ინგლისური ენის შესწავლისას არსებულ სირთულეებს შორის არტიკლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე რთული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია (ალბათ, ხშირად არასწორად ახსნილიც). უარტიკლო ენებზე — როგორიცაა ქართული, რუსული, ჩინური ან იაპონური — მოსაუბრეებს ხშირად უჭირთ იმის გაგება, თუ საერთოდ რატომ ითხოვს ინგლისური ენა ამ პატარა სიტყვებს; ამავდროულად, ინგლისურენოვანები არტიკლებს ინსტინქტურად იყენებენ, თუმცა მათი ლოგიკის ახსნა უჭირთ. მიუხედავად ამისა, ინგლისური არტიკლები ემორჩილება სიღრმისეულ კონცეპტუალურ სისტემას, რომელიც, პრინციპების გააზრების შემდეგ, საოცრად თანმიმდევრული ხდება.

ეს სტატია გთავაზობთ ინგლისური არტიკლების გამოყენების განმარტებას, რომელიც ეფუძნება სამ ურთიერთდაკავშირებულ კონცეფციას: თვლადობა (countability), განსაზღვრულობა (definiteness) და განზოგადება (generic reference). როგორც კი ამ ცნებებს გავიაზრებთ, არტიკლების წესების მოჩვენებითი სირთულე ცხად და ლოგიკურ სისტემად იქცევა.
1. თვლადობა (და რატომ არის ის მნიშვნელოვანი)
ინგლისურში არსებითი სახელები კლასიფიცირდება იმის მიხედვით, აღნიშნავენ ისინი ინდივიდუალურად დათვლად ერთეულებს თუ არა. ეს განსხვავება არ არის მხოლოდ გრამატიკული; ეს არის ანარეკლი იმისა, თუ როგორ აღიქვამს ინგლისური ენა სამყაროს.
თვლადი არსებითი სახელები (Countable nouns) აღნიშნავენ საგნებს, რომლებიც აღიქმება ცალკეულ (დისკრეტულ) ერთეულებად — a chair, a student, a reason. ამ არსებით სახელებს აქვთ როგორც მხოლობითი, ისე მრავლობითი ფორმები და, რაც მთავარია, მხოლობითი ფორმა არ შეიძლება გამოვიყენოთ რაიმე სახის განმსაზღვრელის (determiner) გარეშე. ეს ინგლისურის მკაცრი გრამატიკული მოთხოვნაა: არ შეიძლება უბრალოდ თქვა “I bought book”; ინგლისური ენა მოითხოვს მოსაუბრისგან, მიანიშნოს, გულისხმობს ის a book-ს, the book-ს, this book-ს თუ my book-ს.
ამის საპირისპიროდ, უთვლადი არსებითი სახელები (Uncountable nouns) აღნიშნავენ ნივთიერებებს, მასებს ან აბსტრაქტულ ცნებებს — water, furniture, happiness, information. მათ, როგორც წესი, არ აქვთ მრავლობითი ფორმები და ზოგადი საუბრისას არ საჭიროებენ არტიკლს. შეიძლება ითქვას “Water is essential” ან “Information spreads quickly” რაოდენობის ან ერთეულის დაზუსტების გარეშე.
ეს განსხვავება ფუნდამენტურია, რადგან არტიკლის არჩევა აბსოლუტურად და გამონაკლისის გარეშე დამოკიდებულია არსებითი სახელის თვლადობაზე. მხოლობითი თვლადი არსებითი სახელები ყოველთვის უნდა იყოს მოქცეული ან განსაზღვრულობის (the-ს გამოყენებით) ან განუსაზღვრელობის (a/an-ის გამოყენებით) ჩარჩოში, მაშინ როცა უთვლადი და მრავლობითი არსებითი სახელები განზოგადებული საუბრისას შეიძლება ყოველგვარი არტიკლის გარეშე გამოიყენებოდეს.
მაგალითად:
- A glass of water იყენებს a-ს, რადგან glass თვლადია, მიუხედავად იმისა, რომ water უთვლადია.
- The furniture სრულიად გამართულია, რადგან furniture უთვლადია და შესაბამისად, თავსებადია the-სთან.
- Furniture არტიკლის გარეშე ასევე მისაღებია, როცა მნიშვნელობა ზოგადია: “Furniture is expensive.”
