშფოთებელი შედეგი, საბოლოო ჯამში, გლობალურია. ბევრი ქართველი სტუდენტისთვის (საბედნიეროდ) აკადემიური მისწრაფებები ეროვნული გამოცდებით არ მთავრდება. მათ საზღვარგარეთ უნდათ სწავლა, სტიპენდიების მოპოვება, საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება აკადემიური და კარიერული წინსვლისთვის. IELTS გამოცდისთვის მათ 250-300 სიტყვიანი ესსე უნდა დაწერონ, ხოლო TOEFL-ის ახალი წერითი დავალება 100-150 სიტყვიან აბზაცს ითხოვს. ორივე მათგანში მოითხოვება ნათელი სტრუქტურა, კარგად დამუშავებული მოსაზრებები და ძლიერი, დაბალანსებული არგუმენტირება.
თუმცა, ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესში მოსწავლეებს ამ ყველაფერს არ ვასწავლით. პირიქით, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სიღრმისეული მსჯელობის და გავრცობილი არგუმენტირებისგან. ვასწავლით, რომ აზრების კარგად ჩამოყალიბება საჭირო არაა და ბუნდოვანი კომენტარიც საკმარისია. ვაძლევთ ერთჯერად ცოდნას, რომელიც არ ამზადებს მათ გლობალური აკადემიური კომუნიკაციისთვის.
რთულია, ამას პედაგოგიური კრახის გარდა რაიმე უწოდო.
ეროვნული გამოცდების წერითი დავალება უბრალოდ პრობლემატური არ არის, ის ცუდია. იგი ცუდია მოსწავლეებისთვის, ცუდია მასწავლებლებისთვის, ცუდია ქვეყნის საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
რა შეიძლება გაკეთდეს?
პირველ რიგში, შევეშვათ ბუნდოვან ინსტრუქციებს. ყველა წერით დავალებაში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რა ჟანრში ვითხოვთ მუშაობას და რას ველით მოსწავლისგან. ასევე, აუცილებელია ავწიოთ სიტყვების რაოდენობის ზღვარი, სულ მცირე, 220-250 სიტყვამდე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საერთოდაც, მივბაძოთ გლობალურ სტანდარტებს. საქართველო (საბედნიეროდ) არ არის იზოლირებული (ჯერჯერობით). ჩვენი მოსწავლეები და სტუდენტები იმსახურებენ, რომ მათი მომზადება შეესაბამებოდეს იმ მოლოდინებს, რომლებიც მათ მიმართ მსოფლიოს ექნება. მკაფიო მოლოდინების და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინების შემთხვევაში, მოსწავლეების მომზადებაც უფრო ეფექტური გახდება და შეფასებაც უფრო სამართლიანი და ადეკვატური იქნება.
იმის საჩვენებლად, რომ ეს შეუძლებელი არაა, მაგალითის სახით გთავაზობთ ზემოთ მოყვანილ დავალებას შრომითი მიგრაციის შესახებ, რომელიც ბევრი სხვადასხვა სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს:
- Opinion essay (მოსაზრება):
Many people, including the youth, go abroad in search of employment.
Do you think this is a positive or negative trend? Support your opinion with reasons and examples.
(ბევრი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდებიც, სამსახურის საძიებლად საზღვარგარეთ მიდის.
როგორ ფიქრობთ, ეს დადებითი ტენდენციაა თუ უარყოფითი? გაამყარეთ თქვენი მოსაზრება მსჯელობითა და მაგალითებით.) - Advantages-disadvantages essay (დადებითი და უარყოფითი მხარეები):
Many people, including the youth, go abroad in search of employment.
Do the benefits of working abroad outweigh the drawbacks for young people and their home countries?
(ბევრი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდებიც, სამსახურის საძიებლად საზღვარგარეთ მიდის.
როგორ ფიქრობთ, გადაწონის თუ არა საზღვარგარეთ მუშაობის სარგებლიანობა მის უარყოფით მხარეებს ახალგაზრდებისთვის და მათი ქვეყნებისთვის?) - Cause and effect (მიზეზი და შედეგი):
Many people, including the youth, go abroad in search of employment.
What are the causes of this trend and what effects does it have on individuals and society?
(ბევრი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდებიც, სამსახურის საძიებლად საზღვარგარეთ მიდის.
რა მიზეზები იწვევს ამ ტენდენციას და რა შედეგები მოაქვს მას ინდივიდისა და საზოგადოებისთვის?) - Problem–solution (პრობლემა–გამოსავალი):
Many people, including the youth, go abroad in search of employment.
What problems can this situation cause, and what solutions can be proposed?
(ბევრი ადამიანი, მათ შორის, ახალგაზრდებიც, სამსახურის საძიებლად საზღვარგარეთ მიდის.
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამ ვითარებამ და რა გამოსავალი შეიძლება იქნას შემოთავაზებული?)
დასასრულს, მინდა ვთხოვო მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც და აბიტურიენტებსაც (დაბალი ქულით იმედგაცრუებულებსაც და მაღალი ქულით აღტყინებულებსაც): თავს ნუ მოვისულელებთ იმის დაჯერებით, რომ „What do you think about this?“ ნამდვილი ესსეს დასაწერად გამოდგება. მოდი, ზედაპირულობის და სიზარმაცის წახალისების ნაცვლად, სიღრმისეული მსჯელობის და გამართული არგუმენტირების უნარები წავახალისოთ.
Leave a comment