ინგლისური ენის ცოდნის დონის შესამოწმებელი სტანდარტიზებული ტესტები (English proficiency exams) თანამედროვე საქმიან სამყაროში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს. თუ თქვენ უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ გაგრძელებას, კარიერულ ცვლილებებს, საზღვარგარეთ მუშაობას ან უბრალოდ ემიგრაციას გეგმავთ, რომელიმე ასეთი ტესტი აუცილებლად დაგჭირდებათ. ტესტები ბევრია და ისინი საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან მიზნობრიობით, შინაარსით, სტრუქტურით, შეფასების სისტემებით და სხვა; შესაბამისად, თქვენს მიზნებსა და შესაძლებლობებზე მორგებული ტესტის შერჩევა არცთუ მარტივია. ეს სტატია შეეცდება, მიმოიხილოს ძირითადი, ყველაზე პოპულარული სტანდარტიზებული ტესტები და სწორი გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმაროთ. (მომდევნო სტატიებში კონკრეტულ ტესტებს დაწვრილებითაც მიმოვიხილავ.)
გამოცდების კატეგორიები და მიზნები
ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, პირველ რიგში, ტესტების მიზნობრიობაში გარკვევაა საჭირო. განსხვავებული ტესტების დიდი რაოდენობის არსებობას სწორედ მათი განსხვავებული ფუნქციები განაპირობებს.
ზოგადი vs. აკადემიური ტესტები
ზოგადი ტესტები ორიენტირებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი კომუნიკაციური უნარების შემოწმებაზე და როგორც წესი, მათ იმიგრაციის პროცესში და სამსახურეობრივ დოკუმენტაციასთან ერთად ითხოვენ (მაგ., IELTS General, TOEIC). მეორეს მხრივ, აკადემიური გამოცდები ამოწმებს, თუ რამდენად მზადაა კანდიდატი ინგლისურენოვან აკადემიურ (სასწავლო და კვლევით) გარემოში შეუფერხებელი მუშაობისთვის (მაგ., IELTS Academic, TOEFL). მაგალითად, თუ კანადაში ემიგრაციას აპირებთ, IELTS General დაგჭირდებათ, ხოლო ამერიკულ ან ბრიტანულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად არჩევანის გაკეთება TOEFL ან IELTS Academic გამოცდაზე მოგიწევთ.
შრომითი მიგრაციისა და დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი და პოპულარული გამოცდებია IELTS, TOEFL, PTE და Duolingo. ზოგიერთ ქვეყანას კონკრეტული მოთხოვნებიც აქვს, ამის მაგალითია IELTS გამოცდა ავსტრალიისთვის.
გამოცდები უნივერსიტეტში მისაღებად
პლანეტაზე არსებული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებს TOEFL ან IELTS Academic სერტიფიკატებს. მათი დიდი ნაწილი, ამჟამად, აბიტურიენტებს სხვა გამოცდების (PTE, Duolingo) შედეგებითაც იღებს, თუმცა, ზემოხსენებული ორი გამოცდა ყველაზე უსაფრთხო არჩევანია.
SAT და ACT სპეციფიკური გამოცდებია, რომლებიც აშშ-ის უნივერსიტეტებში ბაკალავრის საფეხურზე მისაღებად გამოიყენება. მათი მიზანი არა უშუალოდ ინგლისური ენის ცოდნის შემოწმებაა, არამედ სასკოლო საფეხურზე შეძენილი უნარებისა, თუმცა, ამ პროცესში არაპირდაპირ მოწმდება ენობრივი კომპეტენციაც. რამდენიმე წლის წინ აღნიშნული გამოცდები საყოველთაოდ სავალდებულო იყო, თუმცა, ამჟამად ვითარება შეცვლილია და აუცილებელ პირობად მათ ამერიკული უნივერსიტეტების მხოლოდ ნაწილი განიხილავს. მიუხედავად ამისა, ამ საკმაოდ რთული გამოცდების ჩაბარება უცხოელი კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი ბონუსია.