როდესაც შემსწავლელებს უჭირთ არტიკლების გამოყენება, ეს ხშირად იმიტომ ხდება, რომ მათ თავდაპირველად არ მოახდინეს არსებითი სახელის კატეგორიზაცია თვლადად ან უთვლადად კონკრეტულ კონტექსტში. არტიკლებთან დაკავშირებული შეცდომები ხშირად სწორედ ამ საწყის დონეზე არასწორი კლასიფიკაციიდან მოდის.
2. განსაზღვრულობა: როგორ აღნიშნავს ინგლისური იდენტიფიცირებად ობიექტს
თუ თვლადობა განსაზღვრავს, რომელი ფორმებია შესაძლებელი, განსაზღვრულობა (definiteness) წყვეტს, კონკრეტულად რომელ ფორმას ვირჩევთ. განსაზღვრულობა ინგლისური არტიკლების სისტემის კონცეპტუალური საფუძველია.
არსებითი სახელი არის განსაზღვრული (definite), როდესაც მოსაუბრე ვარაუდობს, რომ მსმენელს შეუძლია საუბრის ობიექტის (რეფერენტის) იდენტიფიცირება. ეს იდენტიფიცირებადობა შეიძლება გამომდინარეობდეს კონტექსტიდან, საერთო ცოდნიდან, წინარე ხსენებიდან ან აღწერილი ობიექტის უნიკალურობიდან.
როდესაც ამბობთ “the book”, თქვენ აცხადებთ, რომ მსმენელმა იცის, რომელ წიგნს გულისხმობთ. თუ ამბობთ “a book”, მიანიშნებთ, რომ (ა) მათ არ სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რომელია ეს წიგნი, ან (ბ) მას პირველად ახსენებთ საუბარში.
განსაზღვრულობა რამდენიმე გზით წარმოიქმნება:
- წინარე ხსენება (Prior mention). ეს ყველაზე ინტუიციური შემთხვევაა: “I bought a bicycle. The bicycle is blue.” როგორც კი არსებითი სახელი ერთხელ ნახსენებია, ის იდენტიფიცირებადი ხდება.
- სიტუაციური უნიკალურობა (Situational uniqueness). მაშინაც კი, თუ ორ ადამიანს რაღაც მანამდე არ უხსენებია, საერთო კონტექსტი მას იდენტიფიცირებადს ხდის: “Could you close the door?” ფიზიკურ ოთახში, როგორც წესი, მხოლოდ ერთი შესაბამისი კარია.
- სამყაროსეული ცოდნა (World knowledge). ზოგიერთი არსებითი სახელი ბუნებრივად უნიკალურია შესაბამის ათვლის სისტემაში: the sun, the sky, the president, the internet. მათი განსაზღვრულობა არ არის დამოკიდებული წინა საუბარზე.
- ენობრივი სპეციფიკაცია (Linguistic specification). განსაზღვრებებს შეუძლიათ საგანი უნიკალურად იდენტიფიცირებადი გახადონ: “the student who emailed me,” “the water in this bottle,” “the reason you mentioned”. ეს ფრაზები გამოყოფენ კონკრეტულ მაგალითებს.
მთავარია არა ის, აქვს თუ არა მოსაუბრეს მხედველობაში კონკრეტული ობიექტი, არამედ ის, შეუძლია თუ არა მსმენელს ამ ობიექტის პოვნა/ამოცნობა. სწორედ ამიტომ უნდა გაიმიჯნოს განსაზღვრულობა სპეციფიკურობისგან (specificity) — განსხვავება, რომელიც შემსწავლელებისთვის რთულად შესამჩნევი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.
3. კონკრეტულობა (სპეციფიკურობა) და რატომ არ არის ის იგივე, რაც განსაზღვრულობა
სპეციფიკურობა ეხება მოსაუბრის განზრახვას: აქვს თუ არა მას მხედველობაში კონკრეტული მაგალითი. განსაზღვრულობა კი ეხება მსმენელის უნარს, მოახდინოს ამ მაგალითის იდენტიფიცირება.
ინგლისური არტიკლების გაგების გასაღები არის შემდეგი: ინგლისური აღნიშნავს განსაზღვრულობას და არა სპეციფიკურობას. ამას მივყავართ სიტუაციებამდე, რომლებიც შემსწავლელებისთვის შეიძლება არაინტუიციური იყოს.
