
ხელოვნება წამს აჩერებს და მარადისობად აქცევს, თუმცა, რა არის ეს მარადისობა: უკვდავება თუ სასჯელი? ჯონ კიტსის „ოდა ბერძნულ ლარნაკს“ (Ode on Grecian Urn, 1819) ამ შეკითხვებს სვამს, თუმცა ჭეშმარიტება, რომელსაც ინგლისური რომანტიზმის ყველაზე იდუმალი და სრულიად უნიკალური წარმომადგენელი ლექსის ბოლოს გვთავაზობს, მეტია, ვიდრე უბრალოდ პასუხი.
შენ, შეურყვნელო პატარძალო უშფოთველობის,
შენ, შვილობილო ნელი დროის და მდუმარების,
ტყეთა მოამბევ, ყვავილოვან ამბავთა თხრობის
შემძლე ხარ, უფრო ტკბილად, ვიდრე ჩვენი რითმები.
რა ფოთლოვანი ლეგენდები შემოჰხვევია
ღვთაებათა თუ მოკვდავთა თუ ორთავ სხეულებს?
ტემპეს მთებია თუ არკადიის ვრცელი მინდვრები?
რა კაცებს ვხედავ, ან რა ღმერთებს? კრძალულ ქალწულებს?
ვინ მისდევს შმაგად მას, ვინც ბრძოლით გამოჰქცევია?
რა მღერა ისმის დოლების და სალამურების?
სმენილ ჰანგებზე უტკბესია გაუგონარი,
ჰოდა, განაგრძეთ დაკვრა, ნაზო სალამურებო;
არა ყურისთვის, არამედ ტკბილი და სანუკვარი
სულის მუსიკა დაუკარით, უხმო-უბგერო:
ახალგაზრდებო, ვერ შეწყვეტთ მღერას ამ ხეთა ჩრდილში
და ეს ხეებიც უკვე ფოთლებს ვეღარ გაიცლის;
მამაცო სატრფოვ, შენი კოცნა ვეღარ მისწვდება
მას, ვინც გიყვარს, თუმც ახლოს გყავს; მაგრამ ნუ სტირი:
თუმც ნეტარებას ვერ ეღირსო, მისი მშვენება,
არ გაქრება და შენი ტრფობაც არ გადაივლის!
ო, რტოებო, ბედნიერი ხართ! არ ძალგიძთ გაცლა
ფოთლების და გაზაფხულთან გამოთხოვება;
ბედნიერია მესალამურეც, არ იცის დაღლა,
მარად აჟღერებს თავის საკრავს ახალ ჰანგებად;
კვლავ და კვლავ, მეტი სიყვარული! ბედნიერება!
მუდამ თბილი და საამური სამარადისოდ,
მარად მსუნთქავი და ახალი, მარად ყმაწვილი;
მის სიმაღლემდე ვერასოდეს მიაღწევს ვნება,
რომლის გამოც მწუხარებით გული აღივსო,
ენა გაშრა, წაეკიდა შუბლსაც სახმილი.
ეს ვინ მოდის, რომ მსხვერპლშეწირვას ადევნოს თვალი?
სთქვი, ქურუმო, რომელი მწვანე საკურთხევლისკენ
მიგიძღვება ეგ ზვარაკი, ცას რომ შეჰბღავის,
ყვავილწნულები რომ უმშვენებს აბრეშუმის ყელს?
რა ქალაქი, მდინარის პირას თუ ზღვის ნაპირზე,
თუ მთის ძირას, ქვის გალავნით გარემოცული,
მიატოვა ამ ხალხმა, ამ მდუმარე მრევლმა?
დადუმებულხარ სამუდამოდ, ქალაქო მცირევ,
ხოლო აწ უკვე ვერ გვიამბობს ვერცერთი სული,
იმას, თუ შენი გზები რატომ დაცარიელდა.
ო, ატიკურო სილამაზევ! შენ დახვეწილი
მარმარილოს კაცთა და ქალთა ჩუქურთმა გშვენის,
ტყეთა რტოები და ბალახი ფეხით თელილი;
შენ, ბუნების ცივო ხატებავ, სიჩუმე შენი
აღგვიძრავს ფიქრებს უსაზღვროს, ვით მარადისობა!
ოდეს ჟამთასვლა ამ თაობასაც მოსპობს, წალეკავს,
შენ შემორჩები უკვე მოწმედ სხვათა ვაების,
„მშვენიერება არის სიმართლე“, სხვას მისცემ რჩევას,
„სიმართლე კი მშვენიერება. და გმართებს ცოდნა
ქვეყნად მხოლოდ ამ ერთადერთი ჭეშმარიტების!“
ანრი კიკნაველიძის თარგმანი, 2025
Leave a comment