GRE და GMAT გამოცდები გამოიყენება პოსტსაბაკალავრო (სამაგისტრო და სადოქტორო) საფეხურებზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატების შესაფასებლად.
პროფესიონალური გამოცდები
TOEIC გამოცდა ორიენტირებულია საქმიან კომუნიკაციაზე. კემბრიჯის ბიზნეს ინგლისურის სერტიფიკატებიც (BEC) იგივე მიზანს ემსახურება. OET გამოცდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი.
ერთდონიანი vs. მრავალდონიანი ტესტები
სხვადასხვა ტესტები ენობრივი უნარების შეფასებისთვის განსხვავებულ სისტემებს იყენებს. ერთდონიანი ტესტები (Single-Level Exams) საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) კონკრეტული დონისთვის მზადყოფნას აფასებს (მაგ., FCE გამოცდის დონეა B2, CAE გამოცდისა C1). მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალი ქულის დაფიქსირების შემთხვევაში ერთი დონით მაღალი სერტიფიკატის მიღება შესაძლებელია. ასეთი სერტიფიკატები უვადოა და შესაბამისად, გრძელვადიანი ან დროში არცთუ მკაფიოდ გაწერილი გეგმებისთვის მათზე არჩევანის გაკეთება გონივრულია. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ 2-3 წელზე უფრო ძველ სერტიფიკატებს დამსაქმებლების და უნივერსიტეტების უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს; ზოგიერთ მათგანს სერტიფიკატების ვადიანობა მოთხოვნებშიც აქვს მითითებული.
მრავალდონიანი ტესტები (Multilevel Exams) იძლევა შედეგს, რომლის რიცხობრივი მნიშვნელობაც CEFR ჩარჩოს ერთზე მეტ დონეს შეესაბამება (მაგ., IELTS გამოცდის Band 7 დაახლოებით B2-C1 დონის ცოდნას ნიშნავს) და რაც მთავარია, ერთი და იგივე ტესტით სხვადასხვა დონის კანდიდატები ფასდებიან. ყოველივე ეს ტესტებს (მაგ., IELTS, TOEFL) დიდ მოქნილობას ანიჭებს და მათი განსაკუთრებული პოპულარობაც ამითაა განპირობებული. საგულისხმოა, რომ მრავალდონიანი ტესტები, როგორც წესი, ვადიანია (2 ან 3 წელი).
ერთდონიან და მრავალდონიან ტესტებს შორის არჩევანის გაკეთებისას ყველაზე მნიშვნელოვანია რისკი, რომელიც ერთდონიანი ტესტის არჩევას ახლავს თან. ამ ტიპის ტესტებს გააჩნია ქვედა ზღვარი, რომლის ვერგადალახვის შემთხვევაშიც სერტიფიკატი საერთოდ არ გაიცემა და გამოცდაზე გასასვლელად გადახდილი თანხაც გეკარგებათ.
მოკლედ მიმოვიხილოთ ყველაზე პოპულარული გამოცდები:
- IELTS (International English Language Testing System – ინგლისური ენის ტესტირების საერთაშორისო სისტემა):
– გააჩნია აკადემიური და ზოგადი ვარიანტები.
– ფასდება 9 დიაპაზონისგან (Band) შემდგარი შკალით (1-9). - TOEFL (Test of English as a Foreign Language – ინგლისურის, როგორც უცხო ენის ტესტი):
– როგორც წესი, ტესტირება ტარდება ელექტრონულად (კომპიუტერთან); ფოკუსირებულია აკადემიურ ინგლისურზე.
– ფასდება 0-120 ქულამდე შკალით. - კემბრიჯის გამოცდები (FCE, CAE, CPE):
– ერთდონიანი ტესტებია, აფასებს ენობრივი კომპეტენციის კონკრეტულ საფეხურს.