თუ მოსაუბრე ამბობს: “I need a book I told you about,” არსებითი სახელი a book გრამატიკულად განუსაზღვრელია, რადგან მსმენელს ჯერ არ შეუძლია ობიექტის იდენტიფიცირება, მიუხედავად იმისა, რომ მოსაუბრეს კონკრეტული წიგნი აქვს მხედველობაში. პირიქით, “The manager will see you now” არის განსაზღვრული მაშინაც კი, თუ მსმენელს წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ეს მენეჯერი, რადგან კონტექსტი გულისხმობს უნიკალურ როლს/თანამდებობას.
ამდენად, ინგლისური ენა მოითხოვს, რომ შემსწავლელებმა იფიქრონ არა იმაზე, თუ რა იციან თავად, არამედ იმაზე, თუ რა იცის სავარაუდოდ მსმენელმა. პერსპექტივის ეს ცვლილება — ურთიერთსაზიარო ცოდნისკენ — ხშირად ყველაზე რთული კონცეპტუალური ნახტომია შემსწავლელებისათვის უარტიკლო ენებიდან.
4. განზოგადება
კიდევ ერთი სფერო, სადაც არტიკლები მნიშვნელოვან სემანტიკურ როლს ასრულებენ, არის ზოგადი ჭეშმარიტებების ან ჩვეული ქმედებების გამოხატვა. ინგლისურს აქვს რამდენიმე სტრატეგია განზოგადებული (generic) მნიშვნელობის გამოსახატად და არჩევანი დამოკიდებულია, მეტწილად, თვლადობაზე.
მხოლობით თვლად არსებით სახელთან დაკავშირებული განზოგადება a არტიკლითაც შეიძლება გამოიხატოს: “A tiger is a dangerous animal” ნიშნავს „ნებისმიერ ვეფხვს“, ნებისმიერ მაგალითს მთელი სიმრავლიდან და არა რომელიმე კონკრეტულს. მრავლობითი თვლადი არსებითი სახელები, როდესაც არტიკლის გარეშე გამოიყენება, ასევე გამოხატავენ ზოგად მნიშვნელობას: “Tigers are dangerous animals.” უთვლადი არსებითი სახელები ასევე არ იღებენ არტიკლს ზოგად წინადადებებში: “Courage is admirable.”
სამივე კონსტრუქცია გრამატიკულად სწორია, მაგრამ ისინი ოდნავ განსხვავდებიან ტონალობით. მხოლობითი განზოგადება ხშირად ფორმალურად ან აკადემიურად ჟღერს; მრავლობითი განზოგადება უფრო ბუნებრივია ყოველდღიურ საუბარში. ეს მოქნილობა ინგლისურს საშუალებას აძლევს, განზოგადებები მნიშვნელოვანი სტილისტური ნიუანსებით გამოხატოს.
5. A და An-ის გაგება: განუსაზღვრელობის ლოგიკა
განუსაზღვრელი არტიკლები a და an მიანიშნებენ საუბარში თვლადი არსებითი სახელის არაიდენტიფიცირებადი ნიმუშის/მაგალითის შემოყვანაზე. მათი ფუნდამენტური ფუნქციაა რაიმეს წარდგენა, როგორც „ახლისა“ მიმდინარე დისკურსში: “I met a teacher,” “She bought an umbrella.” არჩევანი a-სა და an-ს შორის წმინდა ფონეტიკურია და არ ახდენს გავლენას მნიშვნელობაზე.
გადამწყვეტი მომენტია ის, რომ განსხვავებით რომანული ენებისგან, ინგლისური განუსაზღვრელი არტიკლი a/an მხოლოდ მხოლობითი თვლადი არსებითი სახელებისთვის გამოიყენება. სწორედ ამიტომ ვერ იღებენ უთვლადი და მრავლობითი არსებითი სახელები a/an-ს: ინგლისური მათ აღიქვამს, როგორც მასას ან სიმრავლეს და არა როგორც დისკრეტულ, განცალკევებად მხოლობით ერთეულებს.
მიუხედავად ამისა, უთვლადი არსებითი სახელები შეიძლება იქცეს თვლადად ერთეულის გამომხატველი ფრაზების მეშვეობით: a piece of furniture, a loaf of bread, a glass of water. ეს ფრაზები (რომლებიც მრავალგვარია) ქმნიან თვლად ერთეულს და თავად ირგებენ არსებითი სახელის როლს, რაც a/an-ს გრამატიკული ფუნქციონირების საშუალებას აძლევს.
განუსაზღვრელი არსებითი სახელის ფრაზები შეიძლება იყოს სპეციფიკური ან არასპეციფიკური, როგორც ზემოთ განვიხილეთ, მაგრამ ინგლისური ამ განსხვავებას ფორმალურად არ აღნიშნავს. შემსწავლელმა უნდა გაიაზროს განსაზღვრულობა, როგორც ამ პროცესის მმართველი პრინციპი: a/an მიანიშნებს არაიდენტიფიცირებადობაზე, მიუხედავად კონკრეტულობისა.
6. The-ს გაგება: იდენტიფიცირებადი ობიექტის მონიშვნა
განსაზღვრული არტიკლი the აღნიშნავს ობიექტს (რეფერენტს, ანუ საგანს, რომელსაც სიტყვა მიემართება), როგორც იდენტიფიცირებადს მოსაუბრისა და მსმენელის საერთო ცოდნის ან კონტექსტის ფარგლებში. ის თავსებადია როგორც თვლად, ისე უთვლად არსებით სახელებთან, თუკი ობიექტი იდენტიფიცირებადია.
შეიძლება ითქვას the idea, the ideas, the water ან the happiness — მიუხედავად იმისა, რომ ideas და happiness განსხვავდება თვლადობით — რადგან განსაზღვრულობა დამოკიდებულია არა არსებითი სახელის ფორმაზე, არამედ საკომუნიკაციო სიტუაციაზე.
სტუდენტები ხშირად ზედმეტად იყენებენ the-ს, რადგან თვლიან, რომ სპეციფიკურობა მოითხოვს განსაზღვრულობას. თუმცა ინგლისური უშვებს ბევრ არასპეციფიკურ, მაგრამ განსაზღვრული არტიკლის მქონე კონსტრუქციას: “The winner will be announced soon,” “The culprit is still unknown.” ორივე შემთხვევაში, ობიექტი უნიკალურად განსაზღვრულია კონკრეტულ ჩარჩოში, თუნდაც ჯერ არ იყოს იდენტიფიცირებული.
თანაბრად გავრცელებულია საპირისპირო შეცდომა: the-ს გამოყენება ზოგად დებულებებში. წინადადებები, როგორიცაა “The people are stressed nowadays”, იშვიათად არის სწორი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საუბარია კონკრეტულ, შემოსაზღვრულ ჯგუფზე, ე.ი. ხალხზე, რომელიც საუბარში მონაწილე ყველა მხარისთვის (ჩვეულებრივ, მოსაუბრე და მსმენელი, ან მწერალი და მკითხველი და ა.შ.), კონკრეტულ კომუნიკაციურ სიტუაში იდენტიფიცირებადია, ან, ყოველ შემთხვევაში, ასე თვლის მოსაუბრე. ზოგადი დებულება მოითხოვს ნულოვან არტიკლს: “People are stressed nowadays.”
ამდენად, the-ს დაუფლება მოითხოვს მგრძნობელობას არა მხოლოდ გრამატიკის, არამედ დისკურსის სტრუქტურის, კომუნიკაციური კონტექსტისა და მოსაუბრე-მსმენელის საზიარო ცოდნის მიმართ.
7. ნულოვანი არტიკლი
არტიკლის არარსებობა — ეგრეთ წოდებული ნულოვანი არტიკლი — არ არის გრამატიკული სიცარიელე, არამედ გარკვეული მნიშვნელობის მქონე არჩევანია, არტიკლის გრამატიკული ფუნქციონირების კერძო შემთხვევა, ისევე, როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითები. ის მიანიშნებს ან განზოგადებაზე, ან ინსტიტუციურ მნიშვნელობაზე, ან საკუთარ სახელზე.
მრავლობითი თვლადი არსებითი სახელები და უთვლადი არსებითი სახელები იყენებენ ნულოვან არტიკლს ზოგადი ან განუსაზღვრელი მნიშვნელობის გამოსახატად: “Cars pollute,” “Water evaporates,” “Students need sleep.” ეს არსებითი სახელები არ ითხოვენ მოსაუბრისგან არჩევანის გაკეთებას განსაზღვრულობასა და განუსაზღვრელობას შორის; მათი მრავლობითი ან მასობრივი ბუნება მათთან დაკავშირებული განზოგადების გაკეთების საშუალებას უამისოდაც იძლევა.