– ფართოდ აღიარებული ტესტები უვადო ვალიდურობით. - SAT/ACT:
– გამოიყენება ამერიკული უნივერსიტეტების მიერ საბაკალავრო საფეხურზე მისაღები კანდიდატების შესაფასებლად. მეტწილად, ორიენტირებულია კითხვისა და წერის უნარებზე. - PTE და Duolingo:
– შედარებით ახალი გამოცდებია, რომლებიც თანდათან იკიდებს ფეხს როგორც აკადემიური, ისე ზოგადი მიზნებისთვის.
სხვადასხვა გამოცდების შედარებისას კანდიდატმა შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს:
- გამოცდის ფორმატი: შესაფასებელი უნარები, ხანგრძლივობა, ტესტირება ფურცელზე vs. კომპიუტერთან.
- შეფასების სისტემა: როგორ მიესადაგება გამოცდის შედეგები CEFR ჩარჩოთი განსაზღვრულ დონეებს (მაგ., IELTS Band 7 = C1).
- აღიარება: შეამოწმეთ, რომელი უნივერსიტეტები, დამსაქმებლები და საიმიგრაციო ორგანოები აღიარებენ კონკრეტულ სერტიფიკატს და ტესტირების რა შედეგს ითხოვენ კანდიდატებისგან.
- საფასური და ხელმისაწვდომობა: სხვადასხვა გამოცდების საფასური განსხვავებულია და აუცილებელია, შემოწმდეს, თუ სად მდებარეობს საგამოცდო ცენტრები (მაგალითად, კემბრიჯის გამოცდების ჩაბარება საქართველოში მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი).
რაც მთავარია, როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის ყველაზე შესაფერისი გამოცდა?
- მკაფიოდ განსაზღვრეთ თქვენი მიზნები: აკადემიური (უნივერისტეტში ჩაბარება, სწავლის გაგრძელება, გაცვლითი პროგრამა, კვლევითი მივლინება და ა.შ.), პროფესიული (კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ) თუ ემიგრაცია.
- სწორად შეაფასეთ თქვენი ძლიერი მხარეები და აირჩიეთ გამოცდა, რომელიც თქვენს უნარებს შეესაბამება და მეტად კომფორტულია თქვენთვის. მაგალითად, IELTS გამოცდის საუბრის ნაწილში ადამიანს ესაუბრებით, ხოლო TOEFL-ში კომპიუტერთან აკეთებთ ჩანაწერს.
- რეგიონალური განსხვავებები: TOEFL მეტად პოპულარულია აშშ-ში, ხოლო ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში IELTS უფრო გამოგადგებათ (თუმცა, ეს ფაქტორი შედარებითია და გადაჭრით თქმა, რომ IELTS გამოცდით ამერიკულ უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებთ, არ შეიძლება).
- კარგად გაერკვიეთ სპეციფიკურ მოთხოვნებში, თუ რა დონის, ვადიანობის ან სახეობის ტესტს ანიჭებს უპირატესობას თქვენი პოტენციური დამსაქმებელი ან თქვენთვის სასურველი უნივერსიტეტი.
და ბოლოს, როგორ მოვემზადოთ?
პირველ რიგში, გამოიყენეთ ოფიციალური სასწავლო მასალები და სავარჯიშო ტესტები. ყურადღება მიაქციეთ დროის მენეჯმენტს და კარგად შეეჩვიეთ შეკითხვების ფორმატს. რაც მთავარია, იპოვეთ გამოცდილი მასწავლებელი ან კარგი სასწავლო ცენტრი.
გამოცდის სწორად შერჩევა და მოსამზადებელი პროცესის სწორი დაგეგმვა და მართვა, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი აღმოჩნდეს თქვენი მიზნების მისაღწევად. იმედია, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეს სტატიაც დაგეხმარებათ, ხოლო მომდევნო კვირებში კონკრეტულ გამოცდებთან დაკავშირებით კიდევ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

Leave a reply to AI ინგლისური ენის სწავლებაში: როგორ და რაში გამოვიყენოთ? – Anry's English Blog Cancel reply