ნულოვანი არტიკლი ასევე ჩნდება გარკვეულ ფიქსირებულ გამოთქმებში, განსაკუთრებით ინსტიტუტებთან და ბუნებრივ გარემოებთან დაკავშირებით: at school, in prison, go to bed, be at work. ამ კონტექსტში არსებითი სახელი აღნიშნავს არა ფიზიკურ შენობას, არამედ სოციალურად განსაზღვრულ როლს, დანიშნულებას ან აქტივობას. კონტრასტი ფრაზებს შორის: “She is in hospital” (როგორც პაციენტი) და “She is in the hospital” (პირდაპირი მნიშვნელობით შენობაში) ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ააქტიურებს ნულოვანი არტიკლი უფრო ღრმა, აბსტრაქტულ მნიშვნელობას.
საკუთარი სახელები, როგორც წესი, ასევე იყენებენ ნულოვან არტიკლს — London, Mount Everest, Tbilisi. ისინი ბუნებრივად განსაზღვრულია არტიკლის საჭიროების გარეშე. თუმცა, გეოპოლიტიკური ერთეულები მრავლობითი ფორმებით ან აღწერილობითი განსაზღვრებებით იღებენ the-ს: the United States, the Netherlands, the Black Sea. აქ არტიკლი არ მიანიშნებს განუსაზღვრელობაზე, არამედ ფორმალურ განსაზღვრულობაზე, რომელიც აღწერილობითი სტრუქტურიდან გამომდინარეობს („ამერიკის შეერთებული შტატები“).
დასკვნა
არტიკლებთან დაკავშირებული შეცდომების უმეტესობა წარმოიქმნება არა „წესების დავიწყების“, არამედ ძირითადი ცნებების არასწორი ინტერპრეტაციის გამო. შემსწავლელებს უჭირთ არტიკლის სწორად შერჩევა, რადგან მათ წინასწარ არ მოახდინეს არსებითი სახელის თვლადობის კლასიფიკაცია, ან როდესაც არ შეაფასეს იდენტიფიცირებადობა მსმენელის პერსპექტივიდან.
ამრიგად, არტიკლების ეფექტური სწავლება მოითხოვს შემსწავლელების მიმართვას კონცეპტუალური დაუფლებისკენ და არა ზედაპირული წესებისკენ. მათი წახალისება, წარმოიდგინონ მსმენელის პერსპექტივა — „შეუძლია თუ არა მსმენელს იმის იდენტიფიცირება, რაზეც ვსაუბრობ?“ — ხშირად უფრო მეტს აკეთებს სიზუსტის გასაუმჯობესებლად, ვიდრე წესების სიების დაზეპირება.
ინგლისური არტიკლების სისტემა ასახავს დახვეწილ ურთიერთქმედებას გრამატიკას, მნიშვნელობასა და კონტექსტს შორის. არტიკლები მიანიშნებენ იმაზე, თუ როგორ ახარისხებენ მოსაუბრეები არსებით სახელებს, როგორ აღიქვამენ კონტექსტს, რამდენად ამოიცნობენ საზიარო რეფერენციულ სისტემას მსმენელებთან და როგორ განასხვავებენ კონკრეტულსა და ზოგადს. როდესაც სისტემას განვიხილავთ თვლადობის, განსაზღვრულობისა და განზოგადების ჩარჩოში, ის წარმოჩნდება არა როგორც თვითნებური წესების კრებული, არამედ როგორც თანმიმდევრული ლინგვისტური სტრუქტურა.
შემსწავლელები, რომლებიც ამ ცნებებს გაითავისებენ, იწყებენ არტიკლების გამოყენებას არა როგორც დაზეპირებული იარლიყების, არამედ როგორც კომუნიკაციის სტრუქტურირების ინსტრუმენტებისა. მასწავლებლებისთვისაც სასარგებლოა არტიკლების ამგვარი კონცეპტუალური გზით წარდგენა (მოსწავლის დონის გათვალისწინებით), რაც მჭიდროდ ემთხვევა იმას, თუ როგორ აკეთებენ არაცნობიერ არჩევანს ინგლისურის, როგორც მშობლიური ენის მატარებლები. მოკლედ რომ ვთქვათ, არტიკლების დაუფლება ნაკლებად ეხება წესებს და უფრო მეტად — იმის გაგებას, თუ როგორ ორგანიზებას უკეთებს ინგლისური ენობრივ და კომუნიკაციურ გამოცდილებას; ეს არის ლინგვისტური უნარი, რომელიც აღრმავებს გამოხატვის სიცხადესაც და სიზუსტესაც.
Leave a